თინა ხიდაშელი დესტაბილიზაციის ნებისმიერ გამოვლინებაზე პასუხისმგებლობას "ქართულ ოცნებას" აკისრებს | Allnews.Ge

თინა ხიდაშელი დესტაბილიზაციის ნებისმიერ გამოვლინებაზე პასუხისმგებლობას "ქართულ ოცნებას" აკისრებს

არ ველოდები დესტაბილიზაციას, თუ ქვეყანაში რაიმე მოხდა, ეს იქნება "ქართული ოცნების" ბრალი, იმის მიუხედავად, ვინ იქნება პროვოკატორი, - ამის შესახებ "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ხიდაშელმა "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" განაცხადა, რითაც შესაძლო დესტაბილიზაციის შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა.

მისივე თქმით, თუ აქვთ კონკრეტული ინფორმაცია, სამართალდამცავებმა შესაბამისად უნდა იმოქმედონ.

"იმის ნაცვლად, რომ პანიკური განცხადებები აკეთონ ისტერიკაში ჩავარდნილებმა, უმჯობესია მიხედონ ქვეყანას. თუ რაიმე ინფორმაცია აქვთ, შესაბამისმა უწყებებმა შესაბამისი ქმედებები განახორციელონ", - განაცხადა ხიდაშელმა.

კითხვაზე, იარაღის აღმოჩენა რატომ დაემთხვა წინაასარჩევნო პერიოდს, თინა ხიდაშელმა განაცხადა, რომ "ეს მათ უნდა კითხოთ".

"ეს არის უნიჭოდ დადგმული სცენარი. მე თვითონ ფაქტზე კომენტარს არ გავაკეთებ, ზუსტად იმიტომ, რომ ყოფილი თავდაცვის მინისტრი ვარ და ჩემთვის ეს ქვეყენა ძალიან ძვირფასია. ეს არ არის სათამაშო, რომლითაც უნდა ითამაშო, რასაც უკვე ხშირად ვხვდებით "ქართული ოცნების" მხრიდან. ამბავი იმის შესახებ, რომ გუშინწინ სატალეფონო ჩანაწერი გაავრცელა ვიღაც წარმოუდგენელმა, გამოუცნობმა ადამიანმა, ძალიან სასაცილოა. მერე დესტაბილიზაციაზე უნდა ვილაპარაკოთ სულ, მერე უცებ იარაღი უნდა აღმოჩნდეს, რომელზეც იმდენი კვალიფიკაციაც არ ჰყოფნით, თუ უნდათ რაიმე წინასაარჩევნოდ გამოიყენონ, რომ საკუთარ პრესრელიზში არ ჩაწერონ 2009-2011 წლებში იყო დამარხული ეს იარაღიო. 2009 წელში თურმე მიშა იმას გეგმავდა, 2016 წელს დესტაბილიზაციას მოვაწყობ და იმისთვის გამოვიყენებო. სრული საგიჟეთია.

ჩანაწერზე ვერსია არ მაქვს მანამ, სანამ სუს-ი არ დადებს ძალიან კონკრეტულ დასაბუთებას ყველა გავრცელებულ ჩანაწერზე, რაც ამ ხელისუფლების პირობებში მოხდა, მანამდე მთავარი ეჭვმიტანილი ის არის. ეს არის ელემენტარული ლოგიკა ფაქტების. უსაფრთხოების სამსახურის და შსს-ს საქმე არ არის პრესკონფერენციებით გველაპარაკოს. მათი საქმეა პასუხები გასცენ კითხვებს. 21-ე საუკუნეში არავითარ პრობლემას არ წარმოადგენს იმის გარკვევა, ვინ სად ტვირთავს ვიდეოს, რადგან არ არკვევენ, ავტომატურად იგულისხმება, რომ მათ აქვთ რამე დასამალი", - განაცხადა ხიდაშელმა.

myquiz