პოლიტიკური რეალობა საპარლამენტო მანდატებს მიღმა | Allnews.Ge

პოლიტიკური რეალობა საპარლამენტო მანდატებს მიღმა

საპარლამენტო არჩევნები და მასთან დაკავშირებული სავარაუდო კრიზისული მდგომარეობა უკან დარჩა, წინ ახალი პოლიტიკური რეალობაა, რომელმაც მომავალი 4 წლის განმავლობაში საქართველოს ბედი, მიმართულება, რეფორმები და საგარეო კურსი უნდა განსაზღვროს.

მიუხედავად იმისა, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, არჩევნების საბოლოო შედეგები ჯერ კიდევ არ გამოუქვეყნებია, პოლიტიკურ სუბიქტთა ნაწილი კი მეორე ტურისთვის ემზადება, პოლიტიკურ სპექტრში მნიშვნელოვანი ძვრები მაინც შეინიშნება.

ელექტორატის გადაწყვეტილებამ გულგრილი არ დატოვა ბევრი პოლიტიკური მოღვაწე და პარტიის ლიდერი. საზოგადოებაში აქტიურად საუბრობენ პაატა ბურჭულაძის მიერ პარტია" პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის" დატოვების შესახებ. აღნიშნული ფაქტი, პარტიის წევრმა გოგა კალაძემ გუშინ რუსთავი 2-ის ეთერში ვერ უარყო, თუმცა, არსებული ცნობა არც დაუდასტურებია. წავა თუ არა წინასაარჩევნოდ შექმნილი პარტიის ლიდერი პოლიტიკიდან ამ დრომდე უცნობი რჩება, თუმცა როგორც პარტიის წევრი გიორგი ვაშაძე ამტკიცებს, "სახელმწიფო ხაოლხისთვის" არ დაიშლება და ბრძოლას აქტიურად განაგრძობს.

"ჩვენ ახალგაზრდა პოლიტიკური პარტია ვართ, რომელიც უკვე საარჩევნო სუბიექტია, რაც ნიშნავს უკვე თავისთავად სერიოზულ მიღწევას და ვაგრძელებთ ბრძოლას საქართველოს უკეთესი მომავლისთვის"- განაცხადა ვაშაძემ.

როგორ გადანაწილდება საპარლამენტო მანდატები პოლიტიკურ პარტიებს შორის

"ქვეყნის ახალ ეტაპზე გადაყვანისთვის" ბრძოალას "თავისუფალი დემოკრატებიც" განაგრძობენ თუმცა, ახლა უკვე პარტიის ლიდერისა და ზოგიერთი წევრის გარეშე. გუნდის დატოვების გადაწყვეტილება ირაკლი ალასანიამ და ალექსანდრე პეტრიაშვილმა მიიღეს, პროდასავლური კურსის "სადარაჯოზე" "თავისუფალი დემოკრატები" შეთხელებული რიგებით დარჩნენ, პარტიის წევრი ნინო გოგუაძე არსებულ კრიზისზე საუბრობს, თუმცა პარტიის დაშლას გამორიცხავს და საქართველოსთვის, როგორც ევროპული სახელმწიფოსთვის ბრძოლის აუცილებლობას უსვამს ხაზს.

"თავისუფალი დემოკრატების" წევრების განცხადებების მიუხედავად, პარტიის ბრძოლისუნარიანობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი.

ALLNEWS.GE-სთან საუბარში ხუხაშვილმა განაცხადა, რომ პირველი მარცხის შემდეგ პარტიის დაშლა, მის არასიცოცხლისუნარიანობაზე მეტყველებს.

მიუხედავად ამისა, რომ ახალ პოლიტიკურ რეალობაში პარლამენტის თავმჯდომარეც პარლამენტის მიღმა დარჩა, "რესპუბლიკური პარტია კულისებში ყოფნასა და ძილის მდგომარეობაში გადასვლას არ გეგმავს. განცხადება ამის შესახებ პარტიის წევრმა ვახტანგ ხმალძემ გააკეთა და განმარტა, რომ "რესპუბლიკური პარტია" გააგრძელებს თავის პოლიტიკურ საქმიანობას.

"არჩევნების შედეგებს სჭრიდება გაანალიზება, მათ შორის, ჩვენს მოქმედებას სჭირდება გაანალიზება - რამდენად იყო სწორი, სად იყო შეცდომები დაშვებული, რამ გამოიწვია ასეთი შედეგი.

არ ვართ ჩვენ ის ხალხი, ვინც მხოლოდ გარე ფაქტორებს დააბრალებს შედეგს.

შედეგები დგება ერთობლივად - სხვისი და საკუთარი მოქმედებებიდან გამომდინარე"- განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.

პარტიის წევრებისგან განსხვავებით, პოლიტოლოგები რესპუბლიკელების მოსაზრებას ოპტიმისტურ მომავალზე არ იზიარებდნენ, გია ხუხაშვილის განმარტებით, რესპუბლიკურ პარტიას საკუთარი ელექტორატი არასდროს ჰქონია.

ამომრჩეველთა 27%-ის ნდობის მიუხედავად "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" უაკანასკნელ დღეებში არც ისე ერთიანია. პარტიის შიგნით მკვეთრი აზრთასხვადასხვაობა პარლამენტში შესვლის საკითხმა გამოიწვია.

პოლიტოლოგები ე.წ საკაშვილისა და ბოკერიას გუნდების ჩამოყალიბებაზე საუბრობენ.

"დღეს ვხედავთ რომ პარტიაში განვითარების 2 სხვადასხვა სცენარია. ერთი - პირობითად მიხეილ სააკაშვილის სცენარი, რომელიც ფორსირებულ და ძალიან მოკლევადიან კრიზისზეა ორიენტირებული და მეორე - პირობითად ბოკერიას გზა, რომელიც 2020 წელს ხელისუფლებაში დაბრუნებაზეა ორიენტირებული. მე მეჩვენება, რომ სააკაშვილის მხარეს არგუმენტები უკვე ძალიან ცოტაა, ვინაიდან არჩევნებმა საერთაშორისო თანამეგობრობაში, სამოქალაქო საზოგადოებაში ლეგიტიმაცია მიიღო, საზოგადოებაში რევოლუციური განწყობები არაა, შესაბამისად, დღეს კრიზისის ინიცირება საკმაოდ ხელოვნური იქნებოდა და ძალიან მაღალი რისკის შემცველი პარტიის მომავლისთვის.

"ნაციონალურ მოძრაობაში" პარლამენტში შესვლის საკითხზე კვლავ აზრთა სხვადასხვაობაა

მე ვფიქრობ, პარტიაში ბოკერიას გზისკენ გადაიხრებიან და "ნაციონალური მოძრაობა" ნამდვილად არ გაიხლიჩება. სააკაშვილსაც კი აქვს იმის უნარი, წაგებას რომ ხედავს, არ წავიდეს პარტიის გახლეჩვაზე და უკან დაიხიოს. მიუხედავად იმისა, რომ აზრთა სხვადასხვაობა დარჩება, "ნაციონალური მოძრაობის" წევრები მაინც კონსოლიდირებულ გადაწყვეტილებას მიიღებენ", - განაცხადა ხუხაშვილმა.

კონკრეტულად რომელ სცენარს გაყვება ნაციონალური მოძრაობა და გამართლდება თუ არა პოლიტოლოგების ვარაუდები 19:30 საათზე ჩანიშნული პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ გაირკვევა. თუმცა, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს მთავარმა ოპოზიციურმა ძალამ, მეცხრე მოწვევის პარლამენტი სრულფასოვან ფუნქციონირებას მაინც შეძლებს, საზოგადოების ყურადღების ცენტრში კი დავით ბაქრძისა და დავით უსუფაშვილის შემცვლელის ვინაობა და პოლიტიკური წარსული მოხვდება.

ვინ გახდება პარლამენტის თავმჯდომარე?

სალომე აბულაშვილი

myquiz