აფხაზეთის ე.წ. საგარეო უწყება - საქართველომ გადაწყვიტა ვიზალიბერალიზაციის სახით კიდევ ერთი სატყუარა გამოიყენოს | Allnews.Ge

აფხაზეთის ე.წ. საგარეო უწყება - საქართველომ გადაწყვიტა ვიზალიბერალიზაციის სახით კიდევ ერთი სატყუარა გამოიყენოს

ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის მინიჭებული ვიზალიბერალიზაციით აფხაზეთსა და ოსეთში მაცხოვრებლებსაც შეეძლებათ, - აღნიშნული განცხადება, როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ, ისე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმაც გააკეთა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ევროპასთან დაახლოება მთელი საქართველოს კუთვნილებაა.

"ჩვენ განსაკუთრებით გვახარებს, რომ ჩვენი აფხაზი და ოსი მოქალაქეები ჩვენთან ერთად ისარგებლებენ ყველა იმ სიკეთით, რაც ევროპასთან მჭიდრო ურთიერთობებს მოაქვს,"- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა სამინისტრომ, საქართველოსა და ევროკავშირს შორის, სავიზო რეჟიმის გაუქმებასთან დაკავშირებით, განცხადება გააკეთა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ვიზალიბერალიზაცია არ ეხება აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს.

"აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საჭიროდ თვლის ხაზი გაუსვას იმას, რომ ევროპარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებზე შეიძლება ვრცელდებოდეს და არანაირად არ ეხება აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს.

ჯანელიძის განცხადებას განვიხილავთ, როგორც აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეების საქართველოს პოლიტიკურ-სამართლებრივ სივრცეში "ჩართვის" მორიგ უხეშ მცდელობას. აშკარაა, რომ ე.წ. "ნეიტრალური პასპორტების" იდეის სრული მარცხის შემდეგ, საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა კიდევ ერთი სატყუარა გამოიყენოს აფხაზეთის მოქალაქეებისათვის ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სახით. აშკარაა, რომ საქართველოს ხელისუფლების ეს მცდელობა მარცხს განიცდის.

აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლების მცდელობა აფხაზეთის მოქალაქეები საკუთარი პოლიტიკური მანიპულაციებისთვის გამოიყენოს, უპერსპექტივოა. თუ საქართველოს ხელისუფლება გულწრფელად წუხს აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეების გადაადგილების თავისუფლების საკითხით, მათ უარი უნდა თქვან ჩვენი მოქალაქეების საერთაშორისო იზოლაციის პოლიტიკაზე, რომლებსაც თბილისის გამო უარს ეუბნებიან ევროკავშირში შესვლაზე,"-აღნიშნა ე.წ საგარეო საქმეთა უწყებამ.

საქართველოს ვიზალიბერალიზაცია ევროპარლამენტმა 2017 წლის 2 თებერვალს მიანიჭა, უვიზო მიმოსვლის ამოქმედებამდე კი რამდენიმე ტექნიკური პროცედურაა დარჩენილი, შესაბამისად, საგარეო უწყებაში ვარაუდობენ, რომ ევროპის 30 ქვეყნის მმართულებით უვიზო რეჟიმი მარტის ბოლოს ან აპრილის დასაწყისში ამოქმედდება.

myquiz