გიგა ბოკერია - პარლამენტში შესვლა ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იყო | Allnews.Ge

გიგა ბოკერია - პარლამენტში შესვლა ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იყო

მესმის ზოგიერთი თანაგუნდელის, თუ ლიდერის გაღიზიანება, მაგრამ ვრჩები ჩემს ძალიან მყარ აზრზე, რომ პარლამენტში შესვლა ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იყო, - ამის შესახებ ჟურნალისტებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა გიგა ბოკერიამ მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე კომენტირებისას განუცხადა.

"მე კარგად მესმის ჩემი ზოგიერთი თანაგუნდელის, ლიდერის, თუ მხარდამჭერის ემოცია და გაღიზიანებაც კი, მაგრამ ვრჩები ჩემს ძალიან მყარ აზრზე, რომ მიუხედავად ძალადობრივი და არათავისუფალი არჩევნებისა, ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იყო მეორე ტურებში ბრძოლა და პარლამენტში შესვლა ამ ისტორიულ მომენტში. ეს იყო სწორი გადაწყვეტილება ჩვენი ქვეყნის, ჩვენი პარტიის ინტერესებისთვის და საბოლოო ჯამში, ივანიშვილის რეჟიმის დემოკრატიულად დამარცხების საქმისთვის. სწორედ ასევე მჯერა, რომ ქუჩაში პროცესების გადატანა, ამ ძალადობის მიუხედავად, იქნებოდა უკეთეს შემთხვევაში ორთქლის გამოშვება და არაფერ კარგს არ მოუტანდა არც ქვეყანას ამ კონკრეტულ მომენტში, არც პარტიას და არც ივანიშვილის რეჟიმის დამარცხების საქმეს", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ამასთან, იგი არ პასუხობს კითხვას: "ახირებულ ადამიანებში" მიხეილ სააკაშვილი პერსონალურად გიგა ბოკერიას გულისხმობდა თუ არა.

"მე უკვე მოგახსენეთ კომენტარი იმაზე, რაც მნიშვნელოვნად მიმაჩნია",- აღნიშნა ბოკერიამ.

იმ ახირებულ ერთ-ორ პერსონასთან, მათ შორის პარტიის ხელმძღვანელობაში, ვინც არ უსმენს ჩვენს აქტივისტებს, ვინც დაუშვა ამდენი შეცდომა, ვინც პრაქტიკულად გამოგვიწერა დამარცხებები არამხოლოდ წარსულში, არამედ მომავალშიც, არაფერი მაქვს საერთო, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ინტერვიუში განაცხადა, რომელიც "ფეისბუქის" პირად გვერდზე აქვს გამოქვეყნებული.

სააკაშვილი აღნიშნულ პირებს "უაზრო ტიპაჟებს" უწოდებს.

myquiz