რამდენად თანხვედრაშია ერთმანეთთან პოლიტიკური პარტიების იდელოგიები და მათი საარჩევნო დაპირებები | Allnews.Ge

რამდენად თანხვედრაშია ერთმანეთთან პოლიტიკური პარტიების იდელოგიები და მათი საარჩევნო დაპირებები

თითოეულ პოლიტიკურ პარტიას საფუძვლად ერთი რომელიმე იდეოლოგიის შეხედულებები უდევს, შესაბამისად, მათი პოლიტიკური პლატფორმები აღნიშნული იდეოლოგიებიდან გამომდინარეობს.

როგორც წესი, პოლიტიკოსები ამომრჩეველს წინასაარჩევნო დაპირებებს თავიანთი იდეოლოგიების მიხედვით წარუდგენენ. როგორია ქართული პოლიტიკური რეალობა, ამის გარკვევას Allnews.ge პოლიტოლოგებთან შეეცადა.

პოლიტილოგ გიორგი გობრონიძის თქმით, საქართველოში არსებული პოლიტიკური პარტიების იდეოლოგიებსა და მათ საარჩევნო დაპირებებს შორის თანხვედრა არ არსებობს.

"რთულია თქმა, შეესაბამება თუ არა ქართული პოლიტიკური პარტიების იდეოლოგიები მათ საარჩევნო დაპირებებს, რადგანაც ჩემი აზრით, თვითონ პარტიებში არ აქვთ თავიანთი იდეოლოგიური დისკურსი გაგებული. ამის მაგალითი იყო ის, რომ მმართველი პარტიის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა დავით კოღუაშვილმა არ იცოდა, რომ მემარცხენე პარტიის წევრი იყო," - აღნიშნავს პოლიტიკის ექსპერტი.

გობრონიძემ "ქართული ოცნებისა" და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" იდეოლოგიური ხედვებიც შეაფასა.

როგორ გადანაწილდება მანდატები? - საპარლამენტო არჩევნების პროგნოზები

"ქართული ოცნება, რომელიც ამბობს, რომ სოციალ-დემოკრატიულ იდეებზე დაფუძნებული პარტიაა და აღნიშნავს, რომ მემარცხენე შეხედულებების მატარებელია, საგადასახადო კოდექსში ისეთ ცვლილებებს გვთავაზობს, რომელიც მოცემულ იდეოლოგიას აშკარად ეწინააღმდეგება. საუბარია, პრემიერ-მინისტრის მიერ მოგების გადასახადთან დაკავშირებით, ესტონური მოდელის გათვალისწინებით, შემოთავაზებულ პაკეტზე, რომელიც ეკონომიკასთან მიმართებაში ცალსახად ლიბერალურ ხედვას წარმოადგენს. ასევე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში პარტია, ცალსახად აფიქსირებდა, რომ ეკონომიკაში ლიბერტარიანული მიდგომების მატარებელი იყო, თუმცა მისი რეფორმები უფრო პოპულისტურად მეჩვენებოდა.

შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე მეტად, იდეოლოგიურ პლატფორმას "რესპუბლიკური პარტია" გამოხატავს." - განმარტა მან.

პოლიტიკური იდეოლოგიების გამოხატვის თვალსაზრისით არსებულ ხარვეზებს პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩიაც ხედავს, თუმცა ამის ერთ-ერთ მიზეზად ელექტორატსაც მიიჩნევს.

"მხოლოდ პარტიების დადანაშაულება ცოტა რთული იქნება, რადგან ამომრჩეველიც არ არის მონდომებული, რომ გაერკვეს მათ იდეოლოგიებში. მგონია, რომ საქართველოში პარტიების უმრაველობას პოპულიზმისთვის მიმართვა უჩევნია, ვიდრე ვთქვათ იდეოლოგიური პლატფორმისთვის. მაგალითად, სანამ "გირჩი" საარჩევნო ბლოკს შეუერთდებოდა, ცდილობდა, საკუთარი იდეოლოგიური პლატფორმა არ დაეთმო, თუმცა გაერთიანების შემდეგ პენსიების მატებასა და სოციალურად დაუცველთა რაოდენობის გაზრდასთან დაკავშირებით, გარკვეულ სოციალური პროგრამის შემუშავებას დათანხმდა," - აღნიშნა კაკაჩიამ Allnews.ge-სთან საუბარში.

განსხვავებულ პოზიციაზეა პოლიტოლოგი ნიკოლოზ ჩიტაძე, რომელიც ფიქრობს, რომ პარტიების იდეოლოგიები და დაპირებები ხშირ შემთხვევაში ერთმანეთთან თანხვედრაშია.

"ორი მთავარი პოლიტიკური ძალის, "ქართული ოცნებისა" და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" შემთხვევაში, მათი წინასაარჩევნო დაპირებები უფრო მემარჯვენე ორიენტაციის, ნეოლიბერალიზმზეა დაფუძნებული, სადაც გადასახების შემცირებაზე, ახალი სამუშაო ადგილების გაჩენასა ბიზნესის წახალისებაზე, ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაზეა საუბარი. ხოლო, საარჩევნო ბლოკის "სახელმწიფო ხალხისთვის" შემთხვევაში, მათი საარჩევნო პროგრამაც მემარჯვენე ორიენტაციის მატარებელია. "დემოკრატიული საქართველო" და "პატრიოტთა ალიანსი" ცალსახად პრორუსულები არიან, იგივე შეიძლება ითქვას ნინო ბურჯანაძის პარტიაზეც." - განმარტა ნიკა ჩიტაძემ.

2016 წლის 8 ოქტომბერს, პოლიტიკური პარტიები ხელისუფლებაში მოსვლისთვის იბრძოლებენ, უმრაველობაში ის ძალა მოვა, რომელიც 76 მანდატს მიიღებს.

 

მარიამ მენაბდიშვილი

myquiz