დავით უსუფაშვილი - ხვალ, სახელმწიფო ძალაუფლება ერთი დღით ქართველ ხალხს უკან გადაეცემა | Allnews.Ge

დავით უსუფაშვილი - ხვალ, სახელმწიფო ძალაუფლება ერთი დღით ქართველ ხალხს უკან გადაეცემა

ხვალ, 8 ოქტომბერს სახელმწიფო ძალაუფლება ერთი დღით უკან გადაეცემა ქართველ ხალხს იმისთვის, რომ ხვალ საღამოს ქართველმა ხალხმა სახელმწიფო ძალაუფლება მიანდოს თავის ახალ რჩეულებს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც მოქალაქეებს მიმართა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია, ყველა პოლიტიკურმა ლიდერმა და პოლიტიკურმა პარტიამ ძალიან მკაფიოდ განაცხადოს, რომ იგი აღიარებს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ შეჯამებულ შედეგებს და არ დააყრდნობს თავის მომავალ საქმიანობას საკუთარი კვლევების, თუ საკუთარი გათვლების შედეგად მიღებულ რიცხვებს.

"მე ვარ იმ პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც ასრულებს თავის 4-წლიან საქმიანობას და ამ შენობაში სულ მალე ადგილს დაუთმობს თქვენს მიერ არჩეულ ახალ პარლამენტს. ამ შენობაშიც და იმ სხვა შენობაშიც, ყველაფერი მზადაა იმისთვის, რომ ახალარჩეულმა პარლამენტმა დაიწყოს მუშაობა და გააგრძელოს ქვეყნის აღმშენებლობა.

ამასობაში, დასასრულს უახლოვდება საკმაოდ ხანგრძლივი და საკმაოდ დატვირთული საარჩევნო კამპანია. ხვალ, 8 ოქტომბერს სახელმწიფო ძალაუფლება ერთი დღით უკან გადაეცემა ქართველ ხალხს იმისთვის, რომ ხვალ საღამოს ქართველმა ხალხმა სახელმწიფო ძალაუფლება მიანდოს თავის ახალ რჩეულებს. ეს არის სახელმწიფოებრივი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი აქტი, რომლის მაღალ დონეზე განხორციელება ჩვენი ეროვნული თავმოყვარეობის საკითხია. ამისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ყველა ძირითადმა მოთამაშემ, ყველა ძირითადმა სუბიექტმა ამ პროცესის, მაღალ დონეზე, კანონის შესაბამისად და ჩვენი მდიდარი ეროვნული ტრადიციების შესაბამისად გავართვათ თავი ჩვენს ამოცანებს.

პირველ რიგში, აუცილებელია, რომ ყველა პოლიტიკურმა ლიდერმა და პოლიტიკურმა პარტიამ ძალიან მკაფიოდ განაცხადოს, რომ იგი აღიარებს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ შეჯამებულ შედეგებს და არ დააყრდნობს თავის მომავალ საქმიანობას საკუთარი კვლევების, თუ საკუთარი გათვლების შედეგად მიღებულ რიცხვებს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ უპირობოდ შეგვიძლია ნდობა გამოვუცხადოთ ქართულ სახელმწიფოს და საარჩევნო ადმინისტრაციას, ვინაიდან ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა წინ პოლიტიკური თავისუფლებისთვის, საარჩევნო დემოკრატიისთვის", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ამასთან, დავით უსუფაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია ასევე, რომ მოწოდების სიმაღლეზე დადგნენ სახელმწიფო დაწესებულებები და საჯარო მოხელეები.

"მეორე - ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო დაწესებულებებმა - ყველამ და არა მხოლოდ სამართალდამცავმა ორგანოებმა, პირუთვნელად და მიუკერძოებლად შეასრულონ თავისი კონსტიტუციური ფუნქცია: ემსახურონ საქართველოს, ქართულ სახელმწიფოს და არა რომელიმე პოლიტიკურ პარტიას, მის ლიდერს. თითოელი მათგანი, ვინც დღეს აღჭურვილია სახელმწიფო ძალაუფლებით - პოლიციელი იქნება, გამგებელი, თუ სხვა მოხელე, არის თავისუფალი საკუთარ არჩევანში, როგორც ინდივიდი. მას აქვს საშუალება მივიდეს და დააფიქსიროს საკუთარი არჩევანი, მაგრამ როდესაც ისინი ახორციელებენ საჯარო ძალაუფლებას, უნდა იყვნენ მოწოდების სიმაღლეზე და იყვნენ აბსოლუტურად მიუკერძოებელნი და ნეიტრალურები. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და დღეს და ხვალ ეს იქნება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი", - აღნიშნა უსუფაშვილმა.

ბრიფინგზე საკანონმდებლო ორგანოს სპიკერმა ხაზი გაუსვა არჩევნების დღეს უშუალოდ მოქალაქეების როლსაც და მათ მიმართა, არჩევანი საკუთარი სინდისის კარნახით გააკეთონ.

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პირველ რიგში ჩვენ, მოქალაქეებმა, ხალხმა, პირნათლად შევასრულოთ ჩვენი მოვალეობა. ხვალინდელი არჩევნები, განსაკუთრებულია იმიტომაც, რომ იგი ტარდება უპრეცენდენტო პოლიტიკური თავისუფლებების პირობებში. ჩვენ გადავდგით სერიოზული ნაბიჯები ბოლო წლების განმავლობაში იმისთვის, რომ თითოეულ თქვენგანს ჰქონოდა თავისუფალი არჩევანის გაკეთების საშუალება, მაგრამ მეტი თავისუფლება მეტი პასუხისმგებლობაცაა, ამიტომ თავისუფალ არჩევანს ჩვენ ინდივიდუალური პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ. მე დარწმუნებული ვარ, რომ მეტმა პოლიტიკურმა თავისუფლებებმა შექმნა ის ვითარებაც, როდესაც ჩვენი თანამოქალაქეების სერიოზული ნაწილი ბოლო დღეებამდე ვერ აკეთებდა თავის არჩევანს. დიახ, სწორია, ჩვენ ბევრი უნდა ვიფიქროთ, რადგან პასუხს ვაგებთ ჩვენს არჩევანზე.

ხვალ ჭეშმარიტების საკითხი არ წყდება. ხვალ არ იქნება მართალი და მტყუანი ამ პარტიის მხარდამჭერი და იმ პარტიის მხარდამჭერი. ხვალ ყველა მართალი ვიქნებით, ვინც საკუთარი სინდისით გავაკეთებთ არჩევანს. ჩვენ ვიქნებით მართალი ერის წინაშე და ღვთის წინაშე. ჩვენ თავისუფალი არჩევანი მოგვეთხოვება ხვალ და ეს არის ჭეშმარიტება. თავისუფალი არჩევანის შედეგად კი, ჩვენ მივიღებთ პარლამენტს, რომელმაც უნდა გააგრძელოს ქვეყნის მართვა", - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.