თავდაცვის და შს სამინისტროები გიგა ბოკერიას განცხადებას "უსაფუძვლოს" უწოდებენ | Allnews.Ge

თავდაცვის და შს სამინისტროები გიგა ბოკერიას განცხადებას "უსაფუძვლოს" უწოდებენ

საქართველოს თავდაცვის და შინაგან საქმეთა საქმეთა სამინისტროები უარყოფენ ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს სამხედროების და პოლიციელების უდიდეს ნაწილს არჩევნებში მონაწილეობის მიღების საშუალება არ ექნებათ.

როგორც  შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

რაც შეეხებას თავდაცვის სამინისტროს, უწყება "ნაციონალური მოძრაობის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას განცხადებით ეხმაურება, სადაც განმარტავს, რომ ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის მხრიდან გაკეთებული განცხადება, რომ სამხედრო მოსამსახურეებს არ აძლევენ ხმის მიცემის საშუალებას.

"საქართველოს მთავრობის 2016 წლის 24 აგვისტოს №410 დადგენილების თანახმად, 2016 წლის 8 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნების დღისთვის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ნაწილებში სპეციალური საარჩევნო უბნები არ იქმნება. ამავე დადგენილების - "ზოგიერთი კატეგორიის მოსამსახურეთა ამომრჩეველთა სპეციალური სიის შედგენისა და საოლქო საარჩევნო კომისიისათვის წარდგენის, აგრეთვე მათი არჩევნებში მონაწილეობისათვის სათანადო პირობების შექმნის წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ" მე-2 მუხლის ვ) პუნქტის შესაბამისად, სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოსამსახურეები, რომლებიც ვერ ტოვებენ მუდმივი დისლოკაციის ადგილს, არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ სამხედრო ნაწილებთან ახლოს განლაგებულ ჩვეულებრივ სამოქალაქო საარჩევნო უბნებზე. ასეთი სულ 1290 სამხედრო მოსამსახურეა.

ამავე დადგენილების მე-4 მუხლის თანახმად, არჩევნების დღეს, ყველა განწესის/მორიგეობის ცვლა, შესაბამისი სამხედრო ნაწილის/ქვედანაყოფის მეთაურის ან დაწესებულების/ქვედანაყოფის ხელმძღვანელის მიერ უნდა განხორციელდეს 13:00 საათამდე.

გიგა ბოკერია - მივიღეთ ინფორმაცია, რომ ხვალ ჯარის და პოლიციის ნაწილს არჩევნებში ხმის მიცემის შესაძლებლობა არ ექნება

შესაბამისად, განწესში მყოფ სამხედრო მოსამსახურეებს შესაძლებლობა ექნებათ ხმა მისცენ საცხოვრებელი რეგისტრაციის ადგილზე სამორიგეო საათების შესაბამისად. თავდაცვის სამინისტროს დანარჩენი სამხედრო მოსამსახურეები, როგორ საქართველოს სხვა მოქალაქეები, არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ საცხოვრებელი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით.

გამომდინარე აქედან, ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის მხრიდან გაკეთებული განცხადება, თითქოს სამხედრო მოსამსახურეებს არ აძლევენ ხმის მიცემის საშუალებას, ყოველგვარ საფუძველს არის მოკლებული. თავდაცვის სამინისტრო მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ მსგავსი გადაუმოწმებელი და არასწორი ინფორმაციის გავრცელებისგან", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

myquiz