პრეზიდენტი მიზანშეწონილად მიიჩნევს, პროკურორების დანიშვნა-გათავისუფლების პროცესში მონაწილეობის უფლებამოსილება დაეკისროს | Allnews.Ge

პრეზიდენტი მიზანშეწონილად მიიჩნევს, პროკურორების დანიშვნა-გათავისუფლების პროცესში მონაწილეობის უფლებამოსილება დაეკისროს

პრეზიდენტი მიზანშეწონილად მიიჩნევს, საპროკურორო საბჭოს პროკურორების დანიშვნა-გათავისუფლების პროცესში მონაწილეობის უფლებამოსილება დაეკისროს პროკურატურის შესახებ კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებები არსობრივად მხოლოდ მთავარი პროკურორის თანამდებობაზე გამწესება-გათავისუფლების ახლებურ რეგულაციებს შეეხო, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.

პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ უნდა განხორციელდეს პროკურატურის სისტემური რეფორმირება, განსაკუთრებით ანგარიშვალდებულების და ინსტიტუციური პასუხისმგებლობის კუთხით.

"ამ თვალსაზრისით მიზანშეწონილად მიმაჩნია საპროკურორო საბჭოს დაეკისროს პროკურორების თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლების პროცესში მონაწილეობის უფლებამოსილება. ამასთან, გაძლიერდეს საბჭო სამოქალაქო საზოგადოებისა და სამართლის მეცნიერთა მონაწილეობით.

ასევე, უნდა გაგრძელდეს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის რეფორმა. კრიმინალთან ბრძოლა არასდროს სრულდება. საქართველოს მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ განცდა, რომ უსაფრთხო ქვეყანაში ცხოვრობენ და რომ კრიმინალი მარგინალიზებული და მიუღებელია ჩვენი საზოგადოებისთვის", - განაცხადა პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილის თქმით, ამასთან ერთად, საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფა არ უნდა ხორციელდებოდეს უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვის ხარჯზე.

"ამ მხრივ მნიშვნელოვანია თავად ჩვენი მოქალაქეების აქტიურობა და მათი ჩართულობა კრიმინალთან ბრძოლის პროცესში. ამიტომ გავაღრმავოთ რეფორმა, დავაახლოვოთ საზოგადოება და სამართალდამცავი, შევქმნათ მარეგულირებელი და მაკონტროლებელი სრულყოფილი სამართლებრივი ბაზა", - განაცხადა პრეზიდენტმა.

myquiz