ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსი თანამდებობიდან გადადგა | Allnews.Ge

ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსი თანამდებობიდან გადადგა

თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსი ნინო სულხანიშვილი თანამდებობიდან გადადგა.

როგორც თბილისის მერიაში განაცხადეს, სულხანიშვილმა თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.

ნინო სულხანიშვილის გადადგომას "პარტიზანი მებაღეები" ითხოვდნენ. ისინი საქალაქო სამსახურის უფროსს უკანონობაში ადანაშაულებდნენ, ვინაიდან მათი მტკიცებით, ყაზბეგის გამზირის №24-ში ხეების მოჭრასთან დაკავშირებით ნებართვა უკანონოდ გაიცა.

ამ დროისთვის უცნობია, უკავშირდება თუ არა სულხანიშვილის გადადგომა მათ მოთხოვნას.

ნინო სულხანიშილის წასვლა არ არის შემთხვევითი და არანაირ ოჯახურ მდგომარეობას არ უკავშირდება, ის ძალიან ცუდად გაიხლართა ხეების სკანდალში, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სულხანიშვილმა თანამდებობა ერთი თვეა დატოვა, თუმცა მერიაში ამის გახმაურება არ სურდათ. ელისაშვილის განცხადებით, მიუხედავად თანამდებობის დატოვებისა, სულხანიშვლი პასუხისმგებელია განხორციელებულ ქმედებებზე.

"ჩემი ინფორმაციით, ნინო სულხანიშვილმა ერთი თვეა დატოვა თანამდებობა, მაგრამ მაქსიმალურად გამოიყენა სახელმწიფო სიკეთე და გამოიწერა შვებულება. ნინო სულხანიშვილის წასვლა არ არის შემთხვევითი და არანაირ ოჯახურ მდგომარეობას არ უკავშირდება. თბილისის მერიაში ცდილობდნენ ამ ამბავს წყნარად ჩაევლო, თუმცა თუ მათ ჰგონიათ, რომ ხალხს დაავიწყდება, მე არ დამავიწყდება, რომ 17 აგვისტოს მოჭრეს 45 ხე ჩემს სამაჟორიტაროში. ამაზე პასუხი უნდა აგოს ქალბატონმა ნინომაც და მერიის სხვა მაღალჩინოსნებმაც. ნინო სულხანიშვილს ალბათ რაიმე თანამდებობას გამოუნახავენ, სადღაც მრჩევლად დანიშნავენ, რომ პირი არ მოაღოს და მოჰყვეს რეალურად რაც ხდება თბილისის მერიაში ", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

myquiz