რამდენად რეალურია საქართველოს მიერ მიგრანტების მიღება | Allnews.Ge

რამდენად რეალურია საქართველოს მიერ მიგრანტების მიღება

ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის, სებასტიან კურცის მოსაზრებით, ევროკავშირის ლტოლვილთა მიღების ცენტრები ევროკავშირის ფარგლებს მიღმაც უნდა გაიხსნას. ეს ქვეყნები შეიძლება იყოს საქართველო, ეგვიპტე და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები. მისივე განმარტებით, ის პირები, რომლებიც ევროკავშირის საზღვარს არალეგალურად გადაკვეთენ, ამ ცენტრებში იქნებიან მოთავსებული,- განაცხადა კურცმა bild-თან ინტერვიუში.

ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უპასუხა.

"ევროკავშირის ტერიტორიაზე მყოფი მიგრანტების გადანაწილების საკითხი ქართულ მხარესთან არასდროს, არც ერთ დონეზე ოფიციალურად არ დამდგარა. მათ შორის ამ საკითხს არ შეხებია თავად ბატონი კურცი არც საქართველოში სტუმრობისას და არც რაიმე სხვა ფორმატში.ეს საკითხი საქართველოში დღის წესრიგში არ დგას, რადგან შეუძლებელია დღევანდელი ჩვენი გამოწვევების გამო ამ პროექტის განხორციელება,"-ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დევნილების მიღებასთან დაკავშირებულ განცხადებას რუსული მხარეც გამოეხმაურა.

"რია ნოვოსტისთან" საუბრისას,  რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში, ფრანც კლინცევიჩმა განაცხადა, რომ ეს ჯერჯერობით საქართველოს რეაციის შემოწმებაა, მაგრამ ამას შესაძლოა, უფრო კონრეტული წინადადებებიც მოჰყვეს.

"ცხადია, ევროკავშირის ქვეყნები ეცდებიან, შეძლებისდაგვარად, სწრაფვას იქითკენ, რომ ჩამოიხსნან სამიგრაციო კრიზისის ტვირთი და ის სხვას გადააბარონ. საქართველოსთან დიდი ხნის ისტორიული ურთიერთობებიდან გამომდინარე, ამ ქვეყანაში არსებული ვითარება, შეუძლებელია, არ გვაღელვებდეს. ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის, სებასტიან კურცის წინადადება პირდაპირ ეხება რუსეთის ეროვნულ უსაფრთხოებას, რომელსაც საქართველოსთან საერთო საზღვარი გააჩნია, უპირველესად მუქარების ასპექტში, რაც საერთაშორისო ტერორიზმს უკავშირდება", - განაცხადა კლინცევიჩმა.

საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი კახიანის თქმით, ავტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება მოულოდნელი იყო.

"ამ საკითხზე მსჯელობა არ ყოფილა და ეს ჩვენ დღის წესრიგში არ დგას.

ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი სებასტიან კურცი ალბათ თავად განმარტავს საკითხს”, - განაცხადა გიორგი კახიანმა.

ავტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას ქართველი პოლიტოლოგებიც ეხმაურებიან. გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ ლტოლვილთა ცენტრის გახსნამ შესაძლოა, ხელი შეუწყოს რუსეთის მხრიდან საქართველოსადმი არგუმენტირებულ აგრესიას.

"საუბრის დროს ბევრი რამ ითქმევა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ასეთი გარიგება შეიძლება შემდგარიყო, რადგან მსგავსი საკითხები, რაც პირდაპირ ბმაშია უსაფრთხოებასთან და საქართველო ამ შემთხვევაში ძალიან პრობლემური ადგილია ბევრი მიზეზის გამო ამ ტიპის, თუნდაც ჰუმანიტარული ოპერაციებისთვის, არ მგონია, რომ საქართველოს ხელისუფლებას ასეთ შეთანხმებაზე ხელი მოეწერა. შეიძლება ეს სურვილი გამოთქმული იყო რაღაც პერსპექტივაში, მაგრამ კონკრეტულ შეთანხმებას გამოვრიცხავ,"-განმარტა მან.

პოლიტოლოგ თორნიკე შარაშენიძის თქმით, საქართველოს ევროკავშირის ლტოლვილთა მიღების საშუალება არ აქვს და მსგავს თემაზე მსჯელობა არათუ საქართველოს მთავრობაში, არამედ ევროკავშირშიც არ მიმდინარეობს.

"მე მგონია, რომ ეს იყო ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოსაზრება, რასაც საქართველოში შეგნებული პროვოკაციის მიზნით მოჰყვა პანიკა, ზოგი გულწრფელად შეწუხდა.

მე ვფიქრობ, რომ მსგავსი რამ არათუ საქართველოს მთავრობაში, არამედ ეს საკითხი ევროკავშირშიც არ განიხილება.

ეს შესაძლებლობა რატომ უნდა განვიხილოთ? ჩვენი გაჭირვება გვყოფნის და სად გვაქვს მაგის თავი. გერმანიას გაუჭირდა და ჩვენ მაგის საშუალება სად გვაქვს? ვფიქრობ, პანიკის საფუძველი არ არსებობს,"-აღნიშნავს ის.

საერთაშორისო ურთიერთობათა სპეციალისტი, გიორგი გობრონიძე მიიჩნევს, რომ ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ ლტოლვილებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება რუსული საინფორმაციო საშუალებების მიერ პანიკის დათესვის მიზნით გავრცელდა და მისი ტირაჟირება მიზანმიმართულად ხდება. თუმცა მისი თქმით, პანიკის საფუძველი არ არსებობს, რადგან საქართველო-ევროკავშირს შორის ამ საკითხზე მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს.

"ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ რუსულ საინფორმაციო არხებზე დასტურდება და ამავდროულად საკუთარი პოზიცია რუსულმა მხარემაც გააჟღერა. აქ ცოტა რთულია იმის დადგენა, ეს საკითხი დღის წესრიგში რამდენად დადგა. არ მგონია, რომ მსგავსი საკითხი ჩვენი ქვეყნის საქმის კურსში ჩაყენების გარეშე დამდგარიყო. მეორე ისაა, რომ ასეთი საკითხი რომც დამდგარიყო, თავისთავად ცხადია, საქართველოს ძალიან გაუჭირდება, დევნილთა ნაკადი მიიღოს, რადგან ეს ნაკადი საკმაოდ დიდია და შესაბამისად, ჩვენ მათი მიღებისთვის არანაირი რესურსი, არც ფინანსური, არც სტრუქტურული და არც მატერიალური, არც ევროკავშირის დახმარების პირობებში, არ გაგვაჩნია.

ამ ადამიანებისთვის ნორმალურ საცხოვრებელ გარემოს ვერ შევქმნით, მითუმეტეს ჩვენი იძულებით გადაადგილებული პირები გვყავს, რომელთა რაოდენობაც 350 000-ზე მეტია. ამდენად სხვის დევნილებზე ზრუნვა, ჩვენი მხრიდან ალოგიკური იქნებოდა,"-განაცხადა გიორგი გობრონიძემ Allnews.ge-სთან საუბარში.

აღსანიშნავია, რომ ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი, სებასტიან კურცი საქართველოს 3 თებერვალ სტუმრობდა. საქართველოს საგარეო უწყების განცხადებით, ამ ვიზიტის დროს, დევნილთა მიღებასთან დაკავშირებული საკითხები არ განხილულა.

მარიამ მენაბდიშვილი

myquiz