ლევან ბერძენიშვილი - ქვეყნის მართვა ვანდეთ იმ გუნდს, რომელსაც მართვის მოწმობა არ ჰქონდა | Allnews.Ge

ლევან ბერძენიშვილი - ქვეყნის მართვა ვანდეთ იმ გუნდს, რომელსაც მართვის მოწმობა არ ჰქონდა

დეპუტატ ლევან ბერძენიშვილის ინფორმაციით, წინასაარჩევნოდ "თავისუფალ დემოკრატებთან" გაერთიანებაზე "რესპუბლიკურ პარტიას" უარი არ უთქვამს, - ამის შესახებ ბერძენიშვილმა "პალიტრანიუსის" გადაცემაში "ჩემ კითხვა" სტუმრობისას, იმ კითხვის პასუხად განაცხადა, დაუშვეს თუ არა შეცდომა პროდასავლურმა პარტიებმა, როდესაც არ გაერთიანდნენ. ბერძენიშვილის თქმით, შეცდომების გასაანალიზებლად არჩევნებიდან საკმარისი დრო არ გასულა.

"მაგრამ ის შედეგი, რომელიც ჩვენ ცალ-ცალკე ვაჩვენეთ, არითმეტიკულადაც რომ შევკრიბოთ, არის კატასტროფა ქვეყნისთვის. ამიტომ განურჩევლად იმისა, ჩვენ დავუშვით თუ არა შეცდომა, ჩვენს გარდა ვიღაცამ კიდევ დაუშვა შეცდომა. მე ვფიქრობ, საზოგადოება შეცდა, როდესაც ერთპარტიული პარლამენტი შექმნა. ჩვენ და "თავისუფალი დემოკრატები" შეიძლებოდა, ერთად ვყოფილიყავით და საერთო ჯამში მივიღებდით 7%-ს. მე მგონი, ეს ის არ არის, რაც ქვეყანას სჭირდება. ქვეყანას გაცილებით მეტი სჭირდებოდა, ამიტომ ჩვენი შეცდომები გასათვალისწინებელია.

იგი არის 2%-იანი შეცდომა, საზოგადოების შეცდომა არის 100%-იანი, ამიტომ აქ ერთად უნდა გავითვალისწინოთ პასუხისმგებლობა ჩვენ და საზოგადოებამ. 50% საერთოდ არ მოვიდა არჩევნებზე, ამიტომ პირდაპირ გეუბნებით, ეს არის 50%-იანი შეცდომა. ყოველი მეორე ამომრჩეველი შეცდა, ჩვენ კი გვაქვს პატარა შეცდომა - 1,5% მივიღეთ და დიდი-დიდი კიდევ 1,5 შეცდომა დავუშვით. ადვილია პარტიების დადანაშაულება, რომ ისინი არ გაერთიანდნენ, შეცდნენ და ა.შ., მაგრამ გაერთიანების შემთხვევაშიც კი მაქსიმუმი, რასაც მიაღწევდა ლიბერალური ღირებულების მქონე პროდასავლური პარტიები, იქნებოდა 10%.

90%-ს მაინც მიიღებდნენ პირველი და მეორე ხელისუფლებები, რაც იმას ნიშნავს, რომ პრობლემა არ არის მარტო პოლიტიკურ სისტემაში, პრობლემა არის საზოგადოებრივ ცნობიერებაშიც და განათლების საერთო ცენზშიც. თუმცა მე თანახმა ვარ, თქვენთან ერთად ჩვენც შევისწავლით ჩვენს შეცდომებს და გავაანალიზებთ", - განაცხადა ბერძენიშვილმა.

მისივე თქმით, შეკითხვა გაერთიანებასთან დაკავშირებით "რესპუბლიკურ პარტიასთან" არ არის.

რესპუბლიკურ პარტიას" არ უთქვამს გაერთიანებაზე უარი, უბრალოდ არავისგან მიგვიღია მსგავსი წინადადება.

"პირიქით, "თავისუფალი დემოკრატები" მუდმივად თვლიდნენ, რომ მათ აქვთ უპირატესობა და არავისთან გაერთიანებას არ აპირებდნენ. პირველად მათ თქვეს, რომ არავისთან გაერთიანებას არ აპირებდნენ. ამიტომ ეს შეკითხვა, თუ მაინც და მაინც პატიოსანი გვინდა ვიყოთ, ვიცით ვისკენ მიდის.

მაგრამ იმ შემთხვევაშიც კი, რომ ასეთი დიდი სიბრძნე გამოგვეჩინა და გავერთიანებულიყავით, რისთვისაც "რესპუბლიკური პარტიის" შედეგი იქნებოდა, რომ 1 პარლამენტარს გაიყვანდა პარლამენტში, ეს არ არის ის შედეგი, რომელიც საქართველოს უკეთესს გახდიდა. ამიტომ უნდა მივეჩვიოთ ერთ რამეს - პარტიული ბრძოლა იქნება მომავალშიც, არა კონგლომერატებს, არამედ პარტიებს შორის და ხალხი გააკეთებს კვლავ არჩევანს. გაერთიანება ძნელია და ხანდახან აზრი მას არა აქვს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში არაფერი შეიცვლებოდა ამ გაერთიანებით", - დასძინა ლევან ბერძენიშვილმა.

ბერძენიშვილს მაყურებელმა დაუსვა კითხვა, თუ რატომ დაამარცხა ლევან გოგიჩაიშვილმა, გიორგი ვოლსკიმ, გიორგი კახიანმა, ეკა ბესელიამ და მანანა კობახიძემ "რესპუბლიკური პარტია". მაყურებელმა ისინი "ბარსელონას" გუნდს შეადარა.

ჩვენ ბიძინა ივანიშვილმა დაგვამარცხა და ჩვენ კი არ დაგვამარცხა, არამედ საქართველოში, ყველა პოლიტიკური პარტია დაამარცხა.

"წაგებულებში მარტო "რესპუბლიკური პარტია" არ არის, აქ წააგო ყველა პარტიამ, რომელიც მონაწილეობდა, გარდა სახელისუფლებო პარტიისა. კვაჭანტირაძეს არ მოუგია ჩვენთვის და იმ ხალხს, თუ იმას გულისხმობთ, რომ უსუფაშვილი მართლა ლევან გოგიჩაიშვილმა დაამარცხა, ეგ არ არის გულწრფელი ლაპარაკი.

უსუფაშვილი დაამარცხა იმ გოგიჩაიშვილმა, რომლის უკან იგულისხმება ბიძინა ივანიშვილი. ის ხალხი, ვინც თქვენ დაასახელეთ, ცალსახად აღიარებული დიდი პოლიტიკოსები არ არიან. უსუფაშვილი ნებისმიერ დებატებს მოუგებს ყველას, გნებავთ ცალ-ცალკე, გნებავთ ერთად. აქ ამაში არ ყოფილა საქმე, რომ ეკა ბესელია ინტელექტით აღემატება კორძაიას. ამაზე საუბარი არ ყოფილა", - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

მისივე თქმით, არჩევნებში "რესპუბლიკური პარტიის" დამარცხება განაპირობა არა პერსონალურმა უპირატესობამ, არამედ პარტიულმა კუთვნილებამ.

"დიახ, იმ პარტიაში ყოფნა ადვილია, სადაც ხალხი იმარჯვებს. თქვენ მიერ ჩამოთვლილ ხალხს ბევრ საკითხზე პოზიციაც კი არ გააჩნდა, ეს ის ადამიანები არიან, ვისაც ძლივს მივაღებინეთ ანტიდისკრიმინაციული კანონი. მათ შორის გაგა კახიანს, რომელსაც ეშინოდა ჩემს შვილთან ვინმე მამათმავალი არ შევიდეს მასწავლებლადო. ამას ლაპარაკობდა პოლიტიკოსი კაცი, 21-ე საუკუნეში.

აქ ლაპარაკი არ არის იმაზე, რომ ეს ძალიან ძლიერი გუნდია. ეს ძალიან სუსტი გუნდია. გარდა ამისა, თქვენ დაასახელეთ ხალხი, ვისაც იცნობთ და მათ გარდა 120 ადამიანია პარლამენტში შეყვანილი, რომელთაც არ იცნობთ. არც თქვენ იცნობთ, არც ჩვენ ვიცნობთ და დიდი ეჭვი მაქვს არც კვირიკაშვილი იცნობს. ვანდეთ ქვეყნის მართვა იმ გუნდს, რომელსაც მართვის მოწმობა არ ჰქონდა", - აღნიშნა ლევან ბერძენიშვილმა.

myquiz