დავით უსუფაშვილი - მეეჭვება ამ პარლამენტმა მეტი გააკეთოს, ვიდრე ჩვენ მოვახერხეთ | Allnews.Ge

დავით უსუფაშვილი - მეეჭვება ამ პარლამენტმა მეტი გააკეთოს, ვიდრე ჩვენ მოვახერხეთ

წინა მოწვევის პარლამენტში ანგარიშების მოსმენა იმიტომ არ გამოდიოდა, რომ ყველამ წინასწარ იცოდა რა მოხდებოდა, ოპოზიციას ეს მომენტი ჩათვლილი ჰქონდა როგორც სკანდალების მოწყობის შესაძლებლობა, ხოლო უმრავლესობა თვლიდა, რომ ასეთ დროს ყველა ღონე უნდა ეხმარა, რომ მთავრობა ოპოზიციის შეტევებისგან დაეცვა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომელიც გამოეხმაურა ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" მხარდაჭერით ჩატარებულ კვლევას, რომელიც 20 წლის განმავლობაში პარლამენტის საქმიანობას ეხება.

კვლევაში გაკრიტიკებულია უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო, მთავრობაზე ზედამხედველობის ფუნქციის შესრულებასთან დაკავშირებით.

უსუფაშვილის თქმით, ის ისურვებდა, რომ ახალმა პარლამენტმა უფრო მეტი გააკეთოს, ვიდრე წინა პარლამენტი აკეთებდა, თუმცა პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ეჭვობს, რომ ეს საპარლამენტო უმრავლესობას არ გამოუვა, საკონსტიტუციო უმრავლესობის ქონის გამო.

"საჭიროა ძალისხმევის გაერთიანება იმისთვის, რომ უშიშროების სამსახურები სახელმწიფო უსაფრთხოებაზე მობილიზებული სამსახურები მთავრობის უსაფრთხოებას არ ემსახურებოდნენ. ეს არის ძირითადი პრობლემა. მე მივესალმები რეკომენდაციებს რეგლამენტში ცვლილებების თაობაზე, კანონებში ცვლილებების შესახებ. ჩვენც კარგი რეფორმა განვახორციელეთ, როდესაც პოლიციის და უშიშროების სამსახურები გავყავით ერთმანეთისგან და ის მონსტრი, რომელიც მანამდე არსებობდა, დავშალეთ, მაგრამ ამ ერთი მონსტრის დაშლით თუ ორ მონსტრუკას მივიღებთ, ამით ბევრი არაფერი შეიცვლება.

ჩვენ ჩავდეთ მექანიზმი უშიშროების სამსახურის პარლამენტთან ანგარიშვალდებულების, დავადგინეთ უშიშროების სამსახურის ანგარიშვალდებულება პარლამენტის მიმართ, მაგრამ ამის განხორციელება ვერ მოხერხდა. თუ პარლამენტი ვერ შეძლებს იყოს პარლამენტი, სადაც ოპოზიციაც და უმრავლესობაც ერთად არიან მონდომებული განახორციელონ საპარლამენტო კონტროლი მთავრობაზე, მაშინ არაფერი გამოგვივა. ანგარიშების მოსმენა იმიტომ არ გამოდიოდა, რომ ყველამ წინასწარ იცოდა რა მოხდებოდა. ოპოზიციას ეს მომენტი ჩათვლილი ჰქონდა, როგორც სკანდალების მოწყობის შესაძლებლობა, ხოლო უმრავლესობა ასეთ დროს თვლიდა, რომ ყველა ღონე უნდა ეხმარა, რომ უშიშროება და მთავრობა დაეცვა ოპოზიციის შეტევებისგან. ასეთ დროს მთელი სისტემა იშლება.

მე ვუსურვებ ამ პარლამენტს, მეტი გააკეთოს, ვიდრე ჩვენ მოვახერხეთ.

თუმცა მეეჭვება, ვინაიდან მათ საკონსტიტუციო უმრავლესობა აქვთ. ვისურვებდი, რომ ყველამ ერთად მეტი სიცხადე შევიტანოთ ამ სფეროში", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

myquiz