ამერიკელი პოლიტოლოგი - აშშ-მ სტრატეგიულად მნიშვნელოვან კავკასიის რეგიონს მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს | Allnews.Ge

ამერიკელი პოლიტოლოგი - აშშ-მ სტრატეგიულად მნიშვნელოვან კავკასიის რეგიონს მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს

ევრაზიის რეგიონში რუსეთის გააქტიურების გათვალისწინებით, აშშ-მ სტრატეგიულად მნიშვნელოვან კავკასიის რეგიონს მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს და საქართველოსთან მჭიდრო ურთიერთობები გააგრძელოს, - ასეთ მოსაზრებას ამერიკელი პოლიტოლოგი არიელ კოენი The Huffington Post-ში გამოქვეყნებულ სტატიაში გამოთქვამს.

ის წერს, რომ ვლადიმერ პუტინმა ევრაზიაში ძალთა სტრატეგიული ბალანსის გადაფორმატება დაიწყო და მისი ამოცანა ახალი საბჭოთა კავშირის შექმნაა როგორც რუსეთის შიგნით ისე მის გარეთაც.

"სამხრეთ კავკასია საკვანძო რეგიონი და აბრეშუმის გზის დასავლური პლაცდარმია, და შესაბამისად, სტრატეგიულ და ეკონომიკურ ინტერესს წარმოადგენს როგორც აშშ-ისთვის, ისე ევროკავშირისთვის. ამიტომ, აშშ-მ უნდა გააგრძელოს საქართველოსთან მჭიდრო კავშირები, რომელიც მისი ერთგული მოკავშირე და რეგიონის ყველაზე პროდასავლური ქვეყანაა", - წერს არიელ კოენი და ხაზს უსვამს საქართველოს წვლილს ნატო-ს საერთაშორისო მისიებში.

სტატიაში აღწერილია საქართველოს წინააღმდეგ გადადგმული რუსეთის ნაბიჯები და აღნიშნულია, რომ მოსკოვის წინააღმდეგობის მიუხედავად, საქართველო, მოქმედი მთავრობით, დემოკრატიის, ასევე ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების ერთგული რჩება.

არიელ კოენი წერს, რომ რუსეთი კვლვ განაგრძობს ე.წ.სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპაციას, რამაც საქართველოს სერიოზული პრობლემები შეუქმნა.

"რუსეთის მტრული დამოკიდებულებისა და სტრატეგიული ნაბიჯების ფონზე, საქართველო ნატო-ში გაწევრიანების გზაზე ძალისხმევას არ იშურებს. მიუხედავად ამისა, თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებისკენ მიმართული მისი ძალისხმევა ვაშინგტონის მხრიდან საკმარისად მხარდაჭერილი არ იყო", - მიიჩნევს ამერიკელი პოლიტოლოგი.

არიელ კოენი წერს, რომ "აშშ უნდა გაუფრთხილდეს საქართველოს დემოკრატიისადმი ერთგულებას".

"წინსვლასთან ერთად, ჩვენ უნდა გავაფართოვოთ ურთიერთობები და მხარი დავუჭიროთ საქართველოს სწრაფვას ნატო-სა და ევროკავშირისკენ. საქართველო იმდენად მნიშვნელოვანი ქვეყანაა, რომ შეცდომა არ უნდა მოგვივიდეს", - ნათქვამია სტატიაში.

myquiz