ზურაბ ჯაფარიძე - შსს-დან არავინ დაგვკავშირებია | Allnews.Ge

ზურაბ ჯაფარიძე - შსს-დან არავინ დაგვკავშირებია

თუ არ დაგვაპატიმრებენ, რეალობა იქნება ისეთი, რომ ვერსად საქართველოში ადამიანებს კანაფის კულტივაციისა და პირადი მოხმარების გამო ვერ დააკავებენ, რადგან გაუგებარი იქნება, რატომ არ გვაკავებენ ჩვენ და აკავებენ უბრალო ადამიანს", - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "გირჩის" თავმჯდომარე ზურაბ ჯაფარიძემ განუცხადა.

ჯაფარიძის თქმით, ახალი წლის ღამეს მარიხუანას დათესვის ფაქტზე შს სამინისტროს მხრიდან ამ დრომდე არ მომხდარა მასთან ან პარტიის სხვა წარმომადგენლებთან დაკავშირება.

"შს სამინისტროს მხრიდან არანაირი რეაგირება არ ყოფილა გარდა იმ განცხადების, რაც ჩვენ საჯაროდ ვნახეთ, რომ დაიწყო გამოძიება. არავინ შემოგვხმიანებია, არც დაუკითხავთ ვინმე და არც ოფისში მოსულან უწყების წარმომადგენლები. გულწრფელები რომ ვიყოთ, უნდა ვთქვათ, რომ ეს არ არის საკითხი, რომელიც უნდა გადაწყვიტოს შს სამინისტროს რომელიმე თანამშრომელმა, ან მინისტრის მოადგილემ, ან მინისტრმა - ის, რაც ჩვენ გავაკეთეთ იყო პოლიტიკური აქტი, სამოქალაქო დაუმორჩილებობის კონკრეტული გამოხატულებით, ამიტომ ხელისუფლებას პოლიტიკური გადაწყვეტილება აქვს მისაღები, ის ან წავა იმ გზით, რომ მოახდენს ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციას და საქართველო ამ მიმართულებით უფრო ცივილიზებული ქვეყანა გახდება, ან უბრალოდ იმოქმედებს კანონის შესაბამისად და ამ შემთხვევაში, მოუწევს ჩვენი დაპატიმრება.

ჩემი სუბიექტური აზრით, ის, რაც 31 დეკემბერს გავაკეთეთ, იქნება გარდამტეხი, როგორც ნარკოპოლიტიკის ცვლილების მიმარულებით, ისე ზოგადად ქვყანაში ადამიანის უფლებების დაცვის გაუმჯობესების თვალსაზრისით. კონკრეტულად რას მოიმოქმედებს ხელისუფლება, ჩემთვის რთული სათქმელია, თუმცა რა გზაც არ უნდა აირჩიოს, ჩვენთვის იქნება გამარჯვება.

შეიძლება სცენარის განვითარება სამნაირად მოხდეს.

პირველი: შესაძლოა მოხდეს ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია და ცხადია, ეს იქნება ყველა იმ ადამიანისა და მოქალაქის გამარჯვება, ვინც ამ თემაზე მუშაობს და ამისთვის იბრძვის. მეორე შემთხვევაში შეიძლება ჩვენ დაგვაპატიმრონ და ამ შემთხვევაში პროცესები მაინც დაჩქარდება და საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი მაინც დასრულდება იმით, რომ საქართველო მიიღებს ცივილიზებულ კანონმდებლობას. მესამე ვერსია შეიძლება იყოს ის, რომ არ დაგვაპატიმრონ და ამ შემთხვევაში ჩვენთან ოფისში გაიზრდება 81 ძირი კანაფი.

თუ არ დაგვაპატიმრებენ, რეალობა იქნება ისეთი, რომ ვერსად საქართველოში ადამიანებს კანაფის კულტივაციისა და პირადი მოხმარების გამო ვერ დააკავებენ, რადგან გაუგებარი იქნება, რატომ არ გვაკავებენ ჩვენ და აკავებენ უბრალო ადამიანს, რომელიც თავის ეზოში ზრდის ერთ ან ორ ძირ კანაფს, პირადი მოხმარებისთვის", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

2016 წლის 31 დეკემბერს "გირჩის" ოფისში, ახალი პოლიტიკური ცენტრის წევრებმა, მოხალისეებთან ერთად, საჯაროდ, სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე დათესეს. აღნიშნულთან დაკავშირებით შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვის ფაქტზე, კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, გამოძიება "სისხლის სამართლის კოდქსის" 265-ე მუხლით დაიწყო, რომელიც პატიმრობას 12 წლამდე ითვალისწინებს.

myquiz