მიხეილ სააკაშვილი - ჩვენს მომავალ მთავრობაში, უფულობის გამო, არც ერთი სტუდენტი არ გაირიცხება | Allnews.Ge

მიხეილ სააკაშვილი - ჩვენს მომავალ მთავრობაში, უფულობის გამო, არც ერთი სტუდენტი არ გაირიცხება

ჩვენს მომავალ მთავრობაში, რომელიც დაიწყებს ამოქმედებას 9 ოქტომბრიდან, არც ერთი სტუდენტი არ გაირიცხება, ვისაც აქვს მინიმალური მოსწრება და არ შეუჩერდებათ სტუდენტის სტატუსი უმაღლეს სასწავლებლებში უფულობის გამო, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვიდეო მიმართვაში განაცხადა.

ვიდეო მიმართვაში მიხეილ სააკაშვილმა განათლების სისტემასა და უცხოეთში მიღებული განათლების აუცილებლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ იმისათვის რათა ქართველი სტუდენტები საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიანები იყვნენ, საჭიროა უცხოეთში სწავლის დაფინანსების უზრუნველყოფა.

"ჩვენს მომავალ მთავრობაში, რომელიც დაიწყებს ამოქმედებას 9 ოქტომბრიდან არც ერთი სტუდენტი არ გაირიცხება ვისაც აქვს მინიმალური მოსწრება და არ შეუჩერდებათ სტუდენტის სტატუსს უმაღლეს სასწავლებლებში უფულობის გამო.

მეორე - ყველა ქართველ სტუდენტს უნდა მიეცეს საშუალება ერთი წელი მაინც ისწავლოს უცხოეთში. და მესამე - როგორ ვაპირებთ ამის უზრუნველყოფას, ეს არის ვაუჩერების პროგრამა. ქართული ვაუჩერი ახლა ღირებულებით სულ უფრო უახლოვდება საშუალო აღმოსავლეთ ევროპულ ვაუჩერს. ამ ვაუჩერით საერთაშორისო აღიარებას უნდა მივაღწიოთ და მაშინ ჩვენი სტუდენტები წავლენ აღმოსავლეთეთ ევროპის ქვეყნებში და იქ მიიღებენ განათლებას და ჩვენ, სახელმწიფომ დამატებით იქ ცხოვრების ხარჯები უნდა ავუნაზღაუროთ.

იმისათვის, რომ ჩვენი სტუდენტები იყვნენ საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიანები, ამისათვის საჭიროა ჩვენი უმაღლესი განათლების სისტემის გაძლიერება და საჭიროა უცხოეთში სწავლის დაფინანსების უზრუნველყოფა", -განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ვიდეო მიმართვაში.

მიხეილ სააკაშვილი მისი მთავრობის დროს მინისტრების სწავლის დაფინანსების საკითხსაც გამოეხმაურა.

"ყურადღება მივაქციე, რომ საქართველოს ხელისუფლება ჩემს წინააღმდეგ იყენებს იმას, რომ რამდენიმე მოქმედი პოლიტიკოსის თუ ყოფილი მთავრობის წევრის განათლება დავაფინანსეთ უცხოეთში. საქმე იმაშია, რომ ჩვენ არა მხოლოდ ამ ადამიანების განათლება დავაფინანსეთ, ყველა ქართველი, რომელიც მიღებული იქნა წამყვან 50 უნივერსიტეტში დასავლეთში, დაფინანსდა სახელმწიფოს მიერ. ეს პროგრამა სხვადასხვა ფორმით მთელი ჩემი პრეზიდენტობის დროს არსებობდა და რამდენიმე ათასი ქართველი სტუდენტი სახელმწიფოს დაფინანსებით წავიდა უცხოეთში. მე ამით ძალიან ვამაყობ.

ამ სტუდენტების მონაცემებს არ გვაძლევს განათლების სამინისტრო. სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკას უნდოდა ჰქონოდა სრული მონაცემები. მას ინახავენ როგორც სახელმწიფო საიდუმლოება, მაგრამ ვიცი რომ ბევრი მათგანი დღევანდელ სახელმწიფო აპარატშიც მუშაობს. და ამითაც ძალიან ვამაყობ", -აღნიშნა სააკაშვილმა.

myquiz