ნინო ბურჯანაძე - ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო მცოდნოდა რუსეთის უმაღლესი ხელისუფლის აზრი უბლოკო სტატუსთან მიმართებაში | Allnews.Ge

ნინო ბურჯანაძე - ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო მცოდნოდა რუსეთის უმაღლესი ხელისუფლის აზრი უბლოკო სტატუსთან მიმართებაში

"ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობის" ნინო ბურჯანაძემ მოსკოვში ვიზიტი შეაფასა. როგორც ნინო ბურჯანაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ქვეყნის პრობლემების მოგვარებისთვის უმნიშვნელოვანესია ქვეყანამ წარმართოს პირდაპირი დიალოგი რუსეთთან.

"კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია სწორი საგარეო პოლიტიკა. მე არაერთგზის მითქვამს: იმისათვის, რომ ქვეყნის პრობლემები მოგვარდეს, უმნიშვნელოვანესია ქვეყანამ წარმართოს პირდაპირი დიალოგი რუსეთთან. ჩემმა ვიზიტმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა ამ სიტყვების სისწორეში", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

მისივე თქმით, რუსეთის პოლიტიკურ წრეებში ძალიან კარგად ესმით ის პრობლემები, რომლებიც არის რუსულ-ქართულ ურთიერთოებში.

"რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარესთან, ნარიშკინთან შეხვედრისას მე კიდევ ერთხელ დავინახე მზაობა, რომ ეს პრობლემები მოგვარდეს ორივე სახელმწიფოს ინტერესების სასარგებლოდ. მოგვარდეს ისე, რომ წარიმართოს თანასწორი დიალოგი რუსეთსა და საქართველოს შორის. ბატონი ნარიშკინი, რომელიც გახლავთ რუსეთის სახელმწიფოს სათათბიროს თავმჯდომარე და ის მომავალი არჩევნების შემდეგაც, რომელიც ჩატარდება რუსეთში სექტემბერში კვლავ იქნება უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელი, არის ადამიანი, რომელიც შედის გადაწყვეტილების მიმღებ ადამიანთა სამეულში.

ის გახლავთ ძალიან გავლენიანი ადამიანი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არის ადამიანი, რომელსაც ესმის რამდენად მნიშვნელოვანია საქართველო რუსეთისათვის და რამდენად მნიშვნელოვანია რუსეთ-საქართველოს კეთილმეზობლური ურთიერთობა",-განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

მისივე თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო შეცვლილ გეოპოლიტიკურ ვითარებას, რეგიონს, მსოფლიოში მიმდინარე პრობლემებს. ასევე ბუნებრივია რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს.

"მე კიდევ ერთხელ გავუსვი ხაზი იმ პრობლემებს , რომლებიც ნამდვილად ძალიან მწვავეა ამ ურთიერთობებში, ცხადია, ვისაუბრეთ უბლოკო სტატუსზეც. ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია ამ ინიციატივამ, ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ მცოდნოდა რუსეთის უმაღლესი ხელისუფლის აზრი უბლოკო სტატუსთან მიმართებაში, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა საქართველოში ცდილობენ ათასნაირი სპეკულაციები წამოწიონ ამ თემასთან დაკავშირებით, მე შემიძლია ვთქვა, რომ ეს იდეა ნამდვილად საინტერესო სიახლე იყო რუსეთის ხელისუფლებისათვის.

ისინი ბუნებრივია დაინტერესდნენ და დამეთანხმნენ იმაში, რომ აღნიშნულ საკითხს ნამდვილად შეუძლია გახსნას ახალი შესაძლებლობები რუსულ-ქართული მოლაპარაკებების თვალსაზრისით",-განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

myquiz