ვის ინტერესებში შედიოდა გივი თარგამაძის ავტომობილის აფეთქება | Allnews.Ge

ვის ინტერესებში შედიოდა გივი თარგამაძის ავტომობილის აფეთქება

გუშინ "კოლმეურნეობის მოედანზე" "პირიმზესთან" "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის," გივი თარგამაძის კუთვნილი ავტომობილის აფეთქებას საზოგადოების დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

პოლიტოლოგებს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრებები აქვთ. ვის ინტერესებში შეიძლება შედიოდეს არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, ოპოზიციური პარტიის წევრის ავტომობილის აფეთქება, ამის შესახებ Allnews.ge პოლიტოლოგთა შეფასებებს გთავაზობთ.

პოლიტოლოგის, რამაზ საყვარელიძის თქმით, მომხდარში "ნაციონალური მოძრაობის" მოტივაცია იკვეთება, რათა მათი ამომრჩევლების მხრიდან "ქართული ოცნების" მიმართ საპროტესტო მუხტი გაიზარდოს. "გივი თარგამაძის ლიკვიდაცია რომც მომხდარიყო და საბედნიეროდ არ მოხდა, ეს "ქართულ ოცნებას" მაინც არაფერს მისცემდა.

არ არის გივი თარგამაძე ის ღერძი, რომლის გაუნებელყოფითაც "ნაციონალურ მოძრაობას" რამე შეეცვლებოდა.

ასე რომ, მე ვერ ვხედავ "ქართული ოცნების" მოტივს, თუკი დავუშვებთ რომ ის არის ამის ინიციატორი. "ნაციონალური მოძრაობის" მოტივს კი ვხედავ, რადგან თუნდაც მათი მხარდამჭერებისთვის ეს ფაქტი გაზრდიდა "ქართული ოცნების" მიმართ საპროტეტსო მუხტს, მითუმეტეს, მოხდა აფეთქება, რომელშიც გივი თარგამაძე არ დაზიანებულა," - განაცხადა პოლიტიკის ექსპერტმა.

გივი თარგამაძის ავტომანქანის აფეთქების ფაქტზე გამოძიება დაიწყო - რა ვერსიები აქვთ ქართველ პოლიტიკოსებს

საყვარელიძემ ასევე დასძინა, რომ შესაძლოა აფეთქების შესახებ თავად გივი თარგამაძესაც სცოდნოდა, რისი თქმის საფუძველსაც, მისი განმარტებით, თარგამაძის არაადეკვატური რეაქცია აძლევს.

"რომ არ სცოდნოდა, მაშინ გივი თარგამაძე სხვანაირად მოიქცეოდა. გივი თარგამაძის რეაქცია არ იყო ადეკვატური. ის ძალიან მშვიდი იყო და არ ეტყობოდა შოკში ჩავარდნა," - განმარტა მან.

პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე ფაქტს "ნაციონალურ მოძრაობას" არ უკავშირებს, მისი თქმით, ყველაზე ადეკვატურია გამოძიების შდეგებს დაველოდოთ.

"ალბათ გამოძიებას უნდა დაველოდოთ, იმიტომ რომ ეს ფაქტი არც "ქართულ ოცნებას არ უნდა აწყობდეს და არც "ნაციონალურ მოძრაობას," რადგან გივი თარგამაძე მათი გუნდის წევრია. "ქართულ ოცნებას" რაც შეეხება, არამგონია, რომ არჩევნებამდე 3 დღით ადრე, წინასაარჩევნო კამპანიის დროს ვიღაცის ინტერესებში შედიოდეს, რომ აღნიშნული გააკეთოს.

მგონია, რომ ეს "ქართულ ოცნებას აღნიშნული ყველაზე ნაკლებად აწყობს,"- აღნიშნა ჩიტაძემ Allnews.ge-სთან საუბარში.

განსხვავებული მოსაზრება აქვს გია ხუხაშვილს, რომელიც აფეთქებას არა მმართველ პარტიას ან "ნაციონალურ მოძრაობას, არამედ მესამე მხარეს უკავშირებს.

გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების შედეგად დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა კვლავ მძიმეა

"არცერთი ეს ვერსია არ არის სიცოცხლისუნარიანი. როდესაც ასეთი რაღაცა ხდება, ჩვენ უნდა ვისაუბროთ მოტივზე. ბუნებრივია, ეს ხელისუფლებას არ აწყობდა, შესაბამისად, ხელისუფლებისადმი ბრალდება არის არასწორი, იმიტომ რომ მოტივი არ ჩანს.

თვითაფეთქების ვერსიაც, ჩემი აზრით, აბსოლუტურად ფანტასტიკის სფეროდანაა.

მაგრამ ჩვენი პოლიტიკური კლასი დაკავებულია იმით, რომ ნებისმიერი უბედურება გამოიყენონ პოლიტიკურ პროცესში დაპირისპირებისთვის და ძალიან მარტივ ლოგიკურ დასკვნებს არ დაგიდებენ.

ძირითადად, ორ მონოლოგს აქვს ადგილი და ვერანაირად დიალოგში ვერ გადადის, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოებრივად ძალიან მნიშვნელოვან საფრთხესთან შეიძლება გვქონდეს საქმე. მაგალითად, თუ ჩვენ ვსაუბრობთ მოტივზე, ეს შეიძლება ყოფილიყო, ერთი მხრივ, წინასაარჩევნოდ არეულობის ინსცენირება და პირადი პრეტენზიები. ეს ორივე მოტივი კომპლექტში აქვს ერთ-ერთ ქვეყანას - რუსეთს, სადაც სისხლის სამართლის საქმე არის აღძრული, ე.წ. "ბალოტნაია დელა" არსებობს, რომლის ფიგურანტი გივი თარგამაძეა და ეს ძალიან სენსიტიური თემაა მათთვის. გასაკვირია, რომ უცხო ქვეყნები, არამხოლოდ რუსეთი, რაღაცნაირად ირიბად დაინტერესებული იყვნენ სიტუაციის არევაში?! შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ ყველაზე მაღალი ალბათობით ეს არის მესამე მხარის გაკეთებული,"-განმარტა ხუხაშვილმა.

გივი თარგამაძე მისი მანქანის აფეთქების დეტალებზე საუბრობს

აღსანიშნავია, რომ აფეთქების დროს ავტომობილში გივი თარგამაძე და მისი მძღოლი იმყოფებოდნენ. დაშავებულია მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი ოთხი პირი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარი ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

myquiz