უნდა გაუქმდეს თუ არა პრეზიდენტის ინსტიტუტი | Allnews.Ge

უნდა გაუქმდეს თუ არა პრეზიდენტის ინსტიტუტი

პრეზიდენტის არჩევის წესის შესაძლო ცვლილებასთან დაკავშირებით, მმართველი გუნდის წარმომადგენლები რამდენიმე კვირაა საუბრობენ. საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განმარტებით, არჩევის წესის განხილვამდე უნდა იმსჯელონ, თუ როგორ უნდა გაიმიჯნოს უფლებამოსილებები სახელისუფლებო შტოებს შორის, "სამართლებრივად, როგორც პირდაპირი, ისე არაპირდაპირი არჩევის წესი ლეგიტიმური და სწორია," - აღნიშნავს ის.

ზოგიერთი პოლიტიკოსის თქმით, ხელისუფლება პრეზიდენტის ინსტიტუტის დაკნინებას გიორგი მარგველაშვილისადმი პირადი დამოკიდებულებისა და ძალაუფლების კიდევ უფრო გაძლიერებისთვის ცდილობს.

უნდა მოხდეს თუ არა პრეზიდენტის ინსტიტუტის კიდევ უფრო შესუსტება და საპარლამენტო რესპუბლიკის მმართველობის ფორმაზე გადასვლა? ამის შესახებ Allnews.ge პოლიტოლოგებსა და კონსიტუციონალისტს ესაუბრა.

მათი განმარტებით, საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკის მართვის ფორმაზე გადასასვლელად მზად არ არის, რადგან საკონსტიტუციო უმრავლესობა ერთ პარტიას აქვს და მსგავსი რეფორმები ქვეყნისთვის საზიანო იქნება.

პოლიტოლოგ გია ხუხაშვილის თქმით, ამ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ერთი პოლიტიკური ძალის ხელში სახიფათო ძალაუფლებაა კონცენტრირებული, პრეზიდენტის ირიბად არჩევის წესი, საკმაოდ სარისკო მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებს.

"რაღაც ისტორიულ ეტაპზე საპარლამენტო მმართველობაზე გადასვლა შესაძლებელია.

გაუგებარია, რატომ ვჩქარობთ, რომ პრეზიდენტის ინსიტუტის შესახებ ცვლილებები განვახორციელოთ. მითუმეტეს, ეს საკითხი კონექსტიდან ამოვარდნილი არ უნდა იყოს და სხვა ცვლილებებთან ერთად, დიდ პაკეტში უნდა მოთავსდეს, რათა გავარკვიოთ, თუ რა ტიპის მმართველობის მქონე ქვეყანაში გვინდა ვიცხოვროთ," - განმარტავს გია ხუხაშვილი.

პრეზიდენტის არჩევის წესისა და მმართველობის ფორმის ცვლილებასთან დაკავშირებით საუბარი ნაადრევად მიაჩნია პოლიტილოგ სოსო ცინცაძესაც. მიზეზი კი საქართველოში არსებული პოლიტიკური კულტურა, სუსტი ოპოზიციური პარტიები და ერთი პარტიის მიერ მიღებული საკონსტიტუციო უმრავლესობაა.

"კლასიკურ საპარლამენტო რესპუბლიკას, როგორიც საფრანგეთი შარლ დე გოლის გაპრეზიდენტებამდე იყო, ასჯერ უფრო მაღალი პოლიტიკური კულტურა მეტნაკლებად ძლიერი პოლიტიკური პარტიები სჭირდება. საპარლამენტო რესპუბლიკის არსებობა ერთი დომინირებული პოლიტიკური პარტიის პირობებში გამორცხულია, რადგან ეს უკვე საბჭოთა კავშირი გახდება. საბჭოთა კავშირი კი კონსტიტუციით რესპუბლიკა იყო, მაგრამ როდესაც ერთი პარტია დომინირებდა, ეს პრაქტიკულად "პარტიის მონარქია" გახდა. ეს საფრთხე საქართველოს, ერთპარტიული სისტემის პირობებში, რეალურად, ელის, როდესაც სხვა პარტიებს არანაირი შანსი არ გააჩნიათ, ამ მმართველ ძალას კონკურენცია გაუწიონ.

საპარლამენტო რესპუბლიკა გაუმართლებელია ისეთი ქვეყნისათვის, როგორიც საქართველოა," - განმარტავს ის.

სოსო ცინცაძე ასევე მიიჩნევს, რომ ჯერჯერობით, პრეზიდენტის ინსტიტუტი, საქართველოსთვის აუცილებლობას წარმოადგენს.

"ეს აუცილებელია საქართველოსთვის. აქაც არ გვაქვს გარანტია, რომ ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, პრეზიდენტი მმართველი გუნდის წევრი არ იქნება, თუმცა ჩვენს ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, საქართველოში ვერ იქნება ისეთი საპარლამენტო რესპუბლიკა, როგორიც ისრაელში, გერმანიასა და იტალიაშია," - განმარტავს ის.

კონსტიტუციონალისტ ვახუშტი მენაბდეს განმარტებით, ჩვენი ქვეყნის საჭიროებებიდან გამომდინარე, საპრეზიდენტო მოდელი ან ისეთი ნახევრადსაპრეზიდენტო მოდელი, რომელშიც პრეზიდენტს წამყვანი როლი აქვს, გამართლებული არ არის, ამიტომ საუკეთესო გამოსავალი საპარლამენტო ან ისეთი საპრეზიდენტო მოდელია, სადაც წამყვანი როლი პრემიერ-მინისტრს ენიჭება.

"ამ ორს შორის არჩევანის გასაკეთებლად, გვჭირდება ვისაუბროთ იმაზე, როგორი ძალთა ბალანსი გვირჩევნია.

ვფიქრობ, რომ შესაძლოა, გამოდგეს როგორც ერთი, ისე მეორე მოდელი, ოღონდ არ უნდა იყოს დამახინჯებული და ბალანსს უზრნველყოფდეს. შესაბამისად, თუ ჩვენ საპარლამენტო მოდელზე გადავალთ, ეს ნიშნავს, რომ პრეზიდენტს ავირჩევთ არა პირდაპირი, არამედ ირიბი წესით. ამ შემთხვევაში ჩვენ გვჭირდება ორპალატიანი პარლამენტი, ტერიტორიული მოწყობის განსაზღვრა და რეგიონებისთვის უფლებამოსილების გადაცემა, რათა პრემიერ-მინისტრის ხელში იმაზე მეტი ძალაუფლების თავმოყრა არ მოხდეს, ვიდრე უნდა იყოს," - განმარტავს ის.

ვახუშტი მენაბდე ასევე მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე მზად არ ვართ, მმართველობის ფორმა შევცვალოთ. მისი თქმით, თუ შევინარჩუნებთ იმ მოდელს, რაც ახლა გვაქვს და საარჩევნო სისტემას შევცვლით, ეს პლურალიზსმის საწინდარი იქნება.

"ასევე გავაძლიერებთ თვითმმართველობებსა და პარლამენტის საკონტროლო უფლებამოსილებებს.

შევიტანთ ცვლილებებს, რომლებიც ძალაუფლებათა ბალანსს გააუმჯობესებს, თუმცა არსებითად არ შეცვლის. ამ წუთას ჩვენ დრო არ გვეყოფა საპარლამენტო მოდელზე სრულად გადავიდეთ, ამიტომ მხოლოდ და მხოლოდ მოდელის დახვეწაა შესაძლებელი და არა მისი არსებითი შეცვლა," - განმარტავს კონსიტუციონალისტი.

აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე საქართველოს მმართველობის ფორმა ისეთ საპრეზიდენტო მოდელია, სადაც ძირითადი ძალაუფლება პრემიერ-მინისტრს ენიჭება, თუმცა, პრეზიდენტიც გარკვეული ძალაუფლების მატარებელია.

მარიამ მენაბდიშვილი

myquiz