დავით ჭიჭინაძე რომან გოცირიძეს - "ყველაფერშიკი" ხართ ბატონო რომან! | Allnews.Ge

დავით ჭიჭინაძე რომან გოცირიძეს - "ყველაფერშიკი" ხართ ბატონო რომან!

ენერგოტარიფების ზრდასა და აფხაზეთის ენერგომომარაგებასთან დაკავშირებით რომან გოცირიძის განცხადებას, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის სხდომაზე კამათი მოჰყვა.

გოცირიძის განცხადებას, უმრავლესობის დეპუტატი დავით ჭიჭინაძე გამოეხმაურა და აფხაზეთის ენერგომომარაგებაზე დასმული კითხვის გამო გააკრიტიკა.

უმცირესობის დეპუტატი რომან გოცირიძე დაინტერესდა, რატომ გადაუხადა გასულ წელს ქართულმა მხარემ რუსეთს იმ ელექტროენერგიის საფასური, რომელიც რუსეთმა აფხაზეთს მიაწოდა. როგორც გოცირიძემ აღნიშნა, განცხადებები, რომ ენერგოტარიფები არ გაიზრდება, საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა.

"ნუ შეგყავთ საზოგადოება შეცდომაში, ლარის ამ კურსის პირობებში შეუძლებელია, რომ ტარიფები არ გაიზარდოს, მითუმეტეს ამბობთ, რომ იმპორტის ხვედრითი წონა მცირდება. იმ რაოდენობით მცირდება, რომ მთლიანად შეუძლია მას დააბალანსოს მოხმარების ზრდა? გაზის ფასი დოლარშია და კატასტროფული ზრდა იქნება ლარის ამ კურსში გადაყვანილი. ნუ იძლევით გარანტიას", - მიმართა გოცირიძემ სემეკ-ის თავმჯდომარეს და ასევე აღნიშნა, რომ ასეთი განცხადებებით კომისიაზე მთავრობის მხრიდან პოლიტიკური ზეწოლა ხორციელდება.

"ენერგეტიკის მინისტრი აცხადებს, რომ ტარიფი არ გაიზრდება. რა იცის ენერგეტიკის მინისტრმა ტარიფი გაიზრდება თუ არა?" - აღნიშნა გოცირიძემ.

უმცირესობის დეპუტატს აღნიშნული განცხადების გაკეთება უმრავლესობის დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ შეაწყვეტინა.

"რომან გოცირიძემ იცის ყველაფერი და მორალს გვიკითხავს. დავიღალეთ უკვე. ვერ გაგიგიათ აფხაზეთს რატომ ვუხდით ელექტროენერგიის ფულს?", - აღნიშნა ჭიჭინაძემ, რაზეც რომან გოცირიძემ უპასუხა, რომ ის აფხაზეთიდანაა და იცის, რა ხდება აფხაზეთში.

"თქვენ ყველაფერი იცით. "ყველაფერშიკი" ხართ ბატონო რომან! საერთოდ ასეთი ჩვევა გაქვთ "ნაციონალებს", "ყველაფერშიკები" იყავით ეტყობა", - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

myquiz