რატომ ვერ გადალახეს ბარიერი "რესპუბლიკელებმა" და "თავისუფალმა დემოკრატებმა"? | Allnews.Ge

რატომ ვერ გადალახეს ბარიერი "რესპუბლიკელებმა" და "თავისუფალმა დემოკრატებმა"?

"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია პარტიას ტოვებს და პოლიტიკიდან მიდის. აღნიშნული გადაწყვეტილების ასახსნელად ალასანიამ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ "ვერ ხედავს შესაძლებლობას, აქტიურად მოახდინოს გავლენა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, ამიტომ დროებით მიდის პოლიტიკიდან".

მიმდინარე მოვლენებზე გავლენის მოხდენასა და "ქვეყნის ახალ ეტაპზე გადაყვანაში" თავისუფალ დემოკრატებს არჩევნებზე დაფიქსირებულმა შედეგებმა შეუშალა ხელი. ამ დროის მონაცემებით, პარტიას ამომრჩეველთა 4,62% უჭერს მხარს, რაც საკანონმდებლო ორგანოში მანდატების მოპოვების შესაძლებლობს არ იძლევა.

იმავე მდგომარეობაში, თუმცა გაცილებით ნაკლები მხარდამჭერით, აღმოჩნდა დავით უსუფაშვილი და რესპუბლიკური პარტია. პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე პარლამენტის მიღმა აღმოჩნდა. სამომავლო გეგმებზე საუბრისგან თავი შეიკავა და საკუთარ თავს იგივე რჩევა მისცა, რაც მთავრობის ყოფილ მეთურს ირაკლი ღარიბაშვილს.

"როდესაც ირაკლი ღარიბაშვილი გადადგა და იყო საუბრები, ახლა რას გააკეთებს, მე მაშინ საჯაროდ ვურჩიე, რომ ახლა მოდი, საახალწლო სუფრას მიუჯექი და ბოლომდე ჩარგე თავი საცივში და მერე იფიქრე მომავალზე-თქო. ახლა ჩემ თავსაც დაახლოებით ამას ვუსურვებ, მერე ვნახოთ"- განაცხადა უსუფაშვილმა.

ALLNEWS.GE დაინტერესდა რატომ ვერ მოახერხეს "თავიუფალმა დემოკრატებმა" და "რესპუბლიკელებმა" საპარლამენტო მანდატების მოპოვება იმ პირობებში, როდესაც არჩევნებამდე 2 თვით ადრე "ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის თანახმად გამოკითხულთა 57%-ს ჯერ კიდევ არ ჰქონდა გადაწვეტილი ვის მისცემდა ხმას.

PR- ექსპერტი ელდარ პირმისაშვილი მიიჩნევს, რომ იმ პირობებში, როდესაც ელექტორატის საკმაოდ დიდ ნაწილს არც მმართველი პარტიისა და არც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის არჩევა აღარ სურდა, "რესპუბლიკური პარტიისთვის" და "თავისუფალი დემოკრატებისთვის" ოპტიმალური ვარიანტი მესამე ძალად პოზიციონირება იქებოდა.

"აღნიშნული ნიშის დაკავება როგორც რესპუბლიკელებს ისე, თავისუფალ დემოკრატებსაც შეეძლოთ.

ფაქტობრივად ეს ყველაფერი პატრიოტთა ალიანსმა უფრო მეტად მოახერხა.

ალიანსის მთავარი გზავნილი სწორედ ეს იყო - ვისაც არ გინდათ არც ერთი პარტია მაშინ ხმა მომეცით მე. ამ ნიშას ალასანია და დემოკრატები ვერ მოერგნენ და ისინი მიყვნენ იმ განცხადებებს, რომელიც ისედაც გაცვეთილი იყო, პოლიტიკაში არსებობს უკვე გამოყენებული გზავნილები, რომელიც ნაკლებად საინტერესოა და შესაბამისად ნაკლებად მუშაობს საზოგადოებაზე"- აგანაცხადა პირმისაშვილმა.

ექსპერტის განმარტებით ამ პარტიების წინასაარჩევნო კამპანია უნდა ყოფილიყო განსხვავებული და გამოკვეთილი.

ელდარ პირმისაშვილის თქმით, საზოგადოებას უფრო რადიკალური მიდგომები, განცხადებები და მკვეთრი ლიდერი სურდა, ირაკლი ალასანიას კი საკუთარი იმიჯი ხელს უწყობდა.

"ალასანიას ჰქონდა შანსი, რადგან მას აქვს კარგი იმიჯი თუმცა, ამ იმიჯს საზოგადოებამდე სწორად მიტანა სჭირდება, ის არ შეეცადა ყოფილიყო ახლოს ხალხთან და მომეჩვენა რომ უფრო მეტად პოზა დაიჭირა, ჩარჩოში ჩაჯდა და კლასიკური კამპანია აწარმოა"- განმარტა ექსპერტმა.

რესპუბლიკელებზე საუბრისას პირმისაშვილმა აღნიშნა რომ მათ თავიდანვე ნაკლები შანსი ჰქონდა, საკუთარი პოლიტიკიდან დ ღირებულებებიდან გამომდინარე, ამიტომ ბლოკში უნდა გაერთიანებულიყვნენ.

myquiz