ისრაელმა საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა | Allnews.Ge

ისრაელმა საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა

ისრაელის სახელმწიფომ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა, რაც იმას ნიშნავს, რომ ისრაელის სახელმწიფოს შეფასებით, საქართველოში არავის ემუქრება რასის, რელიგიის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური შეხედულებების გამო დევნის საფუძვლიანი საფრთხე. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან გვაცნობეს. შესაბამისად, უწყების ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეთა მიერ თავშესაფრის მიღების მიზნით წარდგენილი განცხადებები (თუ არ იარსებებს რეალური მიზეზი) არ დაკმაყოფილდება.

საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეყვანა, ასევე, გულისხმობს თავშესაფრის მიღების მოთხოვნით წარდგენილი განცხადებების განხილვის პროცედურულ ცვლილებებსაც. კერძოდ: თავშესაფრის მოთხოვნის განცხადება განხილულ იქნება განსაკუთრებით დაჩქარებული წესით (მაქსიმუმ ერთი თვის განმავლობაში); საქართველოს მოქალაქეს, რომელიც თავშესაფარის მოთხოვნით მიმართავს ისრაელის მოსახლეობისა და იმიგრაციის სამსახურს აღარ მიეცემა განცხადების განხილვის პერიოდში ისრაელში დასაქმების უფლება.

ისრაელის სახელმწიფო რიგით მეხუთე ქვეყანაა, ბელგიის სამეფოს, საფრანგეთის, ბულგარეთისა და ავსტრიის შემდგომ, რომელმაც საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა.

myquiz