უგულავას ფაქტორი: როგორ გადანაწილდება ძალთა ბალანსი "ნაციონალურ მოძრაობაში" | Allnews.Ge

უგულავას ფაქტორი: როგორ გადანაწილდება ძალთა ბალანსი "ნაციონალურ მოძრაობაში"

საპატიმროს დატოვების შემდეგ, გიგი უგულავამ განაცხადა, რომ "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" არსებული დაპირისპირების მოსაგვარებლად, როგორ მიხეილ სააკაშვილთან, ისე მასთან დაპირისპირებულ ნაწილთან შეხვედრებსა და კონსულტაციებს გეგმავს.

თუმცა, სანამ ეს პროცესები მიმდინარეობს პარტიაში დაპირისპირება კიდევ უფრო ღვივდება, რადგან პარლამენტის ფრაქციის "ნაციონალური მოძრაობა - საქართველოს წინსვლისთვის" ნიკა მელიას თავმჯდომარეობიდან გადაყენება იგეგმება.

პარტიის წევრთა ნაწილი გიგი უგულავას დაპირისპირების მომგვარებელ პირად ვერ ხედავს. ნიკა მელიას განმარტებით, "გიგი უგულავა არ არის შემრიგებელი ადამიანი, ის ბოკერიას მხარეა," ელენე ხოშტარიას თქმით კი, დაპირისპირებაში წვლილი ყოფილი მერის მიერ გამოქვეყნებულ წერილსაც მიუძღვის.

როგორ განვითარდება "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" პროცესები, ჯერ უცნობია. მოვლენების განვითარების შესაძლო სცენარებზე Allnews.ge პოლიტოლოგებს ესაუბრა. მათი თქმით, გიგი უგულავა, შესაძლოა, პარტიის აქტიურ ლიდერად მოგვევლინოს, რადგან ის აქტიური და ქარიზმატული პიროვნებაა.

ე.წ. ბოკერია-უგულავას ფრთის წარმომადგენლები "ნაციონალურ მოძრაობას" 12 იანვარს დატოვებენ

ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორის, პოლიტოლოგ ნიკა ჩიტაძის თქმით, გიგი უგულავას პატიმრობიდან განთავისუფლების შემდეგ, გიგა ბოკერიას ფრთა გაძლიერდება, რადგან უგულავა პარტიის ამ ნაწილს მიემხრობა. პოლიტოლოგს მიაჩნია, რომ თბილისის ყოფილი მერის პატიმრობიდან განთავისუფლების მიუხედავად, პარტიის გაყოფა გარდაუვალია.

"პარტია ("ნაციონალური მოძრაობა") ორ ბანაკადაა დაყოფილი, როგორც ფრაქციის, ისე პარტიის შემთხვევაში.

ვფიქრობ, რომ პარლამენტში არსებული "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქცია ორად დაიყოფა, თუმცა,  არა არის მოსალოდნელი, რომ რომელიმემ ხელისუფლებასთან ითანამშრომლოს. პირიქით, მგონია, რომ აღნიშნული ფრაქციები "ქართულ ოცნებას" პარლამენტში ოპონირებას გაუწევენ და ამავდროულად, ერთმანეთთან მიმართებაში კონკურენციაში იქნებიან," - განმარტავს ის და დასძენს, რომ "ნაციონალურ მოძრაობაში" მომხდარი დაპირისპირება ქვეყანაში დემოკრატიულ პროცესებზე უარყოფითად აისახება, რადგან ყველაზე ძლიერ ოპოზიციურ პარტიაში განხეთქილება მიმდინარეობს.

პოლიტოლოგი გიორგი გობრონიძე კი ფიქრობს, რომ გიგი უგულავას პოზიცია ჩამოყალიბებული ჯერ კიდევ არ აქვს და დაპირისპირებულ მხარეებთან კონსულტაციებს სწორედ ამიტომ მართავს, თუმცა მისი პატიმრობიდან განთავისუფლება პარტიაზე დადებითად აისახება.

"ერთი რამ ნათელია, რადგან ის პარტიის წევრებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, გეგმავს, რომ პარტიულ საქმიანობაში აქტიურად ჩაერთოს და პოლიტიკაში დარჩეს, მაგრამ ვის მხარეს იქნება და რა როლს ითამაშებს გიგი უგულავას ფაქტორი იმ მხარისთვის, რომელშიც ის დარჩება, ამას მომავალი გვიჩვენებს," - აღნიშნავს პოლიტოლოგი.

გიგი უგულავა ჯერჯერობით პარტიის წევრებთან კონსულტაციებს მართავს. საკუთარი პოზიცია მედიასთან მას ჯერ კიდევ არ დაუფიქსირებია, შესაბამისად, უცნობია, თუ ვის მხარეს დაიჭერს და როგორ გააგრძელებს ის პოლიტიკურ საქმიანობას.

მარიამ მენაბდიშვილი

myquiz