ბიძინა ივანიშვილის ინფორმაციით, "ნაციონალური მოძრაობა" არჩევნების ჩაშლას ცდილობს
ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ინფორმაციით, "ნაციონალური მოძრაობა" არჩევნების ჩაშლას ცდილობს. როგორც ივანიშვილმა გურიაში, რეგიონულ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა, "ნაციონალურმა მოძრაობამ" რევოლუცია რამდენჯერმა დაგეგმა, თუმცა არ გამოუვიდა. მისივე თქმით, ამ პარტიის გათვლა ახლაც მხოლოდ რევოლუციას უკავშირდება.
"ისევ თვითონ არიან სახიფათონი "ნაციონალური მოძრაობის" წევრები. ეს წლები მმართველობის პროცესში სულ ძალაზე იყვნენ მომართულნი. რევოლუციიდან 13 წლის შემდეგ, გაზაფხულზე ისევ გეგმავდნენ რევოლუციას.
ინფორმაციები ვიცით შიგნიდან და ისედაც ჩანდა.
გახსოვთ მიტინგების და დამონსტრაციების აგორება უნდოდათ, რომ უნიათო ხელისუფლება ახლავე უნდა გავუშვათო. გაზაფხულიდან შემოდგომამდე გადაჰქონდათ, მაშინ არ გამოგვივიდა, ახლა მოვახდენთ რევოლუციას და ისე გავუშვებთო.
მიხეილ სააკაშვილი - ივანიშვილს არჩევნები წაგებული აქვს
შემოდგომიდან გაზაფხულზე გადაჰქონდათ და ასე მოვიდნენ დღემდე. ახლაც თვლიან მხოლოდ რევოლუციაზე, რადგან კარგად იციან, რომ არჩევნების გზით ხელისუფლებაში ვერ მოვლენ. მათი ერთადერთი გეგმა არჩევნების აყირავებაა. უნდა გავაცნობიერთოთ, რომ ხიფათი საკმაოდ დიდია", - აღნიშნა ივანიშვილმა.
"მე პოლიტიკურად არ მქონდა კარგი გამოცდილება, ზედმეტად ემოციური ვიყავი.
საფრანგეთში ვცხოვრობდი მაშინ, როცა რევოლუცია მოხდა, 3 ტელევიზორი მქონდა დადგმული და ვუყურებდი როგორ ვითარდებოდა პროცესები. მე ვფიქრობ, არაადეკვატური რეაქცია გავაკეთე მეც - ზედმეტად გამიხარდა, მათი მოსვლაც მივიღე, როგორც დანარჩენმა საზოგადოებამ. 2,5 წლის ნახევრის განმავლობაში მე ხელისუფლებას ვაფინანსებდი, რასაც ვმალავდით და კარგად ვფუთავთით. პირდაპირი მნიშვნელობით მე სააკაშვილს არ დავხმარებივარ, მაგას ვერც გაბედავდა, რომ პირადი რამ ეთხოვა. ჩემმა პოზიციამ მათი გამოაშკარავების პროცესი გაახანგრძლივა, რამეთუ მე ძალიან მკაცრი პოზიცია მქონდა, შეცდომებზე რეაქციას ვაკეთებდი.
ბევრი ურთიერთობა მქონდა სააკაშვილთან.
არაფორმალურ მმართველობაზე რომ საუბრობენ ახლა, სააკაშვილს მეტ კონსულტაციებს ვაძლევდი და მეტს ვეხმარებოდი და მაშინ მსგავსი ილუზია არ ჰქონიათ. მათი სახის გამოჩენაში ის როლი მიმიძღვის, რომ უფრო გვიან გამოჩნდნენ, რამეთუ დიდ ანგარიშს მიწევდნენ და კარგად იცოდნენ, რას ვითხოვდი მათგან. მერაბიშვილს ვეუბნებოდი, მე იმ სააკაშვილს ვესაუბრები დღეს, რომელიც 15 წლის შემდეგ ისევ ამდენი პროცენტით მოვა არჩევნებით-მეთქი. მკითხა, რა გაქვს მხედველობაშიო და ის, რომ ორი [ვადა] დაამთავროთ, მერე გამოტოვოთ, რაც გეკუთვნით კონსტიტუციით და ისეთი პოპულარული წავიდეს, რომ ასეთივე რეიტინგით მოვიდესთქო. მიპასუხა, ეგ ჩვენთან აღარ თქვაო, ჩვენ ერთ-ორ თვეზე ვგეგმავთ და მაგაზე არ ვფიქრობთო", - განაცხადა ივანიშვილმა.
"სააკაშვილს ჩემთან ძალიან მოწიწებითი და კულტურული პირადული დამოკიდებულება ჰქონდა. მეც არ მქონია უხეში დამოკიდებულება. მივიდოდი - მხვდებოდა, მაცილებდა, თვალებში მიყურებდა, რომ არაფერი მწყენოდა. ერთი უხეში სიტყვა არ უკადრებია არასდროს ანუ კომფორტულად ვიყავი წინა ხელისუფლების დროს, თუ მოვისურვებდი, ხელის გულზე მატარდებდნენ, მაგრამ ის რაც მათ ქნეს, არ ავიტანე და ამისთვის მოვედი ხელისუფლებაში. პირადული რომ მდომებოდა, შეიძლებოდა, ყველაზე კომფორტულად მათი ხელისუფლების პირობებში მეცხოვრა", - დასძინა ივანიშვილმა.
"ნაციონალური მოძრაობა" ჭიაბერაშვილის იდეოლოგიას ატარებდა, რომ "ქაოსურ და გაუგებარ დემოკრატიას სტაბილური ავტოკრატია სჯობს".
ამას სააკაშვილის მეუღლის გამონათქვამიც დაამატეთ, რომ ხალხს უნდა ეშინოდეს მიშასი და დღეს გვეუბნებიან, რომ თვალებში ჩახედავს და იმას აღარ იკადრებს, რაც ხდებოდა. რა აღარ იქნება, გაუპატიურებები აღარ იქნება? წამებები აღარ იქნება? მათი იდეოლიგია გახსნილად ძალადობრივი იყო. რაც მივიღეთ კარგად ნახეთ - ელიტარული კორუფცია, როგორ ჰქონდათ მონოპოლიზებული მთელი მედია, როგორ აწამებდნენ ციხეებში და აწამებდნენ არა ისე, რომ ეს დამალული ყოფილიყო - საზოგადოებაში ეს მშვენივრად ვიცოდით ჩვენ.
მახსოვს ერთ-ერთი ჩემი თანაგუნდელი იხსენებს, რომ თუ არა ის ძალადობრივი კადრები რაც გამოვიდა, ჩვენ არჩევნებს ვერ მოვიგებდითო. დაემთხვა, რომ ჩვენ ჩავატარეთ კვლევა სწორედ მანამდე და დაგეგმილი გვქონდა იმის შემდგომ. არცერთი პროცენტი "ქართულ ოცნებას" არ მომატებია. საზოგადოებაში ისინი თვითონ არ მალავდნენ, მათი ხელწერა კი არა, მათი კოზირი იყო ეს - ხალხს აშინებდნენ, რომ ციხეში მოხვდებით და იქ სიკვდილი გელითო. ის კადრები არ იყო გამაოგნებელი ქართული საზოგადოებისთვის, გამაოგნებელი იყო უცხოელებისთვის", - განაცხადა ივანიშვილმა.
არ იფიქროთ, რომ 2030 წელს ქუჩაში გახვალთ და გაჭირვებულს ვერ იშოვნით, ან მათხოვარს ვერ დაინახავთ, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გურიაში, ადგილობრივ ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს განაცხადა.
"15-20 წელიწადი არ არის დიდი დრო, რომ ევროპის მსგავსი ეკონომიკა უნდა გვქონდეს.
თქვენ 4 წელიწადი უნდა გააანალიზოთ, სად ვიყავით და სად მოვედით. საოცრებას ითხოვთ როცა ამბობთ, გადით და გაჭირვებულებს ნახავთო. როცა 2030 წელს ვახსენებ, მინდა საზოგადოებას განვუმარტო, არ იფიქროთ, რომ 2030 წელს გაჭირვებულს ვერ ნახავთ, ან ნახავთ ისეთ სახელმწიფოს, სადაც გაჭირვება არ არის, ეს ყველგან არის და ეს ასე იქნება. თქვენ ახლა უნდა შეადაროთ, თუ რა ხდებოდა, მაგალითად, სამუშაო ადილების თვალსაზრისით და რა ხდება ახლა", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა და დასძინა, რომ გაჭირვებას ნებისმიერ ქვეყანაში, მათ შორის ამერიკაში, კანადაში, საფრანგეთში და სხვა ნორმალურ სახელმწიფოში ვნახავთ.