რატომ გაწევრიანდება მონტენეგრო NATO-ში საქართველოზე ადრე | Allnews.Ge

რატომ გაწევრიანდება მონტენეგრო NATO-ში საქართველოზე ადრე

მონტენეგრო ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებში მიიწვიეს. ქვეყანა NATO-ს 29-ე წევრი გახდება. საინტერესოა, რა გზა გაიარა მონტენეგრომ ალიანსამდე და რა უპირატესობები აქვს მას საქართველოსთან შედარებით.

ევროატლანტიკურ საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე, არჩილ ყარაულაშვილი აღნიშნავს, რომ NATO-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ მონტენეგროს ალიანსში მიწვევისთვის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ ფაქტს, რომ ალიანსი ერთგულია ღია კარის პოლიტიკის მიმართ. მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც ხორვატია და ალბანეთი NATO-ში მიიღეს, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი აღარ გაფართოებულა. მონტენეგროს გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებში მიწვევა ადასტურებს, რომ NATO აგრძელებს გაფართოების პროცესს, საქართველო კი ერთ-ერთი ასპირანტი ქვეყანაა.

შეკითხვაზე, თუ რა უპირატესობა აქვს მონტენეგროს საქართველოსთან შედარებით, არჩილ ყარაულაშვილი გვპასუხობს, რომ მონტენეგროს განსაკუთრებული არაფერი გაუკეთებია:

"მონტენეგროს განსაკუთრებული არაფერი გაუკეთებია, საქართველოსთან შედარებით. უბრალოდ, ეს პროცესი უფრო ადრე დაიწყო, ამ ქვეყანამ 2009 წელს მიიღო გაწევრიანების სამოქმედო გეგმა, ე.წ. "მაპი", შემდეგ ახორციელებდა რეფორმებს სხვადასხვა სფეროებში, მათ შორის დემოკრატიული განვითარების კუთხით, სასამართლო ხელისუფლების კუთხით, სამხედრო მშენებლობის კუთხით, თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების კუთხით, NATO-ს სტანადარტების დანერგვის კუთხით თავდაცვის სფეროში და მიაღწია იმ ზღვარს, როდესაც შესაძლებელი გახდა ამ ქვეყნის გაწევრიანება. თუმცა ამავე დროს, კომუნიკე, რომელიც ბოლო მინისტერიალმა მიიღო, ცალსახად აღნიშნავს, რომ მონტენეგროსაც დარჩენილი აქვს გარკვეული შესასრულებელი მიმართულებები. იქ არის საუბარი, რომ მან რეფორმები უნდა გააძლიეროს როგორც ვარშავის სამიტამდე, ასევე ვარშავის სამიტის შემდეგ. ზოგადად, შეფასება რეფორმების კუთხით, საქართველოს უფრო კარგი აქვს, ვიდრე მონტენეგროს - მონტენეგრო საქართველოზე წინ არ იყო", - ამბობს არჩილ ყარაულაშვილი.

უნივერსიტეტ "ჯიპას" პროფესორი თორნიკე შარაშენიძე საქართველოს გეოგრაფიულ მდებარეობაზე ამახვილებს ყურადღებას: "საერთაშორისო ურთიერთობებში გეოგრაფია დიდ როლს თამაშობს. მითხარი ვინ არის შენი მეზობელი და გეტყვი, ვინ ხარ შენ - შეგვიძლია ასე ვთქვათ. ჩვენი მეზობელი არის რუსეთი. მის მაგივრად რომ იყოს კანადა ან საფრანგეთი, ბუნებრივია, ჩვენ ვიქნებოდით უფრო განვითარებული და უფრო დემოკრატიული სახელმწიფო. სხვა ყველაფერთან ერთად, რუსეთის ცუდი გავლენა იმაშიც იგრძნობა, რომ ალიანსში ჩვენი მიღება გაცილებით უფრო პრობლემატური თემაა NATO-სთვის, ვიდრე მონტენეგროსი. მონტენეგროს გეოგრაფიაც კი, რომელიც ბალკანეთზეა, სადაც არც თუ ისე დიდი ხნის წინ დიდი ომები იყო, ყოფილი იუგოსლავიის დაშლის გამო, ნაკლებად პრობლემატურია, ვიდრე ჩვენი. NAთO ამ ეტაპზე გადართულია თავისი წევრი სახელმწიფოების დაცვაზე", - აღნიშნავს თორნიკე შარაშენიძე.

მისივე თქმით, კიდევ ერთი მიზეზი, რაც საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას უშლის ხელს, ქართული მხარის არასწორი მუშაობაა:

"სწორად არ ვმუშაობთ, სულ ველაპარაკებით ბრიუსელში NATO-ს შტაბ-ბინას. ეს არის, რეალურად, NATO-ს აპარატი. გაცილებით მეტი სამუშაო დედაქალაქებშია: პარიზი, ბერლინი - პრობლემატური სახელმწიფოების დედაქალაქები. ასევე, სამწუხაროდ, ბოლო კომუნიკეში გაჩნდა ასეთი ჩანაწერი, რომ საქართველოში მედიის თავისუფლება იზღუდება. ნურავინ იფიქრებს, რომ ჩვენ "რუსთავი2"-ის საქმის არსებობის გამო არ მოგვცეს "მაპი", მაგრამ "რუსთავი2"-ის საქმე სკეპტიკოს სახელმწიფოებს მისცემს საბაბს, თქვან, რომ საქართველოს "მაპს" ვერ მისცემენ, რადგან საქართველოში დემოკრატია ვერ ჩამოყალიბდა. ეს სერიოზული პრობლემაა", - ამბობს თორნიკე შარაშენიძე.

მისივე ინფორმაციით, მალე საქართველოს შესაძლოა, კარგი შესაძლებლობა მიეცეს, რაც რუსეთის კიდევ უფრო დასუსტებით გაჩნდება: "რუსეთი არის ძალიან არაპროგნოზირებადი პუტინის ხელში. შეიძლება ის მალე გაეხვეს კიდევ უფრო დიდ შარში და დასუსტდეს სერიოზულად, მაშინ ჩვენ გვაქვს კარგი შანსი. მაგრამ ამ შანსს უნდა შევხვდეთ მომზადებულები", - აღნიშნავს თორნიკე შარაშენიძე.

თამარ კორკოტაშვილი

myquiz