გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმეზე ბრალდებულ დავით ხეჩუაშვილზე ძებნაა გამოცხადებული | Allnews.Ge

გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმეზე ბრალდებულ დავით ხეჩუაშვილზე ძებნაა გამოცხადებული

დეპუტატ გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმეზე ბრალდებულებს წინასწარი პატიმრობა აქვთ შეფარდებული. როგორც მთავარ პროკურატურაში განაცხადეს, ბორის ჩაგუნავასა და დავით ხეჩუაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს თავად მიმართეს. აღსანიშნავია, რომ ხეჩუაშვილისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდება დაუსწრებლად მოხდა.

ამასთან, როგორც პროკურატურაში განმარტავენ, კანონმდებლობის შესაბამისად, ხეჩუაშვილზე ძებნაც გამოცხადდა.

ბორის ჩაგუნავას დაკავების, ხოლო დავით ხეჩუაშვილისთვის დაუსწრებლად ბრალის წარდგენის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, თუმცა არსებული ინფორმაციით, ჩაგუნავას აყვანა, 7 ოქტომბერს ჩატარებული სპეცოპერაციის ფარგლებში მოხდა. შესაბამისად, მას წინასწარი პატიმრობა 10 ოქტომბერს შეეფარდა. სასამართლომ რამდენიმე დღის წინ იმსჯელა ხეჩუაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზეც.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, გივი თარგამაძის ავტომანქანა 4 ოქტომბერს, ღამით, "პირიმზესთან" აფეთქდა. მანქანაში იმყოფებოდა თარგამაძე და მისი მძღოლი. დაშავდა 5 პირი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარი ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.