ნინო ბურჯანაძე ე.წ პროდასავლურ პოლიტიკურ ძალებს მიმართავს | Allnews.Ge

ნინო ბურჯანაძე ე.წ პროდასავლურ პოლიტიკურ ძალებს მიმართავს

მე და ჩემი მეგობრები მოვიყვანთ ჩვენს არგუმენტებს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველომ უნდა ითანამშრომლოს ყველასთან, მაგრამ მისი გადარჩენა არის არც ამერიკის შტატობა, არც რუსეთის გუბერნიობა, - ამის შესახებ "ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, "საქართველოს ხელისუფლებაში და პოლიტიკურ წრეებში არიან ადამიანები, რომლებსაც ამბიცია აქვთ ძალიან დიდი, თუმცა ერთმანეთისაგან ვერ ანსხვავებენ ელემენტარულ სამართლებრივ სტატუსებს. ვერ ანსხვავებენ ერთმანეთისაგან თუნდაც უბლოკო სტატუსსა და ნეიტრალიტეტს. არ იციან, თუ როდის სჭირდება ქვეყნის გადაწყვეტილებას მეზობელი სახელმწიფოების მხარდაჭერა, როგორც ეს ნეიტრალიტეტის შემთხვევაშია საჭირო და უბლოკო სტატუსს, რომლსათვისაც საქართველოს მოსახლეობის ნების მეტი არაფერი ესაჭიროება".

"სამწუხაროა, რომ ბოლო პერიოდში არის მცდელობა, მოხდეს ნებისმიერი ე.წ. პროდასავლური ძალებისაგან განსხვავებული აზრის, ყველა სხვა აზრთან გაერთიანების, ერთმანეთთან სრულიად განსხვავებული კონცეფციების და განსხვავებული პოლიტიკური ძალებისა და ლიდერების ერთმანეთთან მიწეპების და ე.წ ერთ ქვაბში მოხარშვის მცდელობა. ეს არის ე.წ. დემოკრატებისა და პროდასავლელების მცდელობა, რომ საქართელოში მოკვდეს ნებისმიერი სხვა აზრი გარდა ე.წ. პროდასავლური აზრებისა, ეს არის კატეგორიულად მიუღებელი.

იმისათვის, რომ საზოგადოებამ ნათლად გაარკვიოს სინამდვილეში ვინ ვინ არის, ვინ რატომ აყენებს ამა თუ იმ ინიციატივას, ვის რა არგუმენტები აქვს, იმ ძალებს, რომლებიც ეწინააღმდეგებიან უბლოკო სტატუსის იდეას და ცდილობენ ჩვენ ლამის მოღალატეების და მარგინალების იარლიყი მოგვაწებონ, ვთავაზობ, თუ ეყოფათ გამბედაობა და არ შეეშინდებათ, ჩავატაროთ საჯარო დისკუსია, სადაც ყველანი თავს შევიკავებთ ერთმანეთისათვის იარლიყების მიკერებისაგან და სადაც მოვიყვანთ მხოლოდ სამართლებრივ და პოლიტიკურ არგუმენტებს ერთი ან მეორე იდეის სასარგებლოდ"-განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

"ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა მიმართა პოლიტიკოსებს, მოიტანონ პოლიტიკური და სამართლებრივი არგუმენტები, რომელიც დღეს არის აქტუალური, აგვისტოს 2008 წლის შემდეგ არსებული რეალობიდან და მსოფლიოში და რეგიონში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე.

"მოიყვანეთ თქვენი არგუმენტები, რომლითაც მოსახლეობას მისცემთ მყარ საფუძველს იფიქროს, რომ თქვენ ხართ მართლები, რომ ნატო და ამერიკა არის საქართველოს ერთადერთი ხსნა, მე და ჩემი მეგობრები კი მოვიყვანთ ჩვენს არგუმენტებს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველომ უნდა ითანამშრომლოს ყველასთან, მაგრამ მისი გადარჩენა არის არც ამერიკის შტატობა, არც რუსეთის გუბერნიობა, საქართველოს გადარჩენა არის დამოუკიდებელი და საქართველოს ინტერესების შესაბამისი პოლიტიკის წარმოება და საქართველოს გადარჩენა არის სწორედ ის, რომ გამოაცხადოს უბლოკო სტატუსი.

ბუნებრივია, მე არ მაქვს არც თოქ-შოუებში მონაწილეობის პრობლემა, თუმცა თოქ-შოუ მოსახლეობას ვერ აძლევს სრულყოფილ ინფორმაციას, გთავაზობთ გავმართოთ გნებავთ კონფერენცია, გნებავთ დისკუსია, გნებავთ ანალიზი, რომელიც სრულად გადაიცემა ეროვნული მაუწყებლების მიერ პირდაპირ ეთერში. არავისზე ნაკლები ჭკუის არ გახლავთ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა, მათ შორის იმ ე.წ. პოლიტიკოსებზე ნაკლები ჭკუის, რომლებიც უბლოკო სტატუსს და ნეიტრალიტეტს ვერ არჩევენ ერთმანეთისაგან. გთავაზობთ ისტერიული ფონისა და შეურაცხყოფის გარეშე მოვასმენინოთ მოსახლეობას არგუმენტები და მათ გადაწყვიტონ, რა სჭირდება ჩვენს სამშობლოს უკეთესი მომავლისათვის. მე მზად ვარ ასეთი ღია დისკუსიისათვის!"-განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

myquiz