განათლების ახალი მინისტრის პირველი განცხადებები | Allnews.Ge

განათლების ახალი მინისტრის პირველი განცხადებები

"ყველაფერს გამოვიყენებთ, რაც აქამდე აშენდა და ზემოდან კიდევ ბევრ კარგ რამეს დავაშენებთ," - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ჟურნალისტებს საერთაშორისო სემინარის დასრულების შემდეგ განუცხადა, რომელიც "ქორთიარდ მარიოტში" მიმდინარეობს.

როგორც ჯეჯელავამ აღნიშნა, ის განათლების ყოფილ მინისტრთან ერთად აპირებს, რომ ჩაატაროს სანიმუშო გადაბარება.

როგორც მინისტრი აღნიშნავს, საზოგადოების თვალში მინისტრის ცვლილება ტრაგედიასთან არის დაკავშირებული და ის აპირებს, რომ ეს მითი დაამსხვრიოს.

"ჩვენი საზოგადოების თვალში მინისტრის ცვლილება ყოველთვის კავშირშია რაღაც ლამის ანტაგონიზმთან. ჩვენმა წინამორბედებმა ადრე შექმნეს ასეთი მითი, რომ როცა მინისტრი იცვლება, ეს არის ტრაგედია და ხანდახან მედიაც ასე აშუქებს. ჩვენ ეს მითი უნდა დავამსხვრიოთ. ეს აბსოლუტურად ჰარმონიული პროცესია. გუშინ პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ჩვენ ვაგრძელებთ განვითარებას. ჩვენი ამოცანაა, ყველას დავანახოთ, რომ ეს გადაბარება იქნება ძალიან კონსტრუქციული. ყველაფერს გამოვიყენებთ, რაც აშენდა აქამდე და ზემოდან კიდევ ბევრ კარგ რამეს დავაშენებთ", - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

როგორც მინისტრი აღნიშნავს, ძირითადი აქცენტები იქნება სასკოლო განვითარების მიმართულება და ასევე უმაღლესი განათლება.

"სასკოლო განათლების განვითარების მიმართულებით ჩვენ ვფიქრობთ, რომ ძალიან ბევრი შესაძლებლობაა, თუნდაც იგივე მასწავლებელთა განვითარების, სწავლების პროცესში ტექნოლოგიების განვითარების კუთხით. რაც შეეხება უმაღლეს განათლებას, ვფიქრობ, გვექნება პრეტენზია, რომ გავხდეთ რეგიონში მოწინავე მომწოდებელი უმაღლესი განათლების", - განაცხადა განათლების მინისტრმა და აქვე დასძინა, რომ უწყებაში საკადრო ცვლილებებს არც მოკლევადიან და არც გრძელვადიან პერიოდში არ გეგმავს.

ჯეჯელავას განმარტებით, მინისტრის რანგში პირველ სამუშაო დღეს უნივერსიტეტში არსებულ ვითარებაზე უკვე ჰქონდა მსჯელობა, თუმცა ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები ჯერ გადაწყვეტილი არ აქვს. მინისტრმა  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შექმნილ კრიზისულ მდგომარეობაზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ უნივერსიტეტი ამ მდგომარეობიდან გაძლიერებული და მწყობრი ორგანიზაცია გამოვა.

განათლების მინისტრმა სტუდენტებთან შეხვედრის მზაობაც გამოთქვა.

საქართველოს განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ 6 წლამდე ასაკს მიუღწეველი ბავშვების სკოლაში შეყვანაზე დაწესებულ შეზღუდვაზეც ისაუბრა და განმარტა, რომ მშობლების პოზიციის მიუხედავად აღნიშნულ გადაწყვეტილებას,  მისი აზრით, ძალიან მეცნიერული და სიღრმისეული საფუძველი ჰქონდა. 

 

myquiz