ყველაფერი, რაც აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე უნდა ვიცოდეთ | Allnews.Ge

ყველაფერი, რაც აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე უნდა ვიცოდეთ

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები აქტიურ ფაზაში შედის. რამდენიმე შტატში შიდაპარტიული არჩევნები უკვე გაიმართა. სანამ რესპუბლიკელები და დემოკრატები მწვავე დებატებს მართავენ და ცდილობენ დაარწმუნონ ელექტორატი, რომ სწორედ მათ შეუძლიათ "ამერიკული ოცნების" ახდენა, ჩვენ ვეცადეთ გაგვერკვია, როგორ არის მოწყობილი ამერიკული პოლიტიკური სისტემა და რას მოუტანს საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოს

მარადიული ტანდემი:

დავიწყოთ იმით, რომ აშშ-ის პოლიტიკურ ცხოვრებაში ტრადიციულად 2 პარტია - რესპუბლიკური და დემოკრატიული დომინირებს, რის გამოც შტატების პოლიტიკურ სისტემას ხშირად ორპარტიულს უწოდებენ.

რესპუბლიკური პარტია, რომელიც კონსერვატიული იდეოლოგიის მატარებლად მიიჩნევა, XIX საუკუნის 50-იან წლებში დაარსდა და გადასახადების შემცირებას, სამხედრო ხარჯების გაზრდას, ტრადიციულ ფასეულობების დაცვას უჭერს მხარს. იგი შედარებით აგრესიული საგარეო პოლიტიკით გამოირჩევა. პარტიის არაოფიციალური სიმბოლო სპილოა, ძალისა და სიმძლავრის განსახიერება. ყველაზე ცნობილი რესპუბლიკელი პრეზიდენტებია დუაით ეიზენჰაუერი, რიჩარდ ნიქსონი, რონალდ რეიგანი და ჯორჯ ბუში-უმცროსი.

აშშ-ის დემოკრატიული პარტია მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი პარტიაა, რომელიც XIX საუკუნის 20-იან წლებში დაარსდა. არაოფიციალური სიმბოლო - ვირია, რომელიც დაბრკოლებების გადალახვას გულისხმობს. დემოკრატები ლიბერალურ ფასეულობებს, საბიუჯეტო ხარჯების ზრდასა და სამხედრო ბიუჯეტის შემცირებას უჭერენ მხარს. ყველაზე ცნობილი დემოკრატი პრეზიდენტებია ვუდრო უილსონი, გარი ტრუმენი, ფრანკლინ რუზველტი, ჯიმ კარტერი, ჯონ კენედი და ბილ კლინტონი. აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი ბარაქ ობამა ასევე დემოკრატია.

რა არის კონგრესი?

აშშ-ის საკანონმდებლო ორგანო 1787 წელს შექმნილი კონგრესია, რომელიც წარმომადგენელთა პალატისგან (435 წევრი) და სენატისგან (100 წევრი) შედგება. 2014 წლიდან ორივე პალატაში ადგილების უმრავლესობა რესპუბლიკელებს უკავიათ. ბოლო 200 წელია, კონგრესმენები სხდომებს ვაშინგტონში, 88 მეტრის სიმაღლის კაპიტოლიუმში მართავენ. კაპიტოლიუმის კომპლექსი სხვადასხვა დანიშნულების 10-მდე შენობას აერთიანებს, მათ შორის მსოფლიოში ყველაზე დიდ კონგრესის ბიბლიოთეკას, სადაც 160 მილიონზე მეტი წიგნი, ხელნაწერი, რუკა, აუდიო და ვიდეომასალა ინახება, წიგნის თაროების საერთო სიგრძე კი 1 350-მდე კილომეტრს აღწევს.

საინტერესო ფაქტები აშშ-ის პრეზიდენტებზე

აშშ-ის პრეზიდენტი აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი და ქვეყნის მთავარსარდალია. პირველი პრეზიდენტი ჯორჯ ვაშინგტონი 1789 წელს აირჩიეს. ყველაზე ხანგრძლივი მმართველობა ფრანკლინ რუზველტს (12 წელი), ყველაზე ხანმოკლე კი უილიამ ჰარისონს (1 თვე) ჰქონდა.

აბრაამ ლინკოლნი აშშ-ის ყველაზე მაღალი (195 სმ) პრეზიდენტი იყო და ქვეყნის პირველი ლიდერი, რომელიც წვერს ატარებდა. თეოდორ რუზველტი პირველი პრეზიდენტი იყო, რომელიც საზღვარგარეთ ვიზიტით გაემგზავრა, უილიამ ჰოვარდ ტაფტი პირველი პრეზიდენტი, რომელსაც თეთრმა სახლმა ავტომობილი გამოუყო, ჯონ ქუინსი ადამსი პირველი პრეზიდენტი გახდა, რომელსაც ფოტოსურათი გადაუღეს, უილიამ ჰენრი ჰარისონი კი აშშ-ის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი საინაუგურაციო სიტყვით (100 წუთი) წარდგა, თუმცა, გაცივდა და ერთ თვეში პნევმონიით გარდაიცვალა.

ტრამპი კლინტონის წინააღმდეგ

სოციოლოგიური კვლევების თანახმად, ამერიკელებში ყველაზე დიდი პოპულარობით რესპუბლიკელი კანდიდატი დონალდ ტრამპი და დემოკრატი ჰილარი კლინტონი სარგებლობენ.

დონალდ ტრამპი ექსტრავაგანტული მილიარდერია, რომელიც წინასაარჩევნო კამპანიის დროს კვირაში 2 მილიონ აშშ დოლარის დახარჯვას აპირებს. ჰილარი კლინტონი კი აშშ-ის ექს-პირველი ლედი და შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივანია.

პრეზიდენტობის კანდიდატები და საქართველო. ჰილარი კლინტონი სახელმწიფო მდივნის რანგში საქართველოში 2012 წლის ივნისში იმყოფებოდა. ცნობილია, რომ კლინტონი საქართველოს მიმართ დადებითადაა განწყობილი და ჩვენს ქვეყანას ხშირად აშშ-ის "ფასეულ პარტნიორს" უწოდებდა.

დონალდ ტრამპი საქართველოში 2012 წლის აპრილში იყო ჩამოსული. მაშინ გაკეთდა განცხადება, რომ აღმოსავლეთ ევროპაში საქართველო პირველი ქვეყანა გახდება, სადაც ტრამპის კომპანია "ტრამპ-ტაუერს" ააშენებს.

კლინტონისგან განსხვავებით, დონალდ ტრამპი თბილადაა განწყობილი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიმართ, რომელსაც "ძლიერ ლიდერად" მოიხსენიებს. პუტინი კი თავის მხრივ, ტრამპს "ნიჭიერ ადამიანს" უწოდებს.

საპრეზიდენტო არჩევნების თავისებურებანი: თუ ვინ გახდება აშშ-ის მომავალი პრეზიდენტი, ამას მოსახლეობა რთული და უნიკალური საარჩევნო სისტემის საშუალებით გადაწყვეტს, რომელსაც, შეიძლება ითქვას, მსოფლიოში ანალოგი არა აქვს.

პრეზიდენტსა და ვიცე-პრეზიდენტს 4 წელიწადში ერთხელ, არაპირდაპირი საყოველთაო არჩევნების დროს ირჩევენ.

პირველ ეტაპზე ყველა შტატსა და კოლუმბიის ოლქში ტარდება პრაიმერისი (პირველადი არჩევნები) ან კოკუსი (პარტიის მხარდამჭერთა შეხვედრა), სადაც თითო პარტიიდან რამდენიმე პოლიტიკოსი იბრძვის, გახდეს პრეზიდენტობის კანდიდატი. იმას ვინც პრაიმერისზე ყველაზე მეტ ხმას დააგროვებს, უფლება ეძლევა, საყოველთაო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა.

ამის შემდეგ პარტია ატარებს ყრილობას, სადაც პრეზიდენტობის კანდიდატს ოფიციალურად ასახელებს, თავად კანდიდატი კი თავისთვის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატს ირჩევს.

ამის შემდეგ კანდიდატები წინასაარჩევნო კამპანიას ატარებენ, მოგზაურობენ სხვადასხვა შტატში და მართავენ სატელევიზიო დებატებს.

ნოემბრის პირველი ორშაბათის შემდეგ, პირველ სამშაბათს აშშ-ში საყოველთაო არჩევნები ტარდება, რა დროსაც თითო შტატი ე.წ. ამომრჩეველთა კოლეგიას ირჩევს. ეს კოლეგია აერთიანებს შტატის ყველაზე საპატიო, გავლენიან და ცნობილ ადამიანებს. სწორედ ის წყვეტს, ვინ გახდება აშშ-ის პრეზიდენტი.

დეკემბრის მეორე ოთხშაბათის შემდეგ, პირველ ორშაბათს ამომრჩეველთა კოლეგია ხმას აძლევს პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის კანდიდატურებს, 6 იანვარს კი, კონგრესის სხდომაზე ხმების დათვლის პროცედურა ტარდება. გამარჯვებული ის კანდიდატია, რომელმაც კოლეგიის წევრთა 50%+1 ხმა დააგროვა.

აშშ-ის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონია 2017 წლის 20 იანვარს ჩატარდება, რა დროსაც შტატების რიგით 45-ე პრეზიდენტი უფლებამოსილების შესრულებას ოფიციალურად შეუდგება.

myquiz