გიორგი მარგველაშვილი - ვეტოში ვენეციის კომისიის რეკომენდაციები სიტყვასიტყვითაა გათვალისწინებული | Allnews.Ge

გიორგი მარგველაშვილი - ვეტოში ვენეციის კომისიის რეკომენდაციები სიტყვასიტყვითაა გათვალისწინებული

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებულ საკითხზე მის მიერ პარლამენტისთვის შეთავაზებულ მოტივირებულ შენიშვნებში ვენეციის კომისიის რეკომენდაციები სიტყვასიტყვით არის გათვალისწინებული.

როგორც პრეზიდენტმა ჟურნალისტებს არასამთავრობო სექტორის შეფასებებზე კომენტირებისას განუცხადა, ხშირად ხდება ხოლმე, როცა "ვენეციის კომისიის მოსაზრებები საკუთარში ერევათ".

"ახლა ჩვენი მხრიდან მზადდება ამ საკითხზე უფრო დეტალური ანგარიში. ჟურნალისტებს მოგეცემათ შესაძლებლობა ნახოთ, რომ სიტყვა სიტყვით, რაც წერია ვენეციის კომისიის რეკომენდაციებში, გათვალისწინებულია ჩვენს ვეტოში. ხშირად ხდება ხოლმე, რომ ერევათ თავისი მოსაზრებები ვენეციის კომისიის მოსაზრებებში.

რა თქმა უნდა, ყველას მოსაზრება მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ საპარლამენტო უმრავლესობასთან მოლაპარაკებებში ამოსავალი წერტილი იყო ვენეციის კომისიის დოკუმენტი.

ეს იყო ის დოკუმენტი, რომლის ირგვლივაც ჩვენ ვსაუბრობდით. გასაგებია, რომ ზოგ შემთხვევებში შესაძლოა მოსაზრებები რომელიღაცა ექსპერტის და ვენეციის კომისიის ერთმანეთს არ ემთხვეოდეს, მაგრამ ჩვენთვის ამოსავალი ვენეციის კომისიის დოკუმენტი იყო", - განაცხადა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებულ ცვლილებათა პაკეტს ვეტო დაადო

როგორც ცნობილია, პრეზიდენტმა "საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" კანონში შესულ ცვლილებებს გუშინ ვეტო დაადო და კანონპროექტი მოტივირებული შენიშვნებით პარლამენტს უკან დაუბრუნა. თავის მხრივ, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა უმრავლესობამ პრეზიდენტის შენიშვნები გაიზიაროს და ვეტოს დაძლევაზე საუბარი აღარ იყოს.

მთავრობის მეთაურის ამ განცხადების შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმაც ღიად დააფიქსირეს, რომ ქვეყნის პირველი პირის მოტივირებულ შენიშვნებზე იმსჯელებენ და დიდი ალბათობით, გაიზიარებენ. თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, "საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" კანონპროექტზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებში ვენეციის კომისიის რეკომენდაციები სრულად ასახული არ არის.

myquiz