ინტერნეტში სავარაუდოდ ნიკა გვარამიასა და პაატა ბურჭულაძის სატელეფონო საუბრის ჩანაწერი ვრცელდება | Allnews.Ge

ინტერნეტში სავარაუდოდ ნიკა გვარამიასა და პაატა ბურჭულაძის სატელეფონო საუბრის ჩანაწერი ვრცელდება

ინტერნეტში ვრცელდება ჩანაწერი, რომელიც არაოფიციალური ინფორმაციით, "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიასა და მოძრაობა "სახელმწიფო ხალხისთვის" ლიდერის პაატა ბურჭულაძის სატელეფონო საუბარს ასახავს.

ჩანაწერის მიხედვით, აღნიშნული პირები პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობენ, მათ შორის ნიკა გვარამია პაატა ბურჭულაძეს "გირჩის" იმ წევრების პოზიციის გამო საყვედურობს, რომელიც "ქართულ ოცნებასთან კოალიაციაში ყოფნის სურვილს ეხება. თავის მხრივ, ბურჭულაძე გვარამიას პასუხობს, რომ "მსგავსი რამ არ ხდება".

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ელენე ხოშტარიას განცხადებით, ხელისუფლება არალეგიტიმური და არადემოკრატიული მეთოდებით ბრძოლას აგრძელებს. როგორც ხოშტარიამ დღეს გამოქვეყნებული ჩანაწერების შეფასებისას განაცხადა, დაუშვებელია მსგავს მეთოდებთან შეგუება და დაუშვებელია სუს-ი იყოს მთავარი პოლიტიკური მოთამაშე.

"მოსმენები და შანტაჟი ხელისუფლების მხრიდან გახდა ნორმა.

თან ეს ის ხელისუფლებაა, რომელიც პოლიციის დეპოლიტიზაციის და ადამიანის უფლებეების დაცვის ლიზუნგით მოვიდა. დაუშვებელია მსგავს მეთოდებთან შეგუება, დაუშვებელია, რომ სუსი იყოს მთავარი პოლიტიკური მოთამაშე. ერთხელ და სამუდამოდ უარი უნდა ვთქვათ ასეთ მეთოდებზე, გავაუქმოთ პოლიტიკური პოლიცია და დავასრულოთ პირად ცხოვრებაში ჩარევა და შანტაჟი", - განაცხადა ხოშტარიამ.

"საერთოდ მოსმენები გულის ამრევია, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ ვარ დარწმუნებული, რომ გვარამიას უსმენდნენ. მე მგონია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში მთავრობისთვის გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია ბურჭულაძეს მოუსმინონ. ერთს უსმენდნენ თუ მეორეს ჩემთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს - უნდა გითხრათ პირდაპირ, რომ მოსმენები გულის ამრევია და ამის გამოქვეყნება და ის, რომ ამაზე ვინმე რამეს აწყობს, არ მიმაჩნია სწორად და სამართლიანად, მაგრამ ბურჭულაძის პოლიტიკური პარტია ეს არის ხელოვნური ფსევდოოპოზიცია, შექმნილი ბიძინა ივანიშვილისა და შესაძლოა მიხეილ სააკაშვილის მიერ, რომელსაც ყოველდღიურად ტოვებენ მთავარი წარმომადგენლები.

ეს პარტია უკვე აღარ არსებობს, სამაგიეროდ, აქვს რაღაც შანსები - ყოველ დღე გამოდის მათი მნიშვნელვანი წარმომადგენელი და ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი აფინანსებს, მერე გამოდის ბიძინა ივანიშვილი და ამბობს, მე მაგის კაცი არ ვარ და ა.შ. ეს არის თამაში ორივე მხრიდან და თუ გნებავთ სამივე მხრიდან, მათ შორის "რუსთავი 2"-ის ხელმძღვანელობის მხრიდან, რომ დახატონ, თითქოს "ნაციონალური მოძრაობისა" და "ქართული ოცნების" გარდა, რომლებსაც ეკუთვნით ეს პარტიაც, არავის შანსი არ აქვს. ეს არ არის სწორი. ეს ორი პარტია ერთად 50 %-ზე მეტს არ ფლობს. მომავალი პარლამენტი არ იქნება ერთპარტიული, ერთ პარტიას არ ექნება არანაირი განსაკუთრებული უპირატესობა, ამიტომ მათ სხვა რამეებზე მოუწევთ საუბარი", - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

ჩანაწერის ავთენტურობა ჯერ არ დადასტურებულა, თუმცა "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი არ უარყოფს, რომ პაატა ბურჭულაძესთან მსგავსი საუბარი შედგა.

"ღია ხაზზე დავრეკე სპეციალურად. არაფერი მქონდა დასამალი და იმიტომ. სამი დღე არ დაჭირდა სუს-ს. აი, ასეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ", - წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელ "ფეისბუქში".