"გირჩი" ბიძინა ივანიშვილს და გიორგი კვირიკაშვილს ღია წერილით მიმართავს | Allnews.Ge

"გირჩი" ბიძინა ივანიშვილს და გიორგი კვირიკაშვილს ღია წერილით მიმართავს

"ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი" ყოფილ და მოქმედ პრემიერ-მინისტრებს, ბიძინა ივანიშვილს და გიორგი კვირიკაშვილს ღია წერილით მიმართავს.

"გირჩი" ივანიშვილს და კვირიკაშვილს რჩევას აძლევს და წინადადებით მიმართავს, რომ "ქართულმა ოცნებამ" ვაკეში, "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატის ბიძინა გეგიძის კანდიდატურა მოხსნას.

"ვაკის მე-2 ოლქის მაჟორიტარულ არჩევნებში ერთმანეთს უპირისპირდებიან თქვენი ბიძინა გეგიძე და ჩვენი ზურა ჯაფარიძე. დარწმუნებული ვართ, ბიძინა გეგიძე კარგი ადამიანია და რაგბიც ჩვენი თამაშია, რეალობის გათვალისწინებით, საკანონმდებლო ორგანოშიც ყველაზე ცუდი პარლამენტარი სავარაუდოდ არ იქნება.

ზურა ჯაფარიძე ის პოლიტიკოსია, რომელმაც ოთხ წელიწადში დაამტკიცა, რომ არასწორი ნაბიჯების გამოცნობა, შედეგების წინასწარმეტყველება და ამის შესახებ დროულად გაფრთხილება შეუძლია. აღიარება საჭირო არ არის, მაგრამ მშვენივრად იცით, რომ წინასაარჩევნო პერიოდის ყველა აქტუალური თემა ზურას შექმნილია.

გარდა ამისა, ზურამ შეასრულა "გირჩის" შექმნის დროს გაცემული დაპირება და კუთვნილი ადგილი პარტიულ სიაში თანამოაზრეებს დაუთმო. თუ არა ხელისუფლების ადმინისტრაციული რესურსი და მოსახლეობის აპათია პოლიტიკისადმი, რაც ხელისუფლების დამსახურებითაა გამოწვეული, ბატონ ბიძინას პოლიტიკურ მოედანზე ზურასთან ისეთივე შანსი ექნებოდა, როგორც ზურას ბიძინასთან რაგბის მოედანზე.

ვაკეს პარლამენტში სჭირდება პრინციპებისა და ღირებულებების მქონე კომპეტენტური პოლიტიკოსი.

ბატონო ბიძინა, თქვენივე აღიარებითაც უამრავი საკადრო შეცდომა გაქვთ დაშვებული. მხოლოდ მცირე ჩამონათვალია ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირები: პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, თბილისის მერი დავით ნარმანია.

ბატონებო, გვაქვს წინადადება, თუ გნებავთ რჩევა. მოხსენით ვაკეში "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი. ეს შეჯიბრი და მასში ბატონი ბიძინას გამარჯვება იქნება უსამართლობის დემონსტრირება, ვაკელების მორიგი იმედგაცრუება და თქვენი კიდევ ერთი შეცდომა", - ნათქვამია "გირჩის" განცხადებაში.

myquiz