ნიშნავს თუ არა საზოგადოების ნაწილის მიერ გავრცელებული მიმართვა "ნაციონალური მოძრაობის" მხარდაჭერისკენ მოწოდებას | Allnews.Ge

ნიშნავს თუ არა საზოგადოების ნაწილის მიერ გავრცელებული მიმართვა "ნაციონალური მოძრაობის" მხარდაჭერისკენ მოწოდებას

სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი მიმართვას ავრცელებს, რომლითაც პროდასავლურ პოლიტიკურ პარტიებს არჩევნების მეორე ტურში ოპოზიციის კანდიდატების მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. გავრცელებულ მიმართვაში აღნიშნულია, რომ არსებობს საშიშროება ქვეყანაში ერთპარტიული მმართველობა დამკვიდრდეს, ამის თავიდან ასაცილებლად კი მათ მხარი უნდა დაუჭირონ ოპოზიციას.

"არჩევნების პირველი ტურის შემდეგ ცალსახად გამოიკვეთა ერთი პოლიტიკური პარტიის მიერ ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების პერსპექტივა, რამაც შესაძლოა მნიშვნელოვნად დააზიანოს დემოკრატიული პროცესი. თქვენ ყველაზე კარგად მოგეხსენებათ, რა სავალალო შედეგები მოუტანა ქვეყანას 2008 წლის მოწვევის პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობის ერთი პარტიის ხელში აღმოჩენამ.

ეს გამოწვევები კიდევ უფრო ძლიერდება მმართველი პარტიის მიერ უკვე დაანონსებული საკონსტიტუციო ცვლილებების ფონზე.

საკონსტიტუციო უმრავლესობა შესაძლებლობას აძლევს მმართველ პარტიას, შეცვალოს კონსტიტუცია და დაარღვიოს სახელისუფლებო შტოებს შორის ძალთა ბალანსი. პარტია "ქართული ოცნების" წარმომადგენლების მხრიდან უკვე გაჟღერდა მინიშნებები პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესის გაუქმებისა და მისი უფლებამოსილების შეკვეცის შესახებ, რამაც შესაძლოა, გზა გაუხსნას პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობით წარმოდგენილი პარტიის ერთპიროვნულ მმართველობას, გადაიყვანოს ქვეყანა დემოკრატიული განვითარების გზიდან და დააკარგვინოს ის მონაპოვარი, რაც ჩვენმა ქვეყანამ 2012 წელს ხელისუფლების არჩევნების გზით გადაბარების სახით მოიპოვა," - ნათქვამია მიმართვაში.

მიმართვის ერთ-ერთი ხელმმომწერის, ლიკა ბასილაია-შავგულიძის თქმით, მის ინტერესებში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მხარდაჭერა არ შედის, მისი სურვილი პარლამენტის მრავალპარტიულობაა, რადგან საკონსტიტუციო უმრავლესობის ერთი ძალის მიერ მოპოვება საფრთხის შემცველია.

"მე ნაციონალური მოძრაობისთვის" ხმა არც 2012 წელს არ მიმიცია და არც ახლა, ეს უბრალოდ საკონსისტუციო უმრავლესობის საფრთხეებთან მიმართებაში ჩემი პოზიციაა. გარდა ამისა, გააჩნია, თუნდაც "ნაციონალური მოძრაობის" შემთხვევაში რა პერსონებზე ვსაუბრობთ, თუმცა ამ პარტიის ხელისუფლებაში მოსვლას არავინ არ ვარაუდობს," - განმარტა მან.

რაც შეეხება კიდევ ერთი ხელმომწერის, ლაშა ბუღაძის განცხადებას, მისი თქმით, სურვილი მხოლოდ პარლამენტის რამდენიმე პარტიით დაკომპლექტებაა.

"წინა მოწვევის პარლამენტში იყო ისეთი პარტნიორი პარტიები, რომლებიც ამ ორგანოს მეტ-ნაკლებად აბალანსებდნენ, ვგულისხმობს "თავისუფალ დემოკრატებსა" და "რესპუბლიკელებს," თუმცა ახლა ასე არ მოხდა, სწორედ ამიტომ ერთი პარტიის მიერ ძალაუფლების მოპოვების წინააღმდეგი ვარ," - განმარტა ბუღაძემ.

მიმართვას "ქართული ოცნების" წევრი, ნოდარ ხადური გამოეხმაურა, მისი თქმით პარტია მთავრობაშიც და პარლამენტშიც უმრავლესობას თავს კარგად გაართმევს.

"სწორედ "ქართული ოცნების" მმართველობის პერიოდში მოეწერა ხელი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, რეალურად დასრულების ფაზაზეა მისული ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა. საქართველოს მთავრობამ ბოლო 4 წლის განმავლობაში გადადგა უპრეცედენტოდ დიდი ნაბიჯები ნატო-სა და ევროკავშირის მიმართულებით," - განაცხადა მან.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლის, ოთარ კახიძის თქმით, საზოგადოებამ სწორად უნდა განსაჯოს, რა არის მისთვის უკეთესი.

" ეს არის საზოგადოების გადასაწყვეტი და საზოგადოებამ თავისი და დემოკრატიული ინტერესებიდან გამომდინარე უნდა მიიღოს ეს გადაწყვეტილება," - აღნიშნა კახიძემ.

"თავისუფალი დემოკრატების" წევრი, შალვა შავგულიძე აცხადებს, რომ საზოგადოებისთვის "ნაციონალური მოძრაობის" მხადაჭერისკენ მოწოდებაზე მისი  პარტია პასუხისმგებლობას ვერ აიღებს.

"შევეცდებით დავდგეთ ფეხზე და შევთავაზოთ მესამე არჩევანი ქართველ ამომრჩეველს, ხოლო მანამდე ვერ ავიღებთ პასუხისმგებლობას იმაზე, რომ მოვუწოდოთ ან "ქართული ოცნების" ან "ნაციონალური მოძრაობის" მხარდაჭერა ამომრჩეველს," - განაცხადა "თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენელმა.

პააატა ბურჭულაძის პარტიის წარმომადგენელი, გიორგი ვაშაძე "ნაციონალური მოძრაობისთვის" მხარდაჭერის აზრს ვერ ხედავს, ვაშაძე ინიციატივის ავტორებთან შეხვედრისთვის მზად არის, თუმცა მიიჩნევს, რომ "საკონსტიტუციო უმრავლესობა ფაქტობრივად შემდგარია და მის წინააღმდეგ ბრძოლა, მითუმეტეს "ნაციონალური მოძრაობის" მხარდაჭერით, ილუზიაა."

რაც შეეხება "ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობის" პოზიციას, მისი წევრის, გიორგი ახვლედიანის თქმით, გამორიცხულია, საღად მოაზროვნე ადამიანმა და ამ ქვეყნის კეთილმოსურნემ მხარი დაუჭიროს "ნაციონალურ მოძრაობას.

"მადლობა მინდა გადავუხადო მიმართვის ავტორებს, რომ ჩვენ არ ვართ ამ მოწოდების ადრესატები,"-დასძინა ახვლედიანმა.

ექსპერტების შეფასებით, აღნიშნული მიმართვა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის მხარდამჭერ ხასიათს ატარებს.

რამაზ საყვარელიძე ფიქრობს, რომ აღნიშნულ მიმართვა არა პირდაპირ, არამედ ირიბად "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მხარდაჭერისკენ მოწოდებას ემსახურება.

"მეორე ტურში ოპოზიციური პარტიების დიდი სპექტრი რომ იყოს წარმოდგენილი, შეიძლებოდა ეთქვათ, რომ "ქართულ ოცნებას" ნუ დაუჭერთ მხარს და სხვას დაუჭირეთ, თუმცა ეს სხვა ახლა მხოლოდ ნაციონალური მოძრაობაა. ეს ადამიანები, ვინც მიმართვას ხელს აწერს, ძირითადად, "ნაციონალურ მოძრაობას" უჭერენ მხარს.

რაც შეეხება გია ხუხაშვილის მოსაზრებას, მისი თქმით, მიმართვა პირდაპირ "ნაციონალური მოძრაობის მხარდაჭერას ემსახურება.

"საკონსტიტუციო უმრავლესობა საფრთხეს არ წარმოადგენს, საფრთხეს ერთი რომელიმე პოლიტიკური პარტიის მიერ ძალაუფლების უზურპაცია ქმნის, თუმცა ის, რაც ხდებოდა წინა ხელისუფლების დროს, იმას არ ნიშნავს, რომ "ქართული ოცნებაც იმავე გზას გაივლის. წინასწარ საუბარი იმ რისკებსა და საფრთხეზე, რომელიც არ ჩანს, ვფიქრობ, რომ არ არის სამართლიანი," -განმარტა მან.

მიმართვაში, რომელსაც 45 პირი აწერს ხელს, მითითებულია, რომ მისი ადრესატები "საქართველოს რესპუბლიკური პარტია", "ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატები", "ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი", "პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის", "ახალი მემარჯვენეები", "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", "პოლიტიკური პლატფორმა - ახალი საქართველო" და "საქართველოს ლეიბორისტული პარტია" არიან.

 

მარიამ მენაბდიშვილი

myquiz