გიგა ბოკერია - მივიღეთ ინფორმაცია, რომ ხვალ ჯარის და პოლიციის ნაწილს არჩევნებში ხმის მიცემის შესაძლებლობა არ ექნება | Allnews.Ge

გიგა ბოკერია - მივიღეთ ინფორმაცია, რომ ხვალ ჯარის და პოლიციის ნაწილს არჩევნებში ხმის მიცემის შესაძლებლობა არ ექნება

"ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, ხვალ ჯარის და პოლიციის დიდ ნაწილს არჩევნებში ხმის მიცემის შესაძლებლობა არ ექნება.

როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ განმარტა, პარტიამ მიიღო ინფორმაცია, რომ ორი დღის წინ სამხედრო ნაწილებში მივიდა მინისტრ ლევან იზორიას ზეპირი ბრძანება, რომ ჯარისკაცების უდიდესი ნაწილი სამხედრო ნაწილებს ვერ დატოვებენ.

ბოკერიას მტკიცებით, იგივე სიტუაციაა რიგით პოლიციელებთან მიმართებაშიც.

"ჩვენთვის ცნობილი გახდა ივანიშვილის და მისი გუნდის უკანონო, მავნებლური განზრახვის შესახებ. ახალი რეგულაციებით, ჯარისკაცების უდიდესი ნაწილი ხმას მისცემს არა სპეციალურ უბნებზე, არამედ, უნდა მისცემოდათ საშუალება, რომ ხმა მიეცა იქ, სადაც ჩაწერილი იყო, საკუთარ მისამართზე. ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, სამხედრო ნაწილებში ორი დღის წინ მივიდა მინისტრ ლევან იზორიას ზეპირი ბრძანება, რომ არ აინტერესებს კანონის მოთხოვნები და უდიდესი ნაწილი ჯარისკაცების დარჩებიან საკუთარ ნაწილებში, რის შედეგადაც მათ არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა არ მიეცემათ. იდენტური ვითარებაა რიგით პოლიციელებთან მიმართებაში, სადაც, ჩვენი ინფორმაციით, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ დილის 08:00 საათიდან, 22:00 საათამდე მათი დიდი ნაწილი გადაყვანილი იქნებიან ყაზარმულ მდგომარეობაზე, მათაც არ მიეცემათ საკუთარი კონსტიტუციური უფლების განხორციელების შესაძლებლობა", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

თავდაცვის და შს სამინისტროები გიგა ბოკერიას განცხადებას "უსაფუძვლოს" უწოდებენ

პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ბიძინა ივანიშვილს და მის გუნდს მოუწოდა, აღნიშნული გადაწყვეტილებები ხვალამდე შეცვალოს.

"მივმართავთ ივანიშვილს და მის გუნდს - გასაგებია, რომ გესმით და იცით, რომ ჯარის და პოლიციის დიდი ნაწილი არ უჭერს მხარს თქვენს პოლიტიკას, არ მოგცემთ თქვენ ხმას, მაგრამ ეს ვერ გიხსნით ხვალინდელი მარცხისგან და მეორეც, ეს არის ჩვენი ჯარის, პოლიციის და საზოგადოების შეურაცხყოფა. ხვალიდან მომდევნო ოთხი წელი უნდა იყოთ ოპოზიციაში, ძალიან ცუდია, რომ მთავარი ოპოზიციური ძალა ასეთი უკანონო ჟესტით წავა ხელისუფლებიდან. მოგიწოდებთ, შეცვალოთ ეს უკანონო გადაწყვეტილება", - აღნიშნა გიგა ბოკერიამ.

ბოკერიას იმედი აქვს, რომ მთავრობა გადაწყვეტილებას შეცვლის.

myquiz