საქართველოს კონსტიტუციის 21-წლიანი თავგადასავალი | Allnews.Ge

საქართველოს კონსტიტუციის 21-წლიანი თავგადასავალი

საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის შემდეგ, პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა შესაძლოა, "ქართულმა ოცნებამ" მიიღოს. ექსპერტებისა და ოპოზიციური პარტიების ნაწილის აზრით, შედეგად, მმართველი პარტია კონსტიტუციას საკუთარ თავზე მოირგებს. თუმცა, მათივე თქმით, ეს ქართული რეალობისთვის უჩვეულო არ არის.

"ევროპის ქვეყნებში საკონსტიტუციო უმრავლესობა თითქმის არც ერთ პარლამენტში არ გვხვდება," - ამბობს კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტი მალხაზ ნაკაშიძე - "საქართველოს პარლამენტში კი, ძირითადად, პირიქითაა და მმართველი პარტია კონსტიტუციას საკუთარ ინტერესებს არგებს. დოკუმენტი სახელმწიფოს ფუნქციონირების პრინციპებს უნდა ადგენდეს და დეტალიზაცია, რაც ჩვენთან ხდება, მიზანშეწონილი არაა. მისი დანიშნულება მთავრობის შეზღუდვაა. არ უნდა ფიქსირდებოდეს ცვლილებები, რომლებიც ადამაიანის უფლებებს საფრთხეს შეუქმნის. ქვეყნის მმართველობა ავტოკრატიაში არ უნდა გადაიზარდოს. მმართველ პარტიას ჯერ არ დაუწყია ახალ პარლამენტში საქმიანობა და უკვე კონსტიტუციის შეცვლაზე ფიქრობს".

საქართველოში კონსტიტუციის ცვლილებები 1999 წელს დაიწყო.

ვარდების რევულუციამდე ქვეყნის მთავარი იურიდიული დოკუმენტი სულ ოთხჯერ შეიცვალა. პირველი ცვლილებებით, 5%-იანი საარჩევნო ბარიერი 7-მდე გაიზარდა.

"ბარიერის 7 პროცენტზე აწევით "მოქალაქეთა კავშირმა" უზრუნველყო, რომ 1999 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, პარლამენტში შესვლა სხვა პარტიებს ვერ მოეხერხებინათ და უმრავლესობა ჰქონოდათ", - განმარტავს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელი, ვახტანგ ხმალაძე.

დანარჩენი სამი ცვლილება კი შემდეგნაირად გამოიყურება:

• კონსტიტუციის შესაბამის ნაწილებში აჭარისა და აფხაზეთის სტატუსი განისაზღვრა - "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა" და "აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის" სახით.

• დაიშვა კონსტიტუციური შეთანხმების დადების შესაძლებლობა საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებლურ ეკლესიას შორის.

• დაწყებით განათლებასთან ერთად, სავალდებულოდ გამოცხადდა საბაზისო განათლება.

2004 წელს განხორციელებული ცვლილებები კი იმდენად დიდი იყო, რომ ამ პროცესს კონსტიტუციური რეფორმა ეწოდა.

"ეს ცვლილებები "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სახელთანაა დაკავშირებული. თუმცა, აღსანიშნავია, რომ მაშინ პარტია სულაც არ იყო საპარლამენტო უმრავლესობაში, ვინაიდან როგორც გახსოვთ, ვარდების რევოლუციის შემდეგ ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები ბათილად გამოცხადაა და ხელახალი არჩევნები 2004 წელს დაინიშნა. მანამდე კი ძველმა პარლამენტმა გააგრძელა მუშაობა", - განმარტავს ვახტანგ ხმალაძე Allnews.ge-თან საუბარში.

2004 წელს ცვლილება შეეხო 30-მდე მუხლს, კონსტიტუციის ტექსტს ჩაემატა ახალი, მეოთხე თავი, რომელიც ეხება საქართველოს მთავრობას. ამოიღეს ასევე, 91-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც პროკურატურა სასამართლო ხელისუფლების დაწესებულება იყო. სხვა მნიშვნელოვანი ცვლილებები ასე გამოიყურება:

• შეიცვალა მმართველობის ფორმა. საპრეზიდენტო რესპუბლიკის ნაცვლად შემოღებულ იქნა მმართველობის ფორმა, რომლის კონცეფციურ საფუძვლად სახელდება ე.წ. ფრანგული მოდელი.

• შეიცვალა საქართველოს პარლამენტის წევრის იმუნიტეტის შინაარსი.

• განისაზღვრა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განსაკუთრებულ გამგებლობას მიკუთვნებული საკითხები.

• გარკვეული ცვლილებები შეიტანეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციაში.

2005 წელს 235-დან 150-მდე შემცირდა საქართველოს პარლამენტის წევრთა საერთო რაოდენობა, 10-ის ნაცვლად დადგინდა 7 წევრის მოთხოვნა საპარლამენტო ფრაქციის შექმნისთვის. ამავე წელს პრეზიდენტს მიეცა უფლება, გადააყენოს მთავრობა, თანამდებობიდან დაითხოვოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრები.

2006 წელს ოთხი კონსტიტუციური კანონი მიიღეს. აიკრძალა სიკვდილით დასჯა და დაკავებული პირის ფიზიკური და ფსიქიკური იძულება (სიკვდილით დასჯა პარლამენტმა ჯერ კიდევ 1997 წელს აკრძალა, თუმცა, კონსტიტუციაში შესაბამისი ჩანაწერი სწორედ 2006 წელს გაჩნდა). სხვა ცვლილებები ეხება პრეზიდენტის, როგორც საქართველოს სამხედრო ძალების მთავარსარდლის უფლებამოსილებებს; საქართველოს პარლამენტისა და პრეზიდენტის არჩევნების რეგულაციას, პრეზიდენტის უფლებამოსილებას საგარეო ურთიერთობაში; მართლმსაჯულებისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საკითხებს.

"ამ ცვლილელებით მთლიანად დაირღვა ხელისუფლების დანაწილების პრინციპი და პრეზიდენტს უზარმაზარი უფლებამოსილება მიენიჭა. ის სასამართლოს კომპეტენციაში შეიჭრა. პრეზიდენტი ნიშნავდა პირველი და მეორე ინსტანციის მოსამართლეებს. მას შეეძლო პარლამენტის დათხოვნა მთელ რიგ შემთხვევებში. ეს ცვილილება ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მთავარ დებულებას - საქართველოში სახელმწიფო ხელისუფლება ხორციელდება ხელისუფლების დანაწილების პრინციპზე", - განმარტავს ვახტანგ ხმალაძე.

2008 წლის კონსტიტუციური კანონის მიხედვით კი, პარლამენტში უნდა იყოს პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩეული 75 და მაჟორიტარული სისტემით არჩეული 75 წევრი; საარჩევნო ბარიერი 5%-ით განისაზღვრა. კანონი შეეხო იმპიჩმენტის საფუძველს, პრეზიდენტის უფლებას, თანამდებობიდან გადააყენოს იუსტიციის მინისტრი; პროკურატურის ორგანოები შევიდა იუსტიციის სამინისტროს სისტემაში.

2009 წელს კონსტიტუციური კანონით განისაზღვრა საქართველოს პარლამენტის ადგილსამყოფელი თბილისსა და ქუთაისში.

"პარლამენტი და მთავრობა უნდა იყოს ერთ ქალაქში. მათი სხვადასხვა ქალაქში ყოფნა ნაყოფიერ მუშაობასა და თანამშრომლობას ართულებს და აძვირებს. ეს ორი ორგანო მხოლოდ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაშია სხვადასხვა ქალაქში. ევროპაში ერთადაერთია ჰოლანდია, სადაც პალრმანეტი და მთავრობა არა დედაქალაქში, ამსტერდამშია, არამედ ჰააგაში", - აღნიშნა ხმალაძემ.

რა მიზნით და რა ფორმატში შეიძლება, გადაისინჯოს საქართველოს კონსტიტუცია

არსებითი ცვლილებები შევიდა კონსტიტუციაში 2010 წლის 15 ოქტომბრის საკონსტიტუციო რეფორმის შემდეგაც. ცვლილებები შეეხო კონსტიტუციის თითქმის ყველა ნაწილს, მათ შორის, პრეამბულასაც. შეიცვალა ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, ხელისუფლების ორგანოთა ნორმები.

საქართველო ნახევრადსაპრეზიდენტო რესპუბლიკა გახდა.

შეიზღუდა პრეზიდენტის უფლებამოსილებები. იგი აღარ არის მთავრობის მეთაური და მთავრობის ფორმირებაში ფორმალურად იღებს მონაწილეობას. გაეზარდა უფლებამოსილებები პრემიერ-მინისტრს, რომელიც მთავრობის მეთაური გახდა. სრულიად შეიცვალა მთავრობის ფორმირების წესი — მას აყალიბებს არა პრეზიდენტი, არამედ პარლამენტი.

"2010 წლის ცვლილებებით, გადასახადების გაზრდა ან ახალი გადასახადების შემოღება მხოლოდ რეფერენდუმის გზით გახდა შესაძლებელი. ამით ხელისუფლება შეიზღუდა და ძალიან კარგია. თუმცა აღსანიშნავია, რომ ამის რეგულირება სხვა გზით უნდა მოხდეს და ასეთი წვრილმანი ჩანაწერები კონსტიუციაში არ უნდა შევიდეს", - აღნიშნა მალხაზ ნაკაშიძემ.

რა მოხდება თუ "ქართული ოცნება" კონსტიტუციურ უმრავლოსობას მოიპოვებს?

"ცვლილებების უმეტესობა მიმდინარე პოლიტიკური ამბებიდან გამომდინარე ხორციელდებოდა. მაგალითად, კონსტიტუციაში თავიდანვე ეწერა, რომ საკონსტოტუციო სასამართლოს თავმჯდომარე აირჩევა 5 წლის ვადით და მეორედ იმავე პირის თავმჯდომარედ არჩევა აღარ შეიძლება. ეს აკრძალვა ამოიღეს კონსტიტუციიდან და საკონსტოტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ მეორე ხუთწლიანი ვადით იგივე პირი (გიორგი პაპუაშვილი) აირჩიეს. ამით სავსებით კონკრეტული ამოცანა შესრულდა", - ფიქრობს ვახტანგ ხმალაძე.

კონსტიტუცია შექმნიდან დღემდე სულ 34-ჯერ შეიცვალა. მიუხედავად ამისა, ექსპერტების შეფასებით, ის ახლაც დასახვეწია. ხმალაძის ხედვით, ახლანდელ კონსტიტუციაში არაერთი ნორმაა გასასწორებელი, მათ შორის ნორმა, რომელიც ხელისუფლების გადანაწილებას არღვევს. ასევე, ნორმა, რომელიც პარლამენტის საარჩევნო სისტემას არეგულირებს და ნორმა, რომელიც არეგულირებს მთავარი პროკურატორის დანიშვნას.

ნანა მღებრიშვილი

myquiz