"თავისუფალი დემოკრატები" "კარუსელის" დატრიალების მცდელობაზე საუბრობენ | Allnews.Ge

"თავისუფალი დემოკრატები" "კარუსელის" დატრიალების მცდელობაზე საუბრობენ

"ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატები" არჩევნების მიმდინარეობისას დაფიქსირებულ დარღვევებზე საუბრობენ.

როგორც საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ცაგარეიშვილმა განაცხადა, საუბარია, როგორც ბიულეტენებში არსებულ შეცდომებზე, ასევე ბათუმში, ერთ-ერთი საარჩევნო უბნიდან ბიულეტენების გამოტანაზე, რაც არის კარუსელის დატრიალების მცდელობა.

"ჩვენი ინფორმაციით, ლაგოდეხში, №2 უბანზე დაფიქსირდა, რომ გამგებელი ეწეოდა აგიტაციას, ასევე ლაგოდეხში დაფიქსირდა, რომ ჯემალ კუსიანი ეწეოდა აგიტაციას "ქართული ოცნების" სასარგებლოდ. ლაგოდეხის (№26 ოლქში ) მე-9 უბანზე, სოფელ თელაში 5 მოქალაქე არ არის ამომრჩეველთა სიაში რეგისტრირებული, რის შესახებაც საჩივარი უკვე დაწერილია. სერიოზული დარღვევაა ის, რომ ლაგოდეხის რაიონში მე-15 ოლქის, მე-26 უბანში, სოფელ მაწიმში, ბიულეტენში 27 ნომრის გასწვრივ "თავისუფალი დემოკრატების" კანდიდატის ვახტანგ მჭედლიძის ნაცვლად მითითებულია მალხაზ დავითაშვილი. ასეთი ბიულეტენი აღმოჩნდა 38 ცალი", - განაცხადა ცაგარეიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, ბაღდათში მე-3 უბანზე, დაფიქსირდა ხმის მიცემა ხელმოწერის გარეშე, რაზეც პარტიამ საჩივარი შეადგინა.

ცაგარეიშვილის ინფორმაციით, №30-ე უბანზე რუსთავში ხმა მისცეს იუსტიციის სამინისტროს მიერ გაცემული ცნობით, პირადობის მოწმობის გარეშე, ისანში საარჩევნო კაბინაში იპოვეს ბეჭდაუსმელი ბიულეტენი, რომელზეც შემოხაზული იყო ნომერი 14 (საჩივარი), ხოლო დიდუბეში მე-14 საარჩევნო უბანზე საკონტროლო ქაღალდზე არ დააფიქსირეს დრო და ამის გამო გახსნეს ყუთი. ცაგარეიშვილის ინფორმაციით, ხმის მიცემის პროცედურა ამჟამად აღდგენილია, თუმცა საეჭვოა ზოგადად უბნის შედეგებისადმი ნდობის გამოცხადების საკითხი.

"გლდანში 86-ე უბანზე, აღმოჩენილია დარღვევა, კერძოდ, გაცემულია ერთით მეტი პროპორციული ბიულეტენი და არსებობს კარუსელის დატრიალების საფრთხე. ქობულეთში მე-10 უბანზე არის 2 შესასვლელი კარი და ერთი არ იყო დალუქული. ლაგოდეხის რაიონში სოფელ მაწიმში, ბიულეტენში 27-ე ნომრის გასწვრივ ვახტანგ მჭედლიძლის ნაცვლად მითითებულია მალხაზ დავითაშვილი. ასეთი ბიულეტენი აღმოჩნდა 38 ცალი. კენჭისყრა შეაჩერეს საბურთალოზე მე-6 უბანზე და ხმები გადათვალეს, რაც არის კენჭისყრის პროცედურების შეჩერება და წარმოადგენს კანონის გადაცდომას.

ასევე თიანეთი- დუშეთი- ყაზბეგის ბიულეტენები აღმოჩნდა 26-ე ლაგოდეხის მაჟორიტარულ საარჩევნო უბანზე. ბათუმის საარჩევნო უბანზე ჩვენი წარმომადგენლების მიერ აღკვეთილ იქნა ბიულეტენების გამოტანა უბნიდან, რაც მიუთითებს კარუსელის დატრიალების მცდელობაზე. ხონში მე-14 უბანზე, 5-დან 2 ადამიანი არ აკეთებდა მარკირებას. (დარღვევა აღმოიფხვრა) ხელვაჩაურის 72-ე მაჟორიტარულ ოლქის 30-ე საარჩევნო უბანზე ჩვენმა დამკვირვებელმა აღკვეთა მარკირებული ადამიანის შესვლა საარჩევნო უბანზე", - განაცხადა გიორგი ცაგარეიშვილმა.

myquiz