დარჩება თუ არა საქართველო აშშ-ის სტრატეგიულ პარტნიორად | Allnews.Ge

დარჩება თუ არა საქართველო აშშ-ის სტრატეგიულ პარტნიორად

არსებული პროგნოზით, აშშ-ის "რესპუბლიკური პარტია" წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობას მოიპოვებს. Allnews.ge დაინტერესდა როგორ აისახება დონალდ ტრამპის გამარჯვება საქართველო აშშ-ის ურთიერთობებზე.

საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტის ბათუ ქუთელიას განცხადებით, ორი ქვეყნის ურთიერთობაში რადიკალური ცვლილება არ იქნება.

მისი თქმით, ეს არის საინტერესო არჩევნები, თავისი წინასაარჩევნო კამპანიის ჩათლით.

"რაც შეეხება იმას, თუ როგორ აისახება საქართველოზე, საქართველო-ამერიკის სტრატეგიული ურთიერთობა მეოთხედი საუკუნეა უკვე ეფექტურად და მზარდი ტემპით ვითარდება, მიუხედავად სხვადასხვა ადმინისტრაციების ცვლილებისა და ამ ადმინისტრაციების სხვადასხვა საგარეო პოლიტიკისა.

გარკვეული პრიორიტეტების მუდმივობა ნარჩუნდება,

ეს არის პირველ რიგში, სტრატეგიული პარტნიორობების შენარჩუნება. ამ სტატეგიულ პარტნიორობაში საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წვლილი აქვს და აქედან გამომდინარე, არ ველოდები რაიმე რადიკალურ ცვლილებას ჩვენს ორმხრივ ურთიერთობაში, თუმცა ბუნებრივია, ამერიკის ევროპული პოლიტიკა, ამერიკის გლობალური უსაფრთხოების პოლიტიკა, მსოფლიო სავაჭრო ურთიერთობების კუთხით ბევრი მნიშვნელოვანი ცვლილება გველოდება წინ", - განაცხადა ბათუ ქუთელიამ.

ჩვენ გვაქვს ამერიკის შეერთებული შტატების ორივე პარტიის მხარდაჭერა, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.მისი თქმით, ის შედეგი რა შედეგიც დადგება იქნება ამერიკელი ხალხის არჩევანი.

"ჩვენ გვაქვს ამერიკის ორპარტიული, ძალიან მყარი მხარდაჭერა, რომელიც დაფიქსირდა სულ ახლახანს, სექტემბერში, როდესაც კონგრესში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდამჭერი რეზოლუცია ერთსულოვნად მიიღო ამერიკის კონგრესმა. ეს კიდევ უფრო ამყარებს საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობებს და შესაბამისად, ამერიკელი ხალხის ნებისმიერი არჩევანი იქნება ამ ურთიერთობების მხარდაჭერა", - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

თუ შტატებში იცვლება ხელმძღვანელობა, მაშინ არსებობს შანსი, რომ საგარეო პოლიტიკა შეიცვალოს, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ ჟურნალისტებს "ქორთიარდ მარიოტში" განუცხადა, სადაც ამერიკის საელჩოს წარმომადგენლები ქართველ პოლიტიკოსებსა და არასამთავრობო სექტორთან ერთად აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გამოცხადებას ელოდებიან.

მისივე თქმით, რეგიონში ამერიკის შეერთებული შტატების გავლენას და ლიდერობას დიდი მნიშვნელობა აქვს.

"ჩვენმა ხელისუფლებამ ახლა როგორც არასდროს უნდა მოინდომოს და შეეცადოს, რომ დაბრუნდეს დღის წესრიგში, მაგრამ ამის დიდი იმედი არ მაქვს", - აღნიშნა მან.

როგორც "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა განმარტა, საგარეო ასპარეზზე საქართველოს აქტიურობა გადამწყვეტი იქნება.

ჩვენ კარგად ვიცით ის გამოწვევები რაც საქართველოს აქვს რუსეთიდან გამომდინარე, შესაბამისად, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ამ კუთხით საგარეო პოლიტიკის გადახედვა არ მოხდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში აშშ-ის ელჩმა იან კელიმ განუცხადა. ელჩი არჩევნებში ნებისმიერი შედეგის მიუხედავად აშშ-ს საგარეო პოლიტიკაში ცვლილებებს არ ელოდება.

"ძალიან კარგია, რომ აშშ-ში არ იცვლება შეხედულება საგარეო პოლიტიკასთან მიმართებაში.

საგარეო პოლიტიკა იქნება იგივე. ჩვენ კარგად ვიცით ის გამოწვევები რაც საქართველოს აქვს რუსეთიდან გამომდინარე. შესაბამისად, საგარეო პოლიტიკის გადახედვა არ მოხდება ამ კუთხით. ჩვენ ყველანი ველოდებით 9 ნოემბერს და არჩევნების შედეგებს. რაიმე ცვლილებებს საგარეო პოლიტიკური კუთხით არ ველოდებით", - განაცხადა კელიმ.

 

myquiz