ჰააგის პროკურორი საქართველოსგან პასუხს თებერვლის ბოლოს ელოდება | Allnews.Ge

ჰააგის პროკურორი საქართველოსგან პასუხს თებერვლის ბოლოს ელოდება

გამოძიების ფარგლებში, ჩვენი გუნდი ჩავა რეგიონში გამოძიების ჩასატარებლად, - ამის შესახებ ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა ფატუ ბენსუდამ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

"ძალიან დროული შეხვედრა იყო საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან, მითუმეტეს, მას შემდეგ რაც მივიღეთ დასტური გამოძიების ჩატარების შესახებ, შეხვედრაზე გავაცანით სამუშაო გეგმა და მივიღე სრული მხრადაჭერა საგამოძიებო პროცესში. ჩვენ ვთხოვეთ შეხვედრა რუსულ დელეგაციასაც, თუმცა პასუხი ჯერ არ მიგვიღია. თუ იქნება დასტური და დრო, ჩვენ გვექნება შეხვედრა. რაც შეეხება ჩვენს გეგმებს, გამოძიების ფარგლებში ჩვენი გუნდი ჩავა რეგიონში გამოძიების ჩასატარებლად", - განაცხადა ბენსუდამ, რომლის ქართულ თარგმანსაც სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2" ავრცელებს.

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი, ფატუ ბენსუდა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის გამოძიების კუთხით, თებერვლის ბოლოს ელოდება პასუხს საქართველოსგან, პროკურატურის გამოძიების კუთხით.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამის შესახებ ბენსუდამ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრისას, მიუნხენში განაცხადა.

ადმინისტრაციის ინფორმაციით, ფატუ ბენსუდამ აღნიშნა, რომ ჰააგის პროკურორის ოფისი ადგენს გამოძიების სქემას, სადაც გაწერილი იქნება ერთწლიანი და მრავალწლიანი სამოქმედო გეგმა.

ჰააგის პროკურორი ასევე ელოდება პასუხს რუსული მხარისგან, თუ როდის იქნება მოსკოვი მზად მასთან შეხვედრისთვის.

სამუშაო შეხვედრას საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე დაესწრნენ.