ზურაბ ზვიადაურს პლენარული სხდომა დაატოვებინეს | Allnews.Ge

ზურაბ ზვიადაურს პლენარული სხდომა დაატოვებინეს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ზურაბ ზვიადაურს პლენარული სხდომა დაატოვებინეს. ზვიადაურს სხდომის დატოვებისკენ ვიცე-სპიკერმა ზვიად ძიძიგურმა, რომელიც სხდომას უძღვებოდა, მას შემდეგ მოუწოდა, რაც მმართველი გუნდისა და "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება მოხდა.

თავდაპირველად ერთმანეთს სიტყვიერად საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ოთარ ჩრდილელი და "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი ტარიელ ლონდარიძე დაუპირისპირდნენ, მოგვიანებით კი ლონდარიძესთან ჩხუბში ზურაბ ზვიადაურიც ჩაერთო. ზვიადაურის მიერ სხდომათა დარბაზის დატოვების შემდეგ სიტყვიერი დაპირისპირება და შეხლა-შემოხლა უკვე "ქართული ოცნების" წევრ ომარ ნიშნიანიძესა და "ნაციონალების" წარმომადგენელ გიორგი თედორაძეს შორის გაგრძელდა.

მანდატურების ჩარევისა და სხდომის ხელმძღვანელის, ზვიად ძიძიგურის მოწოდების შემდეგ, საბოლოოდ, სიტუაცია განიმუხტა და სხდომა გაგრძელდა.

"მინდა მოგიწოდოთ დეპუტატებს, გავაგრძელოთ სხდომა. პარლამენტში ცხარე დებატები არ არის გასაკვირი, მაგრამ ძალიან გთხოვთ, ერთმანეთს ვცეთ პატივი და სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას ნუ მოვიშველიებთ არგუმენტის გასამყარებლად. არ გამოდის ამით არგუმენტის გამყარება", - მიმართა ძიძიგურმა დეპუტატებს.

პარლამენტის სხდომაზე დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც მმართველი გუნდის წევრმა, ზაზა პაპუაშვილმა კოლეგებს მიმართა წინადადებით, 2011 წლის 26 მაისს განვითარებული მოვლენების დროს დაღუპულთა ხსოვნისადმი წუთიერი დუმილით პატივი მიეგოთ.

myquiz