პაატა ბურჭულაძე - მე, მაქსიმალური შემოწირულობა გავაკეთე ჩემს პარტიაში | Allnews.Ge

პაატა ბურჭულაძე - მე, მაქსიმალური შემოწირულობა გავაკეთე ჩემს პარტიაში

მე არც ერთი თეთრი არ მაქვს აღებული, რაც პარტია დაარსდა, - ამის შესახებ მოძრაობა "პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის" ლიდერმა პაატა ბურჭულაძემ პარტიის მცხეთის შტაბის ყოფილი ხელმძღვანელის მიერ გამოთქმული ბრალდების საპასუხოდ განაცხადა.

როგორც ბურჭულაძემ აღნიშნა, პარტიის მცხეთის შტაბის ყოფილი უფროსი ის ადამიანია, ვინც ცოტა ხნის წინ მიატოვა "ქართული ოცნება" და გადმოვიდა მათ პარტიაში და მისმა გუნდმა ეს ადამიანი მიიღო.

"ჩვენ გვინდოდა ეს ადამიანი მაჟორიტარად წარგვედგინა, თუმცა მივხვდით ვისთან გვქონდა საქმე და აღარ წარვადგინეთ მაჟორიტარად. რაც შეეხება თანხას, მე ერთი თეთრიც არ მაქვს აღებული მას შემდეგ, რაც პარტია დაარსდა. ეს აუდიტის სამსახურმაც იცის. შეგიძლიათ გადაამოწმოთ. პირიქით, გეტყვით, რომ 60 000-ლარიანი შემოწირულობა გავაკეთეთ მე, ჩემმა შვილებმა და რძალმა პარტიაში. მე, მაქსიმალური შემოწირულობა გავაკეთე ჩემს პარტიაში, აქედან გამომდინარე, ყველაფერი არის სიყალბე", - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

რაც შეეხება თანხას, რომელიც პარტიის მცხეთის შტაბის ყოფილმა ხელმძღვანელმა გააჟღერა, როგორც პაატა ბურჭულაძემ აღნიშნა, მათი შემოწირულობა გაკეთდა მოძრაობა "პაატა ბურჭულაძე სახელმწიფო ხალხისთვის" ანგარიშზე და ყველაფერი შემოწმებულია აუდიტის სამსახურის მიერ.

რაც შეეხენა კოორდინატორებისთვის ხელფასების გაუცემლობას, როგორც პაატა ბურჭულაძემ აღნიშნა, მან მოიარა მთელი საქართველო, შეხვდა მხარდამჭერებს და აუხსნა პარტიაში არსებული ვითარება.

"შემოვიარე მთელი საქართველო. ვუთხარი ჩვენს მხარდამჭერებს, რომ ჩვენ არ გვაქვს საშუალება, ყველა გზა გადაკეტილია და ვისაც შეგიძლიათ დარჩით. ცხოვრება 8 ოქტომბერს არ მთავრდება. პირიქით, 8 რიცხვიდან იწყება ჩვენი პარტიის ცხოვრება და ვინც ჩემთან, ჩვენს გვერდში დარჩება, არ ვაწყენინებთ, შეძლებისდაგვარად ავუნაზღაურებთ ყველაფერს", - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

myquiz