რატომ არის შუადღის მოკლე ძილი სასარგებლო ჯანმრთელობისთვის - ყველა დეტალი რუტინაზე, რომელიც ტვინს მოცულობაში ზრდის
-
კვლევები აჩვენებს, რომ შუადღის მოკლე ძილი შესაძლოა ჯანმრთელობისთვის სასარგებლო იყოს.
-
დღის ძილი მრავალ კულტურაში ჩვეულებრივი პრაქტიკაა. ესპანეთში გავრცელებულია სიესტა, იაპონიაში კი ზოგ თანამშრომელს ლანჩის დროს ჩაძინების უფლებაც აქვს.
-
რეგულარული მოკლე დღის ძილი დადებითად მოქმედებს ტვინის ჯანმრთელობაზე.
ბევრი ადამიანი უარს ამბობს დღის ძილზე, რადგან ფიქრობს, რომ ღამე სრულფასოვანი ძილი არ ექნება, თუმცა კვლევები აჩვენებს, რომ შუადღის მოკლე ძილი შესაძლოა ჯანმრთელობისთვის სასარგებლო იყოს.
დღის ძილი მრავალ კულტურაში ჩვეულებრივი პრაქტიკაა. ესპანეთში გავრცელებულია სიესტა, იაპონიაში კი ზოგ თანამშრომელს ლანჩის დროს ჩაძინების უფლებაც აქვს. მსოფლიოს დიდ ტექნოლოგიურ კომპანიებში თანამშრომლებისთვის სპეციალური ძილის კაფსულებიც კი არსებობს.
BBC Future-ის მიხედვით, რეგულარული შუადღის წაძინება დადებითად მოქმედებს ტვინის ჯანმრთელობაზე. 2023 წელს ლონდონის უნივერსიტეტის კოლეჯისა და ურუგვაის რესპუბლიკის უნივერსიტეტის მკვლევრებმა დაადგინეს, რომ დღის ძილი ტვინის მოცულობის შენარჩუნებას უწყობს ხელს და მის დაბერებას 3–6 წლით აჭიანურებს.
კვლევაში მონაწილეობდა 40-დან 69 წლამდე ასაკის 35 ათასი ადამიანი. მათ, ვინც შუადღით კვირაში რამდენჯერმე იძინებდა, ტვინის მოცულობა საშუალოდ 15 კუბური სანტიმეტრით მეტი ჰქონდათ, ვიდრე მათ - ვინც დღის ძილს არ მიმართავდა.
-
მეცნიერების თქმით, ტვინის მცირე მოცულობა დაკავშირებულია სტრესთან, ძილის აპნოესთან, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებთან, ალცჰაიმერთან და ვასკულარულ დემენციასთან. ამიტომ ტვინის მოცულობის შენარჩუნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
მოკლე, 5–15 წუთიანი ძილი ასევე აუმჯობესებს კონცენტრაციას, რეაქციის სიჩქარესა და განწყობას. ეს ეფექტი გაღვიძებიდან რამდენიმე საათის განმავლობაში ნარჩუნდება. სწორედ ამიტომ დღის ძილი აქტიურად გამოიყენება სპორტშიც - ელიტური სპორტსმენები მას ყოველდღიურ რუტინაში რთავენ.
სპეციალისტები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ დღის ძილმა არ უნდა ჩაანაცვლოს სრულფასოვანი ღამის ძილი.
- საუკეთესო დრო და ხანგრძლივობა
ექსპერტების რეკომენდაციით, საუკეთესო დრო დღის ძილისთვის 14:00-დან 16:00 საათამდეა, ხოლო ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 20 წუთს. უფრო ხანგრძლივმა ძილმა შესაძლოა გამოიწვიოს მოდუნება და დეზორიენტაცია, რაც ე.წ. „ძილის ინერციად“ არის ცნობილი.
სპეციალისტების შეფასებით, დღის ძილი ყველაზე ეფექტურია მაშინ, როცა ის მოკლეა და ცხოვრების სტილის ნაწილად იქცევა.