რა გამოხმაურება მოყვა დავით უსუფაშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილს | Allnews.Ge

რა გამოხმაურება მოყვა დავით უსუფაშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილს

"რესპუბლიკური პარტიის" ლიდერმა დავით უსუფაშვილმა ყოფილი და მოქმედი პრემიერების, ბიძინა ივანიშვილისა და გიორგი კვირიკაშვილისადმი 2016 წლის 11 მარტს გაგზავნილი წერილი გაასაჯაროვა.

წერილში უსუფაშვილი ადრესატებს წერს, რომ სასწრაფოდაა გადასაწყვეტი კოალიციის საარჩევნოდ დალაგების საკითხი. მისივე შეფასებით, ეს არის ნომერ პირველი კოალიციური, სახელისუფლებო და სახელმწიფო ამოცანა. წერილში საუბარია "რესპუბლიკელებთან" ურთიერთობაზე. უსუფაშვილი აღნიშნავს, რომ შექმნილ ვითარებაში მას პრაქტიკულად ამოეწურა "დამბალანსებელ-მომრიგებელ-შემრიგებელ-გადამგორებლის რესურსი".

იხილეთ წერილის სრული ვერსია

ამ წერილით გამოჩნდა ის, რაც ჩვენ აქამდე ყოველთვის ვიცოდით. კერძოდ, ის რომ არაფორმალური მმართველი და გადაწყვეტილების მთავარი მიმღები პირი ქვეყანაში იყო, არის და რჩება ბიძინა ივანიშვილი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის მიერ პრემიერისა და მოქმედი პრემიერებისადმი - გიორგი კვირიკაშვილისა და ბიძინა ივანიშვილისთვის გაგზავნილი წერილის საკითხზე კომენტირებისას განუცხადა.

ყველამ რომ მეილების გასაჯაროება დაიწყოს, არ მგონია, ეს ქვეყნის ინტერესებს წაადგეს, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ განაცხადა.

"დავით უსუფაშვილის წერილში ზოგადი დამოკიდებულებები დავინახე. მისი შინაარსი, რაც გუშინ მოვისმინე, ძალიან ზოგადია და არ ვიცი, კონკრეტულად რას გულისხმობდა. მოგეხსებათ, იყო დაძაბულობა და დაპირისპირება "მრეწველებთან" და მათ განცხადებებთან დაკავშირებით. ამ სიტუაციაში უფრო "ქართულ ოცნებას" და პრემიერ-მინისტრს ჰქონდა მომრიგებლის პოზიცია, ვიდრე თვითონ დავით უსუფაშვილს. რთული ვითარება იყო პრეზიდენტთან კავშირშიც. ჩვენ მივიღეთ მოცემულობა, როცა პრეზიდენტის მხრდიდან ხელისუფლების მიმართ მუდმივად იყო კრიტიკა და ოპონირება, პრემიერ-მინისტრი მმართველ პარტიას, ხოლო პარლამენტის თავმჯდომარე უკვე ოპოზიციურ პარტიას წარმოადგენს. ამ მოცემულობაში ყოფნა ადვილი არ არის, მაგრამ ამის მიუხედვად, მნიშვნელოვანია, რომ რეფორმების გატარება მოხერხდა და არჩევნებამდე მშვიდობიანად მივედით." - აღნიშნა კობახიძემ.

ძალიან ვწუხვარ, რომ უმრავლესობა დაიბნა და კითხვა არ შეუძლია, - ამის შესახებ "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბერძენიშვილმა განაცხადა, რითაც საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა ნაწილის შეფასებებს გამოეხმაურა იმასთან დაკავშირებით, რომ დავით უსუფაშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილში სენსაციური არაფერია.

"ჩემი პასუხი იქნება მოკლე. უმრავლესობის ეს წევრები, ვინც ამას აცხადებს, ან აზრზე არ არიან საერთოდ, რა რისთვის ქვეყნდება, ან საერთოდ დაწერილ ტექსტებთან აქვთ პრობლემები. თუ წაიკითხავენ, კარგად გამომდინარეობს, რა აზრი ჰქონდა მის გამოქვეყნებას. მე ამ ადამიანების შესაძლებლობებზე ვერ ვილაპარაკებ, უსუფაშვილმა გამოაქვეყნა მასალა, რომელიც აჩვენებს ჩვენი პარტიის და პირადად მისი, დავით უსუფაშვილის დამოკიდებულებას სახელმწიფოებრივი საქმეებისადმი, რომ ჩვენ ყოველთვის, სახელმწიფოებრივ საქმეს ვაყენებდით ჩვენს პირად პარტიულ საქმეებზე მაღლა.

წაკითხვა თუ არ შეუძლია ვინმეს, ეს ჩემი პრობლემა არ არის. ქართულ ანბანში 33 ასოს გარდა კიდევ წერტილ-მძიმეს და სიტყვებს შორის მანძილს უნდა გარჩევა. მე ძალიან ვწუხვარ, რომ უმრავლესობა დაიბნა და კითხვა არ შეუძლია. ასეთი დოკუმენტები ბევრი გვაქვს და როცა საჭიროება იქნება, მათ მოუწევთ მათი გაცნობა და არა იმ სისულელის ლაპარაკი, რომ ვერ გაიგეს. ძალიან კარგად და გასაგებად წერია იქ ყველაფერი", - აღნიშნა ლევან ბერძენიშვილმა.

საჯარო კომუნიკაციამ "ოცნებასა" და "რესპუბლიკელებს" შორის თუ პირიქით, ჩემთვის ძალიან სამწუხარო ფორმები მიიღო და ზოგჯერ ცოტა არაეთიკურიც, - ამის შესახებ ჟურნალისტებს "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წევრმა თამარ ჩუგოშვილმა განუცხადა და დასძინა, რომ მეტ კომენტარს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ვერ გააკეთებს.

თამარ ჩუგოშვილს არ სურს საუბარი იმ მიზეზებზე, რაც კოალიციის ყოფილ წევრებს შორის დაპირისპირების საფუძველი გახდა.

რაც შეეხება დეპუტატ ლევან ბერძენიშვილის განცხადებას იმის თაობაზე, რომ პრემიერ-მინისტრი არ არის გადაწყვეტილების მიმღები, ჩუგოშვილი არასერიოზულს უწოდებს.

"პრემიერ-მინისტრი არის აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი და ის იღებს ყველა გადაწყვეტილებას , რომელსაც უნდა იღებდეს",- დასძინა ჩუგოშვილმა.

myquiz