არასამთავრობო ორგანიზაციებმა საარჩევნო უბნებზე დარღვევები დააფიქსირეს | Allnews.Ge

არასამთავრობო ორგანიზაციებმა საარჩევნო უბნებზე დარღვევები დააფიქსირეს

"სამართლიანმა არჩევნებმა" და "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" საარჩევნო უბნებზე რამდენიმე დარღვევა დააფიქსირეს.

დაფიქსირდა საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადოდ წარმოების - 7, საკონტროლო ფურცლის არასათანადოდ შევსების - 5, დამკვირვებლის უფლებების შეზღუდვის - 2, უბანზე აგიტაციის - 1 და საარჩევნო უბანზე არაუფლებამოსილი პირების ყოფნის - 2 შემთხვევა, - ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" აღმასრულებელმა დირექტორმა მიხეილ ბენიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ დროისთვის "სამართლიანი არჩევენების" დამკვირვებლების მიერ დაფიქსირდა შემდეგი სახის დარღვევები, ერთ-ერთი მათგანია დამკვირვებლის უფლებების შეზღუდვა, კერძოდ, №41 მაჟორიტარული ოლქის (გორი) №96 საარჩევნო უბანზე "სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებელი დაგვიანებით შეუშვეს უბანზე იმ მიზეზით, რომ აკრედიტაციას არ ჰქონდა ბეჭედი;

№23 მაჟორიტარული ოლქის (საგარეჯო) №5 საარჩევნო უბანზე 7 საათიდან 8 საათამდე პერიოდში, კერძოდ, უბნის გახსნის პროცედურებზე დასაკვირვებლად, საუბნო საარჩევნო კომისიამ არ დაუშვა საერთაშორისო დამკვირვებლები.

ასევე საკონტროლო ფურცლის შევსების პროცედურასთან დაკავშირებული ხარვეზები, კერძოდ, №36 მაჟორიტარული ოლქის (მარნეული) №5-ე და №49 მაჟორიტარული ოლქის (ქუთაისი) №70 საარჩევნო უბანებზე საკონტროლო ფურცელში ამომრჩევლის ნაცვლად დამკვირვებლის მონაცემები შეიტანეს;

№70 მაჟორიტარული ოლქის (ბათუმი) №58 საარჩევნო უბანზე საკონტროლო ფურცლის არასათანადოდ შევსების გამო საარჩევნო უბანი ნახევარი საათის დაგვიანებით გაიხსნა; №36 მაჟორიტარული ოლქის (მარნეული) №5 საარჩევნო უბანზე საკონტროლო ფურცელი ყუთში პროცედურის დარღვევით, კერძოდ, ორი ამომრჩევლის მიერ ხმის მიცემის შემდეგ ჩააგდეს; №35 მაჟორიტარული ოლქის (მარნეული) №14 საარჩევნო უბნის გადასატან საარჩევნო ყუთში საკონტროლო ფურცელი არ იქნა მოთავსებული.

საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადოდ წარმოება - №24 მაჟორიტარული ოლქის (გურჯაანი) №11 საარჩევნო უბანზე ჩანაწერთა წიგნში არ შეიტანეს წილისყრით გამოვლენილი ფუნქციების ცვლილების შესახებ ინფორმაცია, რაც აღმოიფხვრა "სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებლის მითითების შემდეგ;

№25 მაჟორიტარული ოლქის (სიღნაღი) №29 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორი ბიულეტენებს ხელმოწერითა და ბეჭდით წინასწარ ამოწმებდა;

№31 მაჟორიტარული ოლქის (გარდაბანი) №31-ე, №42 მაჟორიტარული ოლქის (ხაშური) №32-ე, №41 მაჟორიტარული ოლქის (გორი) №34-ე და №60 მაჟორიტარული ოლქის (ჩოხატაური) №2-ე საარჩევნო უბნებზე საარჩევნო კომისიამ სადემონსტრაციო ოქმებში შესაბამისი მონაცემები არ შეიტანა;

№69 მაჟორიტარული ოლქის (ბათუმი) №8 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა ბულეტენები სხვადასხვა კონვერტში მოათავსა.

აგიტაცია საარჩევნო უბანზე - №44 მაჟორიტარული ოლქის (ახალციხე) №24 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველი ერთ-ერთი პარტიის სააგიტაციო მასალით გამოცხადდა. "სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებლის მითითების საფუძველზე დარღვევა აღმოიფხვრა.

არაუფლებამოსილი პირის ყოფნა უბანზე - №23 მაჟორიტარული ოლქის (საგარეჯო) №9 საარჩევნო უბანზე ერთ-ერთი პარტიის ორი წარმომადგენელი იმყოფებოდა, რაც "სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებლის მითითების შემდეგ აღმოიფხვრა; №39 მაჟორიტარული ოლქის (კასპი) №26 საარჩევნო უბანზე ნაკადის მომწესრიგებელი არ არეგულირებდა ამომრჩეველთა რაოდენობას უბანზე, რაც გამოსწორდა დამკვირვებლის მითითების შემდეგ.

როგორც ბენიძემ აღნიშნა, "სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებლების მიერ ამ დროისთვის საუბნო საარჩევნო კომისიებში წარდგენილია 19 საჩივარი, ხოლო, საოლქო კომისიებში 12 საჩივარი. ჩანაწერთა წიგნში დაფიქსირებულია 30 შენიშვნა.

რაც შეეხება საიას, ასოციაციის ხელმძღვანელის, ანა ნაცვლიშვილის თქმით, ამ დროისთვის საარჩევნო პროცესი ძირითადად მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, თუმცა რამდენიმე დარღვევა დაფიქსირდა.

ანა ნაცვლიშვილის თქმით, ამ პერიოდისთვის ძირითადი დარღვევები დაფიქსირებულია წილისყრის პროცედურებთან და რამდენიმე სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენლების არასათანადო ქცევასთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, ზოგადად ძირითადად უბნები დროულად გაიხსნა და აღჭურვილი იყო შესაბამისი მასალით,-"გამოვლინდა რამდენიმე შემთხვევა როგორც თბილისში, ისე საქართველოს რეგიონებში, როდესაც გადასატანი ყუთის წამღები კომისიის წევრების გამოსვლენად წილისყრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა, ეს ჩვენი შეფასებით, წარმოადგენს არასათანადო შესრულებას კომისიის წევრის მოვალეობის. ჩვენ ამასთან დაკავშირებით საჩივრები დავწერეთ.

მიგვაჩნია, რომ კომისიის წევრები ამგვარ წილისყრებში უნდა მონაწილეობდნენ. ჩვენთვის ასევე ცნობილი გახდა ინფორმაცია, რომ რამდენიმე ოლქში შესაბამისმა თავმჯდომარეებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ის წევრები, რომელბიც წილისყრაში მონაწილეობაზე უარს აცხადებდნენ, არც სხვა ფუნქციების გამოსავლენ წილისყრებში მიიღებდნენ მონაწილეობას და მხოლოდ თავმჯდომარის შესაბამის მითითებებს შეასრულებდნენ დღის განმავლობაში. ჩვენ ასევე მოვიპოვეთ დირექტივა, რომელიც მიცემული იყო საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეებისთვის, რომ ისინი ასე მოქცეულიყვნენ," - განაცხადა ასოციაციის ხელმძღვანელმა.

ანა ნაცვლიშვილის თქმით, თბილისში ორ უბანზე - ნაძალადევის 26-ე უბანსა და დიდუბეში მე-11 უბანზე დაფიქსირდა სადამკვირვებლო ორგანიზაციების წევრების მხრიდან ეთიკის ნორმების დარღვევა და არასთანადო ქცევა.

myquiz