გიორგი ქადაგიძეს უფლებამოსილების ვადა დღეს ამოეწურება | Allnews.Ge

გიორგი ქადაგიძეს უფლებამოსილების ვადა დღეს ამოეწურება

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს და ეროვნული ბანკის საბჭოს წევრს გიორგი ქადაგიძეს უფლებამოსილების ვადა დღეს ამოეწურება. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თანამდებობას გიორგი ქადაგიძე 7 წლის განმავლობაში იკავებდა.

"ძალიან საინტერესო, რთული, წინააღმდეგობებითა და მიღწევებით სავსე 7 (10) წელი იყო. იყო შეცდომებიც, მაგრამ, ვფიქრობ, რომ ბევრი შევძელით. ჯერ მხოლოდ ასე შევაფასებ, მემუარების წერა ძალიან ადრეა. მადლობა ყველას მხარდაჭერის, გულშემატკივრობისა და კრიტიკისათვის", - წერს ქადაგიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე.

გიორგი ქადაგიძის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ, ეროვნული ბანკის 7-კაციან საბჭოში ერთი ადგილი ვაკანტურია, თუმცა სებ-ის საბჭოში ქადაგიძის შემცვლელად საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა კობა გვენეტაძის კანდიდატურა პარლამენტს უკვე წარუდგინა.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი, თუმცა, "ეროვნული ბანკის შესახებ" ორგანული კანონის მიხედვით, ეს ხდება ეროვნული ბანკის საბჭოს უმრავლესობის წარდგინებით უშუალოდ საბჭოს შემადგენლობიდან.

გიორგი ქადაგიძის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ ეროვნული ბანკის საბჭოს დარჩენილი, 6-კაციანი შემადგენლობა უფლებამოსილია გააგრძელოს საბჭოს ფუნქციების განხორციელება. ამასთან, დღეიდან ეროვნული ბანკის პრეზიდენტის და საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობას ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი შეასრულებს.

myquiz