"ცენტრისტების" წინასაარჩევნო კლიპი პრორუსული შეხედულებების გამო გააკრიტიკეს | Allnews.Ge

"ცენტრისტების" წინასაარჩევნო კლიპი პრორუსული შეხედულებების გამო გააკრიტიკეს

საზოგადოებრივ მაუწყებელზე გასულ წინასაარჩვნო კლიპში ლადო ბედუკაძისა და ნიკოლოზ ხაჩიშვილის პარტია "ცენტრისტები" ამომრჩეველს 400 ლარიან რუსულ პენსიას, ასევე საქართველოში რუსული ჯარის დაკანონებას ჰპირდებიან.

კლიპისა და ტელეკომპანიის მიმართ გამოთქმული კრიტიკის შემდეგ, საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი და მინდინარე ამბების ბლოკის დირექტორი, გიორგი გვიმრაძე კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს არანაირი შესაძლებლობა არ ჰქონდა, "ცენტრისტების" საარჩევნო რეკლამა არ გაეშვა. მისი თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებელი ვერც მის შინაარსობრივ ნაწილში ჩაერეოდა.

"ვიზიარებთ იმ შეშფოთებას და მდგომარეობას, რომელიც საზოგადოებას გასულ უფასო პოლიტიკურ რეკლამასთან დაკავშირებით აქვს. მინდა, პირველ რიგში, განვმარტო ის ნაწილი, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელს არ ჰქონდა არანაირი შესაძლებლობა, არ გაეშვა ხსენებული პოლიტიკური რეკლამა, მათ შორის ჩარეულიყო მის შინაარსობრივ ნაწილში და კანონმდებლობა ამას ცალსახად გვავალდებულებს, შესაბამისად რეკლამა განთავსდა ეთერში", - აღნიშნა გვიმრაძემ.

მისივე თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტი და თანამშრომლები ემიჯნებიან იმ შინაარსს, რომელიც არის აღნიშნულ პოლიტიკურ რეკლამაში.

გვიმრაძე სამართლებრივ სისუსტეზეც მიუთითებს და აღნიშნავს, რომ არ არსებობს სამართლებრივი ბერკეტი, რომელიც ხელს შეუშლის ოკუპაციის დაკანონების ტირაჟირებას.

კლიპის შესახებ განცხადება "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, გია ვოლსკიმ გაავრცელა. მისი შეფასებით, "ცენტრისტების" საარჩევნო რეკლამა მოღალატეობრივი რიტორიკისაა და დეპუტატების 1/5 საკონსტიტუციო სასამართლოს პოლიტიკური გაერთიანება "ცენტრისტების" გაუქმების შესახებ მიმართავს.

"ჩვენთვის, რა თქმა უნდა, მიუღებელია ქართულ პოლიტიკურ სივრცეში მსგავსი შინაარსის მოწოდებები. პარტიის კამპანიიდან მოხსნაის მოთხოვნა სასამართლომ არ დააკმაყოფილა და ახლა მხოლოდ ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებაა შესაძლებელი. ამიტომ ჩვენ ვიყენებთ კანონით მონიჭებულ უფლებას, რომლის თანახმადაც, დეპუტატების 1/5-ს შეუძლია საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართოს და მოითხოვოს პარტიის რეგისტრაციის მთლიანად გაუქმება. მოვუწოდებთ სხვა პოლიტიკურ ძალებს შემოუერთდნენ ამ ინციატივას", - აცხადებს ვოლსკი.

"ცენტრისტების" საარჩევნო კლიპთან დაკავშირებით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ელენე ხოშტარიას განცხადებით, საზოგადოებრივ მაუწყებელზე გასული ბედუკაძე-ხაჩიაშვილის პოლიტიკური რეკლამა საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგაა მიმართული.

"ამ ყველაფერზე პირდაპირი პასუხისმგებლობა მთავრობას და პირადად ბიძინა ივანიშვილს აკისრია, რომელმაც სრული მხარდაჭერით შესაძლებელი გახადა, რომ საქართველოში პოლიტიკურ ლიდერებად ის ადამიანები გვევლინებიან, რომლებიც საქართველოს სახელმწიფოს, საქართველოს სუვერენიტეტს უარყოფენ. ჩვენ გვახსოვს, რომ ბედუკაძე ძალიან მძიმე დანაშაულში იყო ბრალდებული, მაგრამ ის გმირად აქციეს და დღემდე ივანიშვილის ვიწრო გარემოცვაშია. ხაჩიაშვილი კი ღიად კავშირშია რუსულ სპეცსამსახურებთან. ესაა იმ არაჯანსაღი პოლიტიკის ნაწილი, რომელიც 4 წელია მიმდინარეობს და ეს უნდა შეიცვალოს 8 ოქტომბერს" - განაცხდა ელენე ხოშტარიამ.

ლადო ბედუკაძე, რომელიც პოლიტიკური გაერთიანება "ცენტრისტების" ლიდერია, საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს და ამომრჩეველს ხელშეკრულების დადებას სთავაზობს.

ამავე პარტიის წარმომადგენლის, თემურ ხაჩიშვილის განცხადებით, ისინი მოსახლეობას 8-პუნქტიან გეგმას წარუდგენენ, რომელიც, სურვილის შემთხვევაში, რუსული პენსიის დანიშვნას, 2017 წლის ბოლომდე ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, რუსეთთან სავიზო რეჟიმის გაუქმებასა და ევრაზიულ კავშირში გაერთიანებას ითვალისწინებს.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია პარტია "ცენტრისტების" საარჩევნო კლიპის შესახებ განცხადებას ხვალ გაავრცელებს.

myquiz