ელენე ხოშტარია "ნაციონალური მოძრაობის" შეცდომებსა და საკუთარ არჩევანზე | Allnews.Ge

ელენე ხოშტარია "ნაციონალური მოძრაობის" შეცდომებსა და საკუთარ არჩევანზე

ელენე ხოშტარია წარსულში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე იყო ევროინტეგრაციის საკითხებში, შემდეგ ექსპერტი, არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი, დღეს კი ერთიანი "ნაციონალური მოძრაობის" ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატია.

ის ამ პარტიის წევრი ცოტა ხნის წინ გახდა, რადგან მიაჩნია, რომ "ნაციონალურ მოძრაობაში" მნიშვნელოვანი ცვლილებების პროცესი დაიწყო, პარტიამ ბუნება შეიცვალა და მზაობაა საიმისოდ, რომ მის რიგებში ახალი ადამიანები შევიდნენ.

"ნაციონალურ მოძრაობას" საკუთარი კანდიდატურა თვითონ შესთავაზა და თავისი საქმიანობით წვლილის შეტანასაც აპირებს ამ პარტიაში.

- ელენე, რატომ გადაწყვიტეთ პოლიტიკაში აქტიურად ჩართვა?

- "პოლიტიკა ბინძური საქმეა" ან "პოლიტიკაში ცუდი ადამიანი ხდები", - ეს სტერეოტიპია. "შავი ლაქები" გექნება თუ არა, ეს შენზე, შენს კეთილსინდისიერებასა და მოტივაციაზეა დამოკიდებული. თუ ამ სფეროში იმიტომ ხარ, რომ უკეთ იცხოვრო, უკვე ჭუჭყიან საქმეს აკეთებ, მაგრამ თუ რაღაც კონკრეტული იდეა გაქვს და მისი განხორციელებით რაღაცის შეცვლას გეგმავ, მაშინ პოლიტიკოსები კეთროვანები არ არიან. რა თქმა უნდა, არის რთული გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა, ტვირთიც, მაგრამ საბოლოოდ, არაფერი ცუდი პოლიტიკოსობაში არ არის.

მინდა კიდეც, რომ ეს სტერეოტიპი დაიმსხვრეს. თუმცა, მარტო ვერ დავამსხვრევ, მაგრამ მის დამსხვრევას ხელს ნამდვილად არ შევუშლი. მეორე, რის გამოც პოლიტიკაში წავედი, რაც გულწრფელად, ღია წარდგინებაზეც ვთქვი, ის არის, რომ

მუდმივად მჭამდა საზოგადოებრივი საკითხების ჭია, წუხილი, ფიქრი, როგორ, რა გაკეთებულიყო.

ამისათვის ერთ-ერთი გადამწყვეტი მომენტი 9 აპრილი იყო, მიუხედავად იმისა, რომ მაშინ პატარა ვიყავი. 10 წლისამ ძალიან ნათლად დავინახე, როგორ შეიძლება დაიჩაგროს ქვეყანა.

- რატომ აირჩიეთ მაინცდამაინც "ნაციონალური მოძრაობა"?

- მიმაჩნია, რომ ერთადერთი პარტია, რომელსაც რამე პოზიტიური შეუქმნია, თუმცა შეცდომაც დაუშვია, "ნაციონალური მოძრაობაა". 2003 წლისა და 2012 წლის საქართველო რომ შევადაროთ, რაც უნდა კრიტიკულები ვიყოთ, ცვლილებას ნამდვილად შევამჩნევთ. მეორე და მნიშვნელოვანი, ერთადერთი პარტიაა, რომელსაც ფუნდამენტურად, სიღრმისეულად აქვს გააზრებული, რა შეეშალა. აქამდე არც ერთი პარტია არ შემხვედია, რომელიც ამაზე ილაპარაკებდა. მესამე - ჩემს ფასეულობებთან ახლოს მდგომი პარტიაა, არის ყველაზე ძლიერი პროდასავლური კურსის და კიდევ იქ ბევრი ისეთი ადამიანია, ვისთანაც ადრე მიმუშავია, ვიცი მათი ცოდნისა და ფასეულობების შესახებ.

- პირადად თქვენ, როგორც მოქალაქე, "ნაციონალურ მოძრაობას" რას უთვლით შეცდომად?

- როგორც მოქალაქეს, ალბათ, პასუხის გაცემა გამიჭირდება, რადგან მეც ვგრძნობ პასუხისმგებლობას, მეც იქ ვიყავი. მართალია, წამყვან პოზიციებზე არა, გადაწყვეტილებებს არ ვიღებდი, მაგრამ იქ ვმუშაობდი, ამიტომ დისტანციურად ვერ ვილაპარაკებ. ასე რომ, ჩემი ტვირთიც არის, რომ შეცდომები იქნა დაშვებული.

მთავარი შეცდომა კი ის იყო, რომ საერთოდ არ არსებობდა მთავრობაზე კონტროლის მექანიზმები.

პარლამენტი სულ ჩვენი წევრებით იყო დაკომპლექტებული, მედიის მიმართ 2007 წლის მერე სერიოზული შეცდომები იყო დაშვებული. ციხეში რაც მოხდა, არ მოხდებოდა, სისტემა მუდმივად კონტროლის ქვეშ რომ ყოფილიყო, თუნდაც არასამთავრობო სექტორის მიერ. მეორე, - როცა შევქმენით ძლიერი სახელმწიფო, მოვეშვით, არადა, მეორე ეტაპზე ეფექტური, მაგრამ ჰუმანური სახელმწიფო უნდა შეგვექმნა, სადაც მოქალაქეს არ ეშინია, რომ მოუსმენენ, დაიჭერენ თუნდაც ბიზნესში რაღაც პატარა შეცდომის გამო ან მთელ ბიზნესს დაუნგრევენ, მარიხუანის მოხმარების გამო ვიღაცას ციხეში 7 წლით გამოკეტავენ.... ეს ყველაფერი არ იყო სწორი და ასეთი ფაქტები ნამდვილად ხდებოდა...

მოკლედ, ძალიან დავაგვიანეთ და ჰუმანური სახელმწიფოს შექმნის შანსი ხელიდან გავუშვით.

საბოლოოდ ამიტომაც წავაგეთ.

- როდესაც "ნაციონალურ მოძრაობას" აკრიტიკებენ (შეურაცხმყოფელ დონეზეც კი) ან პირადად თქვენ, თუნდაც ამ პარტიაში გაწევრებისთვის, როგორი რეაქცია გაქვთ?

- ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება უყვარდე ან - არა, გაგაკრიტიკოს ან მოსწონდე. თუმცა შურის, ერთმანეთის ჭამისა და კინკლაობის რეჟიმიდან უნდა გამოვიდეთ. როდესაც მთავრობაში მოვალთ, უნდა ვიყოთ არა მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობის" მომხრეების მთავრობა, არამედ იმათიც, ვინც ჩვენი მოწინააღმდეგეები არიან. მეტიც, კრიტიკოსების მოსმენა ერთ-ერთი კონტროლის მექნიზმია, რომელიც ადრე დაკარგული გვქონდა. როცა გაკრიტიკებენ, უნდა მოუსმინო და თუ შეგიძლია, გადაარწმუნო, რაც ბუნებრივი პროცესია.

თუმცა შეურაცხყოფა, აგრესია ძირშივე არასწორია, თუ რაღაცას აპროტესტებ, აგრესიით ვერ მოაგვარებ, პრობლემას უფრო გააღრმავებ. საერთოდ კი აგრესიული ფონი მაშინ ჩაცხრება, როდესაც ჯანსაღი პოლიტიკური პროცესები იქნება. სიმართლე რომ გითხრათ, ვერანაირ აგრესიას ვერ ვგრძნობ, მოსახლეობასთან კარდაკარ რომ დავდივარ, ყველა ოჯახში ვაკაკუნებ. პირადად ვეცნობი წყნეთის მოსახლეობას, უკვე ათასობით ადამიანს შევხვდი. თუ ჩნდება კითხვები, მიხარია, რომ არის საშუალება, იკამათო.

- შემოთავაზება კონკრეტულად ვისგან მიიღეთ?

- როდესაც დავინახე, რომ "ნაციონალურ მოძრაობაში" მნიშვნელოვანი ცვლილებების პროცესი დაიწყო, პარტიის ბუნება შეიცვალა და მზაობაა საიმისოდ, რომ მის რიგებში ახალი ადამიანები შევიდნენ არა ფასადურად, არამედ საკუთარი მოსაზრებებით. "ნაციონალურ მოძრაობას" საკუთარი თავი თვითონ შევთავაზე და მინდა წვლილი შევიტანო ამ პარტიის საქმიანობაში.

- მიხეილ სააკაშვილს პირადად იცნობთ?

- კი, ვიცნობ, ოღონდ ახლოს - არა. მთავრობაში როცა ვიყავი, სააკაშვილი მაშინ გავიცანი, მქონდა საქმიანი შეხვედრა. 2012 წელს, რამდენჯერაც შევხვდი, ბევრს ვსაუბრობდით "ნაციონალური მოძრაობის" შეცდომებზე, იმაზე, თუ რატომ წავაგეთ არჩევნები, საინტერესო საუბრები გვქონდა.

- უმაღლესი განათლება მოსკოვში გაქვთ მიღებული (საერთაშორისო ურთიერთობების განხრით), ხომ შეიძლება ოპონენტებმა მომავალში ეს თქვენს საწინააღმდეგოდ გამოიყენონ და წამოგაძახონ?

- ყველაფერი შეიძლება, თუმცა ეს ჩემი გააზრებული გადაწყვეტილება იყო. მე და მამამ ერთად გადავწყვიტეთ. ვსაუბრობდით, რომ მტერს კარგად უნდა იცნობდე. ის 5 წელი, რაც იქ ვისწავლე, იყო უაღრესად მნიშვნელოვანი ეტაპი, მართლაც სრულად შევიგრძენი, თუ როგორ მუშაობს საბჭოთა მანქანა, რომელიც დღესაც საბჭოთაა. რა მენტალიტეტი აქვს იმ ხალხს, მათი იმპერიული ზრახვები. იქ ყოფნამ ამ მიმართულებით დიდი გამოცდილება შემძინა. არაკეთილმოსურნეს ყველაფერი შეუძლია თქვას, მაგრამ ჩემზე იმის თქმა, რომ რუსეთის თვალსაზრისით, არამკაფიო პოზიცია მაქვს, გამორიცხულია, თუმცა ვისაც ცუდის თქმა უნდა, ყველაფრის მოფიქრება შეუძლია.

ლალი ფაცია

სრული ვერსია

myquiz