როგორ აისახება ევროპაში არსებული კრიზისი საქართველოზე | Allnews.Ge

როგორ აისახება ევროპაში არსებული კრიზისი საქართველოზე

ევროპა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე მასშტაბურ მიგრაციულ კრიზისს ებრძვის. მიგრანტების ნაკადის შესაჩერებლად შენგენის ზონის რიგმა ქვეყანამ უპრეცედენტო ნაბიჯი გადადგა და დროებითი სასაზღვრო კონტროლი დააწესა. შექმნილი ვითარების გამო ბოლო პერიოდში ხშირად ისმის შეკითხვა - დგას თუ არა შენგენის ზონა დაშლის საფრთხის წინაშე? ამის პარალელურად უშუალოდ საქართველოში იმატა ინტერესმა, მოახდენს თუ არა არსებული კრიზისი გავლენას ევროკავშირისა და ჩვენი ქვეყნის ურთიერთობებზე? "ინტერპრესნიუსი" ბოლო პერიოდის აქტუალურ კითხვებზე პასუხის მიღებას ევროკავშირში საქართველოს ყოფილი ელჩის, სალომე სამადაშვილისგან შეეცადა...

- ევროპაში მიგრაციულ კრიზისს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე მასშტაბურს უწოდებენ. როგორ ფიქრობთ, რამდენად მომზადებული შეხვდა დასავლეთი კრიზისს და რამდენად ახერხებს მასთან გამკლავებას?

- ეს კრიზისი მართლაც ძალიან სერიოზულია. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ თუ არა, ბალკანეთის ომების მერე ამ რაოდენობით მიგრანტებისა და ლტოლვილების ნაკადი ევროპაში არ ყოფილა. სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ და ამას თვითონ ევროპელებიც არ მალავენ, რომ ისინი კრიზისს მოუმზადებლები შეხვდნენ.

აღმოჩნდა, რომ "ფრონტექსი", ანუ ევროკავშირის ერთიანი საზღვარი არ იყო გამაგრებული ადეკვატური აღჭურვილობით თუ ადამიანური რესურსით. აღმოჩნდა, რომ საერთო პოლიტიკა ლტოლვილებთან მიმართებაში არ არსებობდა, რის გამოც ამ მიმართულებით ევროპული პოლიტიკის კოორდინაციაში ძალიან დიდი ჩავარდნა შეინიშნებოდა.

კრიზისზე ფიქრი უნდა დაწყებულიყო მაშინ, როდესაც ლტოლვილების ერთ-ერთი ძირითადი გამტარი პუნქტი ლიბია ჩამოიშალა, სადაც მეც ვმუშაობდი. სამწუხაროდ, ვერ მოხდა დროულად იმის გათვლა, რომ კადაფის რეჟიმის დაცემის შემდეგ ლიბიის, როგორც უკონტროლო ტერიტორიის გავლით უცებ გაიზარდა ლტოლვილთა ნაკადი ევროკავშირის მიმართულებით.

- მიგრაციული კრიზისის დაწყების შემდეგ შენგენის ზონის რიგმა ქვეყანამ სასაზღვრო კონტროლი დააწესა, ევროპელი მაღალჩინოსნები კი სულ უფრო ხშირად საუბრობენ შენგენის ზონის წინაშე არსებულ საფრთხეებზე. რა საფრთხეები ემუქრება შენგენის ზონას?

- შენგენის ზონის მთავარი პრივილეგია არის ის, რომ ევროკავშირის მოქალაქეები ყოველგვარი შემოწმების გარეშე, თავისუფლად გადაადგილდებიან. ახლა კი ევროპარლამენტი განიხილავს საკანონმდებლო ინიციატივას, რომლითაც ახლებურად დარეგულირდება შენგენის ზონაში გადადგილების წესები, რაც ნიშნავს, რომ შეიძლება მოხდეს ნებისმიერი ადამიანის საბუთების შემოწმება და გადამოწმება ცენტრალურ მონაცემთა ბაზაში ანუ კედლები შეიძლება არ იმართება, მაგრამ შენგენის ზონაში გადაადგილების გამკაცრება აშკარად იგეგმება.

- რამდენად რეალურია შენგენის ზონის დაშლა?

- არა მგონია ეს მოხდეს, მიუხედავად იმისა, რომ ევროპაში სხვადასხვა სახის პრობლემა არსებობს. პირველი ეს არის მიგრანტების პრობლემა და ამის დასარეგულირებლად ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის აუცილებელია უკეთესი კოორდინაცია. მათ უნდა ჰქონდეთ ერთიანი პოლიტიკა მიგრანტების გადანაწილების და "ათვისების" კუთხით. მართალია, ევროპაში ძალიან ბევრი მიგრანტია, მაგრამ მათი საერთო რაოდენობა ევროპის მოსახლეობის 0,2 %-ს არ აღემატება. მეორე - უნდა დარეგულირდეს საკითხები ისეთ ქვეყნებთან, როგორებიცაა თურქეთი, იორდანია და სხვა, სადაც მიგრანტები პირველად იყრიან თავს და შემდეგ გადმოედინებიან ევროკავშირში. ასე რომ, ეს პრობლემა შენგენის ზონასთან კავშირში არ არის. შენგენის ზონასთან პირდაპირი კავშირი არ აქვს არც ტერორიზმის პრობლემას. მაგალითად, ბევრ ისლამისტ ფუნდამენტალისტს ევროკავშირის პასპორტი აქვს.

ამის მიუხედავად, ფაქტია, რომ სიტუაცია მოითხოვს უკეთეს კოორდინაციას სამართალდამცავ ორგანოებსა და კონტრდაზვერვის სამსახურებს შორის.

- უნდა ველოდოთ თუ არა, რომ შიდა პრობლემების ფონზე საქართველოსთან უვიზო რეჟიმის დაწესებასთან დაკავშირებით ევროკავშირის გადაწყვეტილება შესაძლოა შეყოვნდეს?

- მთავარია, როგორ აფასებენ ევროკავშირის ქვეყნები საქართველოში არსებულ სიტუაციას, რამდენად ენდობიან ჩვენს სასაზღვრო დაცვის სისტემას, შინაგანი წესრიგის დამცავი ორგანოების მუშაობას და რამდენად სანდოა მათთვის ჩვენი დოკუმენტების უსაფრთხოება. თუ ევროპისგან ამ საკითხებზე დამაკმაყოფილებელი პასუხები იარსებებს, მაშინ საქართველოს მოქალაქეები ევროპისთვის სერიოზული მიგრაციის საფრთხედ არ იქნებიან შეფასებულნი.

- თქვენ ტერორიზმი ახსენეთ. გავრცელებულია მოსაზრება, რომ ევროპაში მიგრანტების სტატუსით შესაძლოა ტერორისტები ჩავიდნენ. როგორ ფიქრობთ, რამდენად ეფექტური და ადეკვატურია ევროპის უსაფრთხოების სისტემა?

- უნდა გვახსოვდეს, რომ ევროკავშირი შეიქმნა როგორც ეკონომიკური პროექტი. მიუხედავად იმისა, რომ გასული ათწლეულების განმავლობაში ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის კავშირები გაღრმავდა, ევროკავშირის ერთიანი უსაფრთხოების პოლიტიკა ვერ ჩამოყალიბდა და ვერ განვითარდა, მაგრამ ეს იცვლება. მართალია, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების უმეტესი ნაწილი ამავე დროს ნატო-ს წევრი ქვეყანაა და მათ კარგად დაინახეს (განსაკუთრებით პარიზის ტერაქტების შემდეგ), რომ ევროკავშირს სჭირდება უსაფრთხოების საკუთარი, მძლავრი პოლიტიკა.

ალბათ გახსოვთ, როდესაც საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი, ტერორისტული თავდასხმების შემდგომ სენატში გამოვიდა, მან ნატო-ს წესდების მეხუთე მუხლის ამოქმედება კი არ მოითხოვა, არამედ გამოიყენა ევროკავშირის ხელშეკრულების შესაბამისი მუხლი, რომელიც ითვალისწინებს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობას, როდესაც ერთ-ერთ მათგანზე ხორციელდება თავდასხმა.

ვფიქრობ, ეს იყო განაცხადი, რომ ევროკავშირმა უნდა შექმნას რეალური პოლიტიკა თავდაცვისა და უშიშროების სფეროში და ეს იგეგმება კიდეც მიმდინარე წლის ივნისში, როდესაც ევროკავშირს უნდა წარედგინოს პირველადი დოკუმენტი რეკომენდაციებით, თუ როგორ უნდა შეიცვალოს ევროკავშირის ერთიანი უსაფრთხოების პოლიტიკა მისი გაძლიერების მიზნით.

- არსებობს თუ არა საშიშროება, რომ ევროკავშირი ახალი გამოწვევების ფონზე, პარტნიორების მიმართ ყურადღებას შეასუსტებს? რა უნდა გააკეთოს საქართველომ ამის ასაცილებლად?

- დღეს ჩვენს ქვეყანას ევროკავშირთან თანამშრომლობის საკმაოდ სერიოზული ფორმატები აქვს, შეიძლება ითქვას, ჩვენ გვაქვს მაქსიმალური ბენეფიტი, რაც შეიძლება მიიღოს არაწევრმა სახელმწიფომ. ესენია ასოცირების და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები. ამ ხელშეკრულებებს სჭირდება ათვისება და ეს ჩვენი გასაკეთებელი საქმეა. ვფიქრობ, ჩვენ უნდა გვქონდეს ადეკვატური მოლოდინები როგორც ჩვენი თავისგან, ისე ევროკავშირისგან. ევროპაში დღეს ძალიან ბევრი გამოწვევაა, მაგრამ მიუხედავად ამისა, არ უნდა მოვიტყუოთ თავი, რომ ამით ევროკავშირთან თანამშრომლობის ჩვენი პერსპექტივა დამძიმდა.

მაგრამ ახლა ევროპისთვის წინა პლანზე ახლო აღმოსავლეთი და უკრაინა დგას. საქართველო დასავლეთის დღის წესრიგში თითქმის არ ფიგურირებს... ამის მიზეზია ის, რომ სამწუხაროდ, დღეს ქვეყანას აქტიური საგარეო პოლიტიკა არა აქვს. საქართველოს დიპლომატიური სამსახური ფაქტობრივად აღარ არსებობს, ის დანგრეული და განადგურებულია. შესაბამისად, საერთაშორისო ასპარეზზე საქართველო აღარ ფიგურირებს.

თუმცა ევროპის მხრიდან დაინტერესება საქართველოს მიმართ ძალიან დიდია, რადგან ის ერთადერთი ქვეყანაა რეგიონში, რომელსაც შეუძლია შექმნას ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის წარმატების მოდელი. საქართველოს აქვს უნიკალური შესაძლებლობა, გახდეს მაგალითი, თუ რამდენად წარმატებული შეიძლება იყოს ევროპის თანამშრომლობის ფორმატი მესამე ქვეყნებთან, რომლებიც გაწევრიანების კანდიდატები დღეს არ არიან. მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენზე აღარსად ლაპარაკობენ, დასავლურ პრესას თუ გადახედავთ, ჩვენზე კარგი არაფერი იწერება. ჩვენი ქვეყანა რადარებიდანაა გამქრალი და ეს ჩვენი მთავრობის არაადეკვატური მუშაობის შედეგია.

- აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ კონგრესისადმი მიმართვისას ახსენა უკრაინა, მაგრამ არ უსაუბრია საქართველოზე. როგორ ფიქრობთ, რა არის ამის მიზეზი?

- თუ გავიხსენებთ ჩვენი ქვეყნის მიმართ აშშ-ის პოლიტიკას გასული 10-15 წლის განმავლობაში, საქართველოს ნიშა და პრივილეგია იყო, რომ ის წარმატებული დემოკრატიული განვითარების მაგალითი იყო რეგიონში, მითუმეტეს რომ ჩვენ ასეთი მძიმე სამეზობლო და რეგიონი გვაქვს. სამწუხაროდ, ეს ფუნქცია თუ პრივილეგია ჩვენმა ქვეყანამ დაკარგა, რადგან დღეს საქართველო არის ქვეყანა, სადაც არიან პოლიტიკური ნიშნით დაკავებული პირები, რაც საერთაშორისოდაა აღიარებული, ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ფორმალური პოლიტიკური მმართველობის სისტემა გადავიდა არაფორმალურ რელსებზე, ფაქტობრივად, ჩვენი ქვეყანა საკონსტიტუციო ჩარჩოებს გარეთაა გასული. შესაბამისად, დღეს საქართველო აღარავისთვის აღარაა საინტერესო, ის ერთი გაურკვეველი პოლიტიკური სისტემის, გაურკვეველი მომავლის მქონე პოსტსაბჭოთა ქვეყნად ჩამოყალიბდა.

- საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი თუ არის თქვენთვის გარკვეული? თუ ამ კუთხითაც კითხვები გაქვთ?

- ჩვენ გვარწმუნებენ, რომ ორიენტაციის შეცვლა არ ხდება და ამ საკითხზე საუბარი გადაჭარბებულია. ამას განსაკუთრებით მას შემდეგ ამტკიცებენ, რაც ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის კუთხით გარკვეული პროგრესი მივიღეთ, მაგრამ უვიზო მიმოსვლა ევროპასთან უნდა ყველა სახელმწიფოს, მათ შორის ამისთვის რუსეთიც დიდი ხანია იღწვის. რეალურად, ჩვენ ამის პარალელურად ვხედავთ, რომ საქართველოს ხელისუფლება აწარმოებს სრულიად გაურკვეველ მოლაპარაკებებს რუსეთის მთავარი პოლიტიკური გავლენის ისეთ იარაღთან, როგორიცაა "გაზპრომი". ამას ემატება ისიც, რომ ჩვენი ქვეყანა სულ უფრო და უფრო ნაკლებად არის წარმოდგენილი დასავლეთის პოლიტიკურ დღის წესრიგში, რაც უკვე აღვნიშნე. ვხედავთ იმასაც, რომ ქვეყნის პოლიტიკური სისტემა ვითარდება იმ მიმართულებით, რომელიც უკვე კითხვის ნიშნებს ბადებს. არის თუ არა საქართველო დღეს დემოკრატიული ქვეყანა, ეს უკვე სადავო საკითხია. ქვეყანაში მთლიანად აქვს გახსნილი ხელები რუსულ ინტერესებს, როგორც საინფორმაციო ომში, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით და სხვა.

- რამდენად მოსალოდნელია, რომ რუსეთი ევროპაში არსებული ვითარებით ისარგებლებს?

- რუსეთი მუდმივად მოიაზრებს ევროპას, როგორც მოწინააღმდეგე ბანაკს. რაც უფრო მძიმე ვითარება და მეტი პრობლემაა იქ, მოსკოვი მით უფრო კმაყოფილია.

ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთის ეკონომიკა საკმაოდ მძიმე ვითარებაშია და ის სანქციები, რომლებიც ევროკავშირმა დაუწესა, მისთვის საკმაოდ დამაზიანებელი აღმოჩნდა. ამიტომ, რა თქმა უნდა, რუსეთს ძალიან დიდი იმედი აქვს, რომ თუკი ვითარება უფრო გართულდება, ამ პოლიტიკის გადახედვა მოხდება. მაგრამ დასავლეთის პოლიტიკა რჩება საკმაოდ პრინციპული. დასავლეთმა მკაცრად აუხსნა რუსეთს, რომ უკრაინისა და ახლო აღმოსავლეთის საკითხი გამიჯნულია და ამ თვალსაზრისით არანაირი გარიგება არ იქნება.

- თქვენი, როგორც ევროკავშირში საქართველოს ყოფილი ელჩის შეფასებით, რამდენად ეფექტურად მოქმედებს საქართველო ახალი რეალიების პირობებში?

- საქართველოს მთავრობა საერთოდ არ მოქმედებს არანაირ არეალზე. საქართველოს მთავრობა ოროსან მოსწავლეს მაგონებს, რომელიც ელოდება, მასწავლებელი როდის დაუღეჭავს და ჩაუდებს პირში დავალებას. დღეს საქართველოს დასავლურ ასპარეზზე აქტიური პოლიტიკა, როგორც ასეთი, არ გააჩნია. საქართველო დღეს არ აყენებს არანაირ საკითხს - ერთადერთი, მისთვის მეტნაკლებად მნიშვნელოვანია სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის თემა, თუმცა ისიც იმიტომ, რომ ამ კუთხით ძალიან დიდია თავად მოსახლეობის დაინტერესება. მთავრობა მიხვდა, რომ თუ ეს საკითხი ჩავარდება, ამას ძალიან დიდი სოციალური აფეთქება მოყვება.

სხვა კუთხით დღეს ქვეყანას არანირი პოლიტიკა და ხედვა არა აქვს, მიუხედავად იმისა, რომ ევროპელმა კოლეგებმა საქართველოს ხელისუფლებას არაერთხელ მიმართეს, წარუდგინოს საკუთარი ხედვა სხვადასხვა მიმართულებით, თუნდაც თავისუფალი ვაჭრობის კუთხით - როგორ უნდა აითვისონ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ევროპასთან, რომ ეკონომიკური დოვლათი შეიქმნას ქვეყნისთვის. ევროპელი კოლეგები ამ შეკითხვებზე პასუხს ვერ იღებენ, რადგან პასუხის გასაცემად შესაბამისი კომპეტენციაა საჭირო, რაც, სამწუხაროდ, დღეს ჩვენს ხელისუფლებას არ გააჩნია.

myquiz