დავით უსუფაშვილმა არჩევნებში დამარცხების მიზეზები განმარტა | Allnews.Ge

დავით უსუფაშვილმა არჩევნებში დამარცხების მიზეზები განმარტა

"რესპუბლიკური პარტიის" ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში დამარცხების მიზეზებზე ისაუბრა.

"მართალია "რესპუბლიკურმა პარტიამ" არჩევნებზე ძალიან ცუდი შედეგი მიიღო, მაგრამ ეს რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა,"-განაცხადა უსუფაშვილმა გადაცემა "2030"-ის ეთერში, - "პირველი ისაა, რომ ჩვენ ამომრჩეველმა კოალიციურ პერიოდზე პასუხისმგებლობა სრულად დაგვაკისრა და იმავე პერიოდში ჩვენი დამსახურება ვერ დაინახა. პოლიტიკურ წრეებსა და საზოგადოებაში ჯერ ეს პოლიტიკური კულტურა დამკვიდრებული არ არის. ამომრჩევლის მხოლოდ ერთმა ნაწილმა დაინახა ის, რომ ჩვენ კოალიციური ვალდებულებები პირნათლად შევასრულეთ, უმრავლესობა არ დავშალეთ და სამთავრობო კრიზისები არ დავუშვით," - განმარტა მან.

მეორე მიზეზად პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი დაასახელა, - "ბიძინა ივანიშვილმა ურჩობისთვის სრულიად მიზანმიმართულად დაგვსაჯა, რადგან მისი რჩევა არ გავითვალისწინეთ და ამის უფლება მას ჰქონდა. მოკლედ, ბიძინას მოტანილი ბიძინამ წაიღო. მთელი მისი საჯარო კამპანია აქეთ იყო მიმართული და მეც იძულებული გავხდი, მის განცხადებებზე ნაწილობრივ მეპასუხა. ეს ამბავი საერთოდ არ უნდა მომხდარიყო," - უსუფაშვილის თქმით, რესპუბლიკურ პარტიას იმის გააზრება მართებს, არის თუ არ დღევანდელი საზოგადოების მოთხოვნისთვის ადეკვატური.

გადაცემაში დავით უსუფაშვილმა ასევე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პარლამენტში შესვლის ფაქტსა და მიხეილ სააკაშვილზეც ისაუბრა, - "ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა" ოთხი წლის განმავლობაში ერთმანეთს უბრალოდ არ უსმენდა და ეს დღესაც გარანტირებული გვაქვს," - აღნიშნა მან.

"რესპუბლიკელების" ლიდერის თქმით, მიხეილ სააკაშვილს ძალაუფლება დღესვე უნდა, დანარჩენებს კი ხანგრძლივი ბრძოლისთვის აქვთ მზაობა, - "მიხეილ სააკაშვილის ჩამოშორების პროცესი მიმდინარეობს და თუ ეს ლოგიკურად დასრულდება, ქართული პოლიტიკური სისტემისთვის ეს კარგი იქნება, რადგან ამ შემთხვევაში "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური გუნდი ეცდება, საზოგადოებისთვის მისაღები გახდეს," - უსუფაშვილმა ასევე დასძინა, რომ მიხეილ სააკაშვილის გარეშე "ნაციონალურ მოძრაობას" იმაზე მეტი შანსი აქვს, ვიდრე - "ქართულ ოცნებას ბიძინა ივანიშვილის გარეშე.

შეგახსენებთ, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ცესკოს მონაცემების მიხედვით, "რესპუბლიკურმა პარტიამ" 27 279 ხმა მიიღო, რაც 1,55%-ს უდრის, შესაბამისად პარტიამ საარჩევნო ბარიერის გადალახვა ვერ შეძლო.

myquiz