ნინო ბურჯანაძე - საქართველოს პრობლემების მოგვარების გასაღები არაა ნატო-ს წევრობა | Allnews.Ge

ნინო ბურჯანაძე - საქართველოს პრობლემების მოგვარების გასაღები არაა ნატო-ს წევრობა

"დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, მიუხედავად ხერლისუფლების და ცალკეული პოლიტიკური პარტიების დიდი მოლოდინებისა, ვარშავის სამიტზე არ იქნება არც MAP-ი და რაიმე გარღვევა.

"სრულიად ნათელია, რომ ვარშავის სამიტზე დადგება ზუსტად ის შედეგი, რომელიც მე არაერთგზის განმიცხადებია. მიუხედავად იმ მოლოდინებისა, რომელიც ჰქონდა ხელისუფლებას და ცალკეულ პოლიტიკურ ძალებს, მე ერთმნიშვნელოვნად ვამბობდი, რომ ვარშავის სამიტზე არ იქნება არც MAP-ი, არც რაიმე გარღვევა საქართველოსთან მიმართებაში. დღეს უკვე გადაწყვეტით შეიძლება ითქვას, რომ ჩემი პროგნოზი აბსოლიტურად სწორი და ერთმნიშნელოვნად რეალისტური იყო", - აცხადებს ნინო ბურჯანაძე.

მისი თქმით, ის განცხადებები რომლებიც კეთდება, რომ ნატო ღია კარის დემონსტრირებას გააკეთებს, ის რომ მეტი ნატო იქნება საქართველოში, "უკვე მწარე ღიმილის მომგვრელია".

"განცხადებები, რომ საქართველო კიდევ უფრო იქნება დაცული მე მახსენდებს 2008 წლის აგვისტო, როდესაც ძალიან ნათლად გამოჩნდა, რომ კრიზისულ ვითარებაში საქართველო არ იყო დაცული. დარწმუნებული ვარ, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ საქართველო არ აღმოჩნდეს კრიზისულ ვითარებაში, იმიტომ რომ საქართველოს დაცულობა ნატო-ს მხრიდან ამ შემთხვევაში იქნება მხოლოდ და მხოლოდ დეკლარაცია და სხვა არაფერი", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერს საშიშად მიაჩნია ხელისუფლების განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო იმაზე მეტად აქტიურად უნდა იყოს პროცესში ჩართული, ვიდრე ნატო-ს სახელმწიფოები, მათ შორის, როცა ლაპარაკია შავი ზღვის რეგიონის გამოყენებაზე.

"შენ ჩართული უნდა იყო პროცესში მაშინ, როდესაც გაქვს დაცვის ისეთივე გარანტიები, როგორც ნატო-ს სახელმწიფოებს, მაგრამ როდესაც ასეთი გარანტიები არ გაქვს, უნდა იყო ჩართული იმ დოზით, რა დოზის გარანტიებიც გაქვს, წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანას ვაყენებთ სერიოზული დარტყმის წინაშე. ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია ის განცხადება, რომელიც გააკეთა სტოლტენბერგმა.

მან განაცხადა, რომ რუსეთი არის ევროპული უსაფრთხოების განუყოფელი ნაწილი - ეს არ არის შემთხვევით ნათქვამი სიტყვები და ასევე მნიშვნელოვანი გზავნილი და ჭკუის სასწავლებელია ჩვენთვის. როგორც ხედავთ ნატო რუსეთის ურთიერთობები ძალიან სერიოზულად განახლდა და ვფიქრობ, რომ დროა თავის მოტყუებას თავი დავანებოთ.

მე არავის მოვუწოდებ იმისკენ, რომ ჩვენ ნატო-სთან საერთოდ არ ვითანამშრომლოთ და ურთიერთობები გავწყვიტოთ. ბუნებრივია, ჩვენ უნდა გვქონდეს ურთიერთობა, ვითანამშრომლოთ, მაგრამ დავანებოთ თავი საკუთარი თავის მოტყუებას და მოსახლეობის მოტყუებას, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი.

საქართველო ვერ გახდება ნატო-ს წევრი და არც უნდა გახდეს იმიტომ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე არის ორი რუსული ჯარი და ამ ჯარებით და აფხაზეთით და სამაჩაბლოთი არავინ არ მიგვიღებს ნატო-ში - ეს ერთხელ და სამუდამოდ ძალიან ნათლად უნდა ვთქვათ", - განაცხადა ბურჯანაძემ და დასძინა "არც ნატო-ს ჯარი და არც სხვა ორგანიზაციის, ან სხვა სახელმწიფოს ჯარი საქართველოს ტერიტორიაზე!"

myquiz