თორნიკე შარაშენიძე - არ არის გამორიცხული რუსეთმა აქ ჯარი შემოიყვანოს | Allnews.Ge

თორნიკე შარაშენიძე - არ არის გამორიცხული რუსეთმა აქ ჯარი შემოიყვანოს

რუსეთი დღევანდელ მთავრობას კარგად არის შეგუებული და არა მგონია, მათ აქ ცვლილებები უნდოდეთ", - ამ კონტექსტში აფასებს ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის განცხადებას.

"გრიგორი კარასინი ამბობს, რომ რუსეთი მზად არის ყველა სცენარისათვის. მან თქვა, რომ იმედია, Brexit არ მოხდებაო. ამით, ალბათ, პარალელი გაავლო იმასთან, რომ საქართველოში შეიძლება ოპოზიციამ გაიმარჯვოს. რუსეთს ალბათ აწყობს დღევანდელი სიტუაცია შენარჩუნდეს - დღევანდელი სიტუაციით უფრო მშვიდად არიან, როცა არაფერი იძვრის, დღევანდელ მთავრობას კარგად არიან შეგუებული და არა მგონია, მათ აქ ცვლილებები უნდოდეთ", - აცხადებს თორნიკე შარაშენიძე.

შარაშენიძე იმასაც ამბობს, რომ "არ არის გამორიცხული რუსეთმა აქ ჯარი შემოიყვანოს და "მშვიდობა" დაამყაროს.

"ასეთი სიტუაციისთვის ჩვენც უნდა ვიყოთ მზად. ამის ერთადერთი გარანტია, რომ ეს არ მოხდეს, არის ქართული-ამერიკული ერთობლივი წვრთნები", - აღნიშნა მან.

საქართველოში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა "საზოგადოებრივ მაუწყებელთან" ისაუბრა.

"ჩვენ იმედი გვაქვს, რომ საქართველო იქნება სტაბილური ქვეყანა. 8 ოქტომბერი ჩვენთვის საინტერესო დღეა. იმედი მაქვს, რომ უფრო ნაკლებად სენსაციური იქნება, ვიდრე ბრიტანეთის რეფერენდუმის შედეგი ევროკავშირიდან გასვლის შესახებ. არჩევნები ყოველთვის საინტერესოა. რუსეთისთვის სიურპრიზები ძნელი წარმოსადგენია. ჩვენ მოვლენების ნებისმიერი განვითარებისთვის მზად ვართ, მაგრამ მაინც ვიმედოვნებთ, რომ სტაბილური, კონსტრუქციული განვითარება ქვეყნისთვის დამახასიათებელი იქნება არჩევნების შემდგომ პერიოდშიც. გვიყვარს ქართველი ხალხი. იმედი გვაქვს, როდესმე შევძლებთ ამ სიტყვის ფართო გაგებით განვავითაროთ ურთიერთობები ყველა მიმართულებით", - განაცხადა კარასინმა.

myquiz