"რესპუბლიკური პარტია" ხელისუფლებას მართლმადიდებელი ეკლესიის დაფინანსების გადახედვისკენ მოუწოდებს | Allnews.Ge

"რესპუბლიკური პარტია" ხელისუფლებას მართლმადიდებელი ეკლესიის დაფინანსების გადახედვისკენ მოუწოდებს

"რესპუბლიკური პარტია" ხელისუფლებას მართლმადიდებელი ეკლესიის დაფინანსების პოლიტიკის არსებული წესის გადახედვისკენ მოუწოდებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით "რესპუბლიკური პარტიის" ლიდერებმა ხათუნა სამნიძემ და თამარ კორძაიამ დღეს პრესკონფერენცია გამართეს.

როგორც ხათუნა სამნიძემ განაცხადა, დღეს ისინი საუბრობენ არა რწმენასა და რწმენის თავისუფლებაზე, არამედ ეკლესიაზე, როგორც ორგანიზაციაზე.

მისივე თქმით, სხვადასხვა ხელისუფლების, მათ შორის, შევარდნაძე-აბაშიძის რეჟიმის პირობებში, ეკლესია იღებდა მატერიალურ ხელშეწყობას, რამაც სააკაშვილის დროს მიიღო უფრო მრავალფეროვანი ფორმა, დღეს კი ეს პრაქტიკა კიდევ უფრო რადიკალური ფორმების გახდა.

როგორც ხათუნა სამნიძემ აღნიშნა, თბილისის საკრებულოში ერთი სხდომაც კი არ გაიმართება, რომ დღის წესრიგში არ იყოს საკითხი მართლმადიდებელი ეკლესიისთვის თბილისის ქონების გადაცემაზე და მისი თქმით, არ ხდება საკითხის მიზნობრიობის განხილვა. მისივე თქმით, არ ხდება თანხებისა თუ უძრავ-მოძრავი ქონების გადაცემის პროცესის მონიტორინგი.

როგორც სამნიძემ აღნიშნა, ამ პროცესმა მიგვიყვანა იქამდე, რომ ეკლესია გახდა ხელისუფლების ავტონომიური ნაწილი და ამ ყველაფერმა კრიზისი გამოიწვია.

"ვთვლით, რომ ამ რთულ ვითარებაში მნიშვნელოვანია, გაიმიჯნოს ეკლესია და სახელმწიფო.

არ გასცდეს კონკორდატით შეთანხმებულ ნორმებს არც ხელისუფლება და არც ეკლესია, რასაც დღეს აქვს ადგილი და შეწყდეს მართლმადიდებლური ეკლესიის დაფინანსების დღეს არსებული პოლიტიკა. თუ ვლაპარაკობთ კომპენსაციაზე, რაც განსაზღვრულია კონკორდატით, ვისაუბროთ კომპენსაციაზე და ეს უნდა იყოს დასაბუთებული და კონკრეტული", - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

თავის მხრივ, თამარ კორძაიამ აღნიშნა, რომ დღეს ვართ მნიშვნელოვანი მოვლენების მომსწრე. ტაბუ აეხსნა ეკლესიასთან დაკავშირებულ პრობლემებზე საუბარს და დაიწყო დისკუსია.

მისივე თქმით, დეკანოზ გიორგი მამალაძის წერილში აღწერილი ფაქტები ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ეს რეალობაა და ეკლესიის ზოგიერთი სასულიერო პირი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ჩართულები არიან კორუფციაში და აქვთ საერთო ბიზნესი.

როგორც თამარ კორძაიამ აღნიშნა, ეკლესიას უკვე მიღებული აქვს ფულადი სახით 200 მილიონზე მეტი, ასევე საპატრიარქოს მიღებული აქვს 1 მილიონ ჰექტარზე მეტი მიწა. შესაბამისად "რესპუბლიკური პარტია" მიირჩნევს, რომ დაფინანსების არსებული პოლიტიკა უნდა გადაიხედოს.

myquiz